ევროკომისია ფეისბუქს, გუგლს, ტვიტერსა და სხვა კომპანიებს, რომელთაც „დეზინფორმაციის პრაქტიკის შესახებ ევროკავშირის კოდექსისთვის“ ხელი აქვთ მოწერილი, კორონავირუსის თემაზე გავრცელებული ყალბი ახალი ამბების შესახებ ანგარიშს ყოველთვიურად მოთხოვს, – ამის შესახებ ევროკომისიამ ათ ივნისს განაცხადა.
„ყოველთვიურ ანგარიშებში, პლატფორმებმა უნდა წარმოადგინონ კიდევ უფრო დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ უწყობენ ისინი ხელს ავტორიტეტული წყაროების გავრცელებას, თუ როგორ ამაღლებენ მომხმარებლების ცნობიერებას და თუ როგორ ებრძვიან კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და მის აფიშირებას“, – ვკითხულობთ ათ ივნისს გავრცელებულ კომუნიკეში.
„კორონავირუსის პანდემიის დროს გავრცელებულ დეზინფორმაციას, შეუძლია ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ჩვენი მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეები დავიცვათ, მათ ყალბ ინფორმაციაზე თვალი ავუხილოთ და ვამხილოთ ის პირებით, ვინც დეზინფორმაციაში არიან ჩართულნი. დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც მებრძოლები ხმლის მაგივრად კლავიატურით შეიარაღდებიან ხოლმე და, სადაც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების მიერ საზოგადოებრივი კონტროლისა და დეზინფორმაციული კამპანიების ჩატარება მიღებული პრაქტიკაა, ევროკავშირი აუცილებლად უნდა გააქტიურდეს“, – ამბობს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ ბორელი.
„დეზინფორმაციის პრაქტიკის შესახებ ევროკავშირის კოდექსი“ 2018 წელს, მკაცრი რეგულაციების საპირწონედ შეიქმნა. ეს ნებაყოფლობითი ხასიათის დოკუმენტია, რომლის ხელმომწერები ვალდებულნი არიან ევროკავშირთან ყალბი ახალი ამბების კუთხით ითანამშრომლონ და ამით დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩაერთონ.