ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებენ.
საქართველოს შემთხვევაში, დახმარების პაკეტი გულისხმობს წვდომას 30 მილიონი ევროს ღირებულების სწრაფი საჭიროების სამედიცინო რესურსებზე. გარდა ამისა, 70 მილიონი ევრო დაიხარჯება უშუალოდ ქართული ბიზნესებისა და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. დამატებით 20 მილიონი ევრო დაიხარჯება ადგილობრივი ბიზნესების, ფერმერებისა და კერძო პირების დასახმარებლად.
„რთული დრო უდგას არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, რომელსაც ვირუსი იქონიებს ადამიანთა სიცოცხლესა და ცხოვრებაზე“ – განაცხადა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.
„ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას. დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო ევროკავშირის სპეციალური სოლიდარობის პაკეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კორონავირუსის გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში დაეხმარება“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.