ევროკავშირი ბელარუს ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებს

პარასკევს, ევროკავშირის ლიდერები საბოლოოდ შეთანხმდნენ ბელარუსის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებაზე. ევროკავშირი სანქციებს უწესებს ბელარუსის ათეულობით მაღალჩინოსანს, რომლებიც ბრალდებულნი არიან აგვისტოში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბებაში, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში.

შეგახსენებთ, რომ ორდღიან სამიტზე კვიპროსმა გადაწყვეტილება გააპროტესტა. აღნიშნულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ევროკავშირის იმიჯი შეარყია. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ევროკავშირზე ადრე დაუწესეს ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა ევროკავშირის დაგვიანებული რეაქცია. თუმცა, გუშინ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ თურქეთისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ის გააგრძელებს ცალმხრივ ქმედებებს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ დაიცვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესები.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ შევიდეს ძალაში, რაც ევროკავშირის ერთიანობას კვლავ დააადასტურებს.

დიდმა ბრიტანეთმა  და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოზეც გაავრცელეს სანქცია. შარლ მიშელის თქმით, ლუკაშენკო, ამჟამად, სანქციადაწესებულ პირებს შორის არ არის. მაგრამ ევროპის უკანასკნელ „დიქტატორად“ წოდებული პრეზიდენტი, შეიძლება, სამომავლოდ დაემატოს ჩამონათვალს.