EY: როგორია მომხმარებელთა ქცევა პანდემიის პირობებში

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიამ EY გამოაქვეყნა Future Consumer Index, რომელიც საშუალებას იძლევა წინასწარ შეფასდეს მომხმარებელთა ქეცევა, პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში.

პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ქცევა შესაძლოა 4 კატეგორიად დაიყოს:

Save and Stockpile – 35%

ამ მიდგომის მომხმარებლებს პანდემიის მასშტაბები დიდად არ აწუხებთ, მათი ძირითადი სადარდებელი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაა. ამ ჯგუფის ქვეშ მოქცეულ მომხმარებლებს პესიმისტური მოლოდინი აქვთ პანდემიის გრძელვადიანი ეფექტების მიმართ.

ამ ჯგუფის მომხმარებლების 85%-მა გართობისა და დასვენების ხარჯები შეამცირა, 72%-მა კი შეამცირა დანახარჯები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. სურსათის შემთხვევაში, მომხმარებლების 36% უფრო მეტს ხარჯავს პანდემიის პირობებში, ხოლო 23% ნაკლებს.

Cut Deep – 27%

Cut Deep კატეგორია ძირითადად 45 წელს გადაცილებულ ადამიანებს აერთიანებს. ამ კატეგორიაში ის მომხმარებლები არიან გაერთიანებული, ვინც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა. აღნიშნული ჯგუფის მომხმარებლები ყველა მიმართულებით ამცირებენ ხარჯებს და სხვა კატეგორიებთან შედარებით, ყველაზე პესიმისტურად უყურებენ მომავალს.

ამ ჯგუფის მომხმარებლების 92%-მა გართობისა და დასვენების ხარჯები შეამცირა, 90%-მა შეამცირა დანახარჯები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. სურსათის შემთხვევაში, მომხმარებლების 33% უფრო მეტს ხარჯავს პანდემიის პირობებში, ხოლო 33% ნაკლებს.

Stay Calm, Carry On – 26%

EY ამ კატეგორიაში აერთიანებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც პანდემიით დიდად არ დაზარალებულან და შესაბამისად, საგრძნობლად არ ცვლიან თავიანთ ქცევას დანახარჯების თვალსაზრისით. ამ ჯგუფის მომხმარებლები ღელავენ სხვა ადამიანების მიერ პროდუქტების შეძენისა და დასაწყობების მასშტაბებზე.

ამ ჯგუფის მომხმარებლების 66%-მა გართობისა და დასვენების ხარჯები შეამცირა, 34%-მა შეამცირა დანახარჯები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. სურსათის შემთხვევაში, მომხმარებლების 21% უფრო მეტს ხარჯავს პანდემიის პირობებში, ხოლო 18% ნაკლებს.

Hibernate and Spend – 11%

Hibernate and Spend კატეგორია 18-44 წლის ადამიანებს აერთიანებს. ამ კატეგორიის მომხმარებლები ყველაზე მეტად ღელავენ პანდემიის ეფექტებზე, თუმცა, ამავდროულად, მის შედეგებთან გასამკლავებლად ყველაზე მეტად მომზადებულები სწორედ ამ ტიპის მომხმარებლები არიან. ისინი ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ხარჯავენ მეტ თანხას.

ამ ჯგუფის მომხმარებლების 24%-მა გართობისა და დასვენების ხარჯები გაზარდა, 20%-მა გაზარდა დანახარჯები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. სურსათის შემთხვევაში, მომხმარებლების 53% უფრო მეტს ხარჯავს პანდემიის პირობებში, ხოლო 26% ნაკლებს.