„პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს მცირე და საშუალო საწარმოები. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს“ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ინიციატივა გამიზნულია სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის.
ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: „საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად.“
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი პროექტიის/იდეის ფორმის მიღება ან მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ონლაინ.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე – greta@ada.gv.at
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს.