ფეისბუქი უკრაინაში ფაქტჩექინგს იწყებს

ფეისბუქი უკრაინაში მესამე მხარის მიერ ფაქტების შემოწმების პროგრამას იწყებს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სოციალური ქსელი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა „ფაქტჩეკერთან“ თანამშრომლობს, რომლებიც კონტენტის სიზუსტეს ამოწმებენ და აფასებენ.

უკრაინაში ფეისბუქი აანონსებს VoxChek-სა და StopFake-თან თანამშრომლობას, რომლებიც აღიარებულნი არიან არაპარტიული საერთაშორისო ფაქტების შემმოწმებელი ქსელის მიერ. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როცა ფაქტჩექერი ამბავს ტყუილად შეაფასებს, ის სიახლეებში ქვემოთ ჩამოდის და, შესაბამისად, მცირდება მისი გავრცელებაც.

გვერდები და დომეინები, რომლებიც ხშირად აზიარებენ ყალბ ამბებს, ნახავენ, რომ მათი გავრცელება შემცირებულია, ხოლო ფულის გამომუშავების და რეკლამირების შესაძლებლობა – გაუქმებული. ხოლო როცა პოსტს ეძლევა შეფასება „ყალბი“, ადამიანები, რომლებიც ხედავენ მას ან ცდილობენ გაზიარებას, იღებენ გაფრთხილებას, რომ პოსტმა ასეთი შეფასება მიიღო.

ეს პროგრამა ემყარება ფეისბუქის სამნაწილიან სამუშაო ჩარჩოს და მიზნად ისახავს სიახლეების სიაში ამბების ხარისხისა და ავთენტურობის გაუმჯობესებას. ფეისბუქი შლის იმ ანგარიშებს და კონტენტს, რომელიც არღვევს მის საზოგადოების სტანდარტებს ან სარეკლამო პოლიტიკას, ამცირებს ყალბი ამბების და არაავთენტური კონტენტის გავრცელებას და ხალხს ინფორმაციას აძლევს პოსტებთან დაკავშირებით მეტი კონტექსტის მიწოდებით.

ფეისბუქის ამ საქმიანობის ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გასულ წელს საქართველოში კომპანიის მიერ 386 ანგარიში დაიბლოკა კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც მედია და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება.“

თუმცა, უკრაინის პარტნიორობას შერჩეულ ფაქტჩექრებთან ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს. ახალი ამბების კორესპონდენტი, ქრისტოფერ მილერი, ტვიტერზე ამ სიახლეს ეხმაურება და წერს, რომ თეორიულად ეს კარგია, მაგრამ ერთ-ერთი პარტნიორი StopFake, მაინც გახდება განხილვის საკითხი და პრაქტიკაში ეს, შესაძლოა, საყურადღებო აღმოჩნდეს.

მეთიუ შააფი, Freedom House-ის უკრაინის ოფისის დირექტორი კი ტვიტერზე წერს:

„ფეისბუკი დეზინფორმაციის საწინააღმდეგო პარტნიორებს უკრაინაში ირჩევს, ნაწილობრივ, International Fact-Checking Network-ის შეფასებების საფუძველზე. სამწუხაროდ, “შეფასება” მხოლოდ ერთი ადამიანის მიერაა ჩატარებული, რომელიც ასევე უკრაინიდანაა. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ და სრულფასოვან შეფასებად.“

ცნობისთვის, ფეისბუქს გლობალურ დონეზე 55-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც 45 ენაზე ამოწმებენ ინფორმაციას და კომპანია ამ მხრივ ინვესტირებას აგრძელებს.