STEM-ის პროფესიონალი მომავალი პროფესიონალების მხარდასაჭერად

„STEM-ის მომავალი პროფესიონალი“ თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის საგრანტო კონკურსია, რომლის ფარგლებშიც კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამორჩეული ხედვებისა და მიზნების მქონე გოგო სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წელს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაუფინანსდება.

Ladies Who Tech Convention, Shanghai 2018

„ქალების დიდი ნაწილის პოტენციალი დიდი ხნის განმავლობაში იკარგებოდა. მგონი, უკვე კარგა ხანია დადგა დრო და საჭიროება ეს რეალობა შეიცვალოს.“– ასე იწყებს საუბარს თამარ მენთეშაშვილი, რომელმაც ქართველ STEM სფეროში მოღვაწე გოგონებს ახალი შანსი მისცა და მათ ცხოვრებაში ახალი, საინტერესო გამოწვევები გააჩინა.

გრანტის იდეა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, როდესაც პროფესიული მიმართულება შეიცვალა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაინაცვლა. თამარ მენთეშაშვილის წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა საქმიანობის სფერო ედინბურგის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას შეიცვალა. საბანკო სამართლისა და ფინანსების სწავლისას აღმოაჩინა მისთვის სრულიად ახალი – დეცენტრალიზებული ტექნოლოგიებისა და კრიპტოსამყაროს სფერო. ამის შემდეგ კი სწავლა ჩინეთში გააგრძელა, რადგან ეს სექტორი ყველაზე მეტად სწორედ ჩინეთში იყო განვითარებული. 2019 წელს Forbes 30 Under 30-შიც მოხვდა ტექნოლოგიების მიმართულებით და ხმამაღლა საუბრობს გენდერულ დისბალანსზე ამ სფეროში:

„დღესაც მახსოვს როგორ დავდიოდი კონფერენციებზე ჩინეთში 4 წლის წინ და მხვდებოდა მხოლოდ 2-3 ქალი 300-400 კაციან ღონისძიებებზე. წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი ამ დისბალანსის გადასაჭრელად. 2020 წელს თუ გადავხედავთ Fortune500 კომპანიებს, მათ მხოლოდ 7.4%-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობს ქალი CEO.“

MACS-ის სტუდენტი გოგონას სწავლის დაფინანსების ინიციატივა მის რეალობაში დანახული ნაპრალიდან და გამოცდილებიდან ჩათვალა მნიშვნელოვნად. ფიქრობს, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა და კახა ბენდუქიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშეს მისი ცხოვრების მიმართულების განსაზღვრაში და ახლა უკვე მზადაა, ალუმნი ფონდის მეშვეობით თვითონაც დაეხმაროს სხვა გოგონებს. ამ დარგებში ჯერ კიდევ დიდი დოზით არსებობს გენდერული დისბალანსი. ქალები STEM-ის მიმართულებით დასაქმებულთა მხოლოდ 28%-ს წარმოადგენენ. შესაბამისად, განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო გოგოების დაინტერესებასა და მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფაში.

საქართველოში ქალები მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ (52%) და მათი დაბალი ჩართულობით ამ მიმართულების საქმიანობაში ქვეყნის განვითარების საერთო ტემპი შესამჩნევად წამგებიან პოზიციაშია. ფიქრობს, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს, რომელსაც ადრეული ეტაპიდანვე სჭირდება ინფორმირებულობასა და ინკლუზიურობაზე ორიენტირებული მიდგომა.

„ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი სტერეოტიპია STEM მიმართულების გარშემო, რომელიც უკვე პატარა ასაკიდან უკარგავს ყველანაირ მოტივაციას გოგოს, რომ ამ მიმართულებით აირჩიოს განათლების მიღება და კიდევ უფრო ნაკლებ ადამიანს აძლევს საშუალებას, მომავალში დასაქმდეს STEM-ში.“

STEM სფეროში მოღვაწე ქალების ყველაზე დიდ პრობლემებად ფინანსური სახსრების უქონლობას, STEM მიმართულებით ქალი მენტორებისა და წარმატებული მაგალითების ნაკლებობას და სამუშაო გარემოს მიიჩნევს, რომელიც უმრავლესად დაკომპლექტებულია მამაკაცებითა და სტერეოტიპებით „ტექნოლოგიები კაცების საქმეა“. ეს პრობლემები პირდაპირ გავლენას ახდენს გოგონათა პროდუქტიულობასა და თავდაჯერებულობაზე.

იმისთვის, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა გოგონებს ხელი არ შეუშალონ და მომავალი კარიერა STEM მიმართულებით განაგრძონ საჭიროა გოგონების გაძლიერება, ზოგადი განათლების ხელშეწყობა და ინფორმირებულობა, რადგან სწორედ ეს უყალიბებს მათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რწმენას.

საგრანტო კონკურსი MACS-ის სკოლის სტუდენტ გოგონებს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ რამდენად სწორი მიმართულება აქვთ არჩეული. საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სპეციალისტებად ქალების დასაქმება წლიდან წლამდე იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ სექტორებში იქმნება ბევრი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილი. „STEM-ის მომავალი პროფესიონალის“ შესახებ ალუმნი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი დოლიძეც გვესაუბრა:

„საგრანტო კონკურსი გამარჯვებულს მისცემს შესაძლებლობას 2020-2021 სასწავლო წელი სრულყოფილად დაუთმოს თავისუფალ უნივერსიტეტში MACS-ის სკოლაში საკუთარი თავის განვითარებას. თუმცა, გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მონაწილეებისთვის ძალიან კარგი იქნება თამართან, გრანტის ინიციატორთან ურთიერთობა და მისი გამოცდილების გაზიარება, რადგან იგი უკვე წლებია წარმატებულად საქმიანობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში და დიდი სურვილი აქვს ხელი შეუწყოს ქართველი გოგონების STEM-ის სფეროში ჩართულობას და გზის გაკვლევას.“

საგრანტო კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება უკვე დასრულდა, STEM მიმართულების 21 სტუდენტი გოგონა უკვე გასაუბრებისთვის ემზადება.