საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ყალბ ფარმაცევტულ პროდუქციას ყიდდნენ

ყალბი ფარმაცევტული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვაში ეჭვმიტანილი პირების განაწილება ეროვნების მიხედვით. წყარო: ევროპოლი

ევროპოლის (ევროპის პოლიციის სამსახური) მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ევროპაში ყალბი ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვაში საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები.

ევროპოლის კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროპაში გაიზარდა ისეთი ფარმაცევტული პროდუქტების ყალბი ვერსიების გაყიდვა, რომლებიც ახალი ტიპის ვირუსის სამკურნალოდ ეფექტურად არის მიჩნეული, მათ შორის, ბაზარზე გამოჩნდა ქლოროქინის შემცველი მედიკამენტების ყალბი ანალოგები.

კრიმინალური დაჯგუფებები ყალბ ფარმაცევტულ პროდუქციას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ყიდდნენ. გარდა ამისა, შეიქმნა რამდენიმე ყალბი ვებ-გვერდიც, სადაც გარდა ყალბი პროდუქტის რეკლამისა, მოცემული იყო არასწორი რჩევები კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით.

ევროპოლის თანახმად, ყალბი ფარმაცევტული პროდუქტები ევროპასა და ამერიკაში საზღვაო ტვირთებისა და საჰაერო გზავნილების სახით ხვდებოდა და თითოეული გზავნილი საშუალოდ 15-20 კილოგრამს იწონიდა.

ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულ საქმეზე დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები. ასევე, უცნობია ყალბი პროდუქტი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიიდან იყიდებოდა თუ რომელიმე ევროპული ქვეყნიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს აღნიშნულ საკითხზე, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.