
ევროპარლამენტის ბრიუსელში მდებარე ერთ-ერთი შენობა 100 უსახლკარო ქალს შეიფარებს. კორონავირუსის კრიზისის დროს ოჯახური ძალადობის შემთხვევები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ამ ქალების უმეტესობა კი სწორედ კარანტინის პირობებში არსებული ძალადობის მსხვერპლია.
შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მასში გამოყოფილი საოფისე ფართები გადაკეთდა საძინებლებად, რომელშიც 1 ან 2 ქალი მოთავსდება. გარდა თავშესაფრისა, ევროპარლამენტისაგან ისინი საკვებსა და სამედიცინო დახმარებასაც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის მმართველმა ძალებმა ზოგიერთ მიუსაფარ ადამიანს დროებით საცხოვრებელ ადგილებად სასტუმროებიც გამოუყვეს.
ამჟამად ევროპარლამენტის შენობა უმეტესწილად ცარიელია, რამდენადაც სესიების უმეტესობამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. როგორც პარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, „სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ერთმანეთს მრავალი კარგი მაგალითი მივცეთ“.