SURE – ევროკავშირმა €100 მილიარდიანი პროგრამა დაანონსა

კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური წნეხის შესამსუბუქებლად ევროკომისია €100 მილიარდიან პროგრამას იწყებს. ახალი ინიციატივა წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემთ სესხი ხელსაყრელ პირობებში აიღონ, რათა მოსახლეობა უმუშევრობასთან დაკავშირებული რისკებისგან დაიცვან.

„SURE“-ს ორი ძირითადი მიმართულება აქვს – დასაქმების დონის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილთათვის დახმარების გაწევა. ამ მიზნების მისაღწევად ევროკავშირის წევრებს მოკლევადიანი სამუშაო სქემები აქვთ შემუშავებული. ამ სქემების მიხედვით, კრიზისულ პერიოდში ფირმების მიერ შემცირებულ სამუშაო საათებს სახელმწიფო ანაზღაურებს. იგივე ვრცელდება თვითდასაქმებულებზეც, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს.

ევროკომისია თანხებს ფინანსურ ბაზრებზე მოიძიებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს საერთაშორისო კრედიტორებისგან ფული დაბალ პროცენტში ისესხოს.

€100 მილიარდიანი პროგრამა ერთ-ერთი კომპონენტია იმ მასშტაბური გეგმისა, რის განხორციელებასაც ევროკავშირი აპირებს. ევროპის ცენტრალურ ბანკს ეკონომიკის სტიმულირებისათვის დამატებით 750 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი აქვს დაანონსებული.