ევროკავშირი საქართველოსათვის 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების დახმარებას განაგრძობს

საქართველომ  Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული მედპერსონალის მუშაობის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის  დიდი რაოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით,  ქვეყანამ  1.5 მილიონამდე ოდენობის პირადი დამცავი საშუალება შეიძინა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებით. მათ შორის, სახის ფარები, დამცავი სათვალეები, საიზოლაციო ხალათები, სამედიცინო ნიღბები და რესპირატორები.

დამცავი საშუალებები განკუთვნილია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის და გადანაწილდება ლუგარის კვლევით ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებზე და მთელი საქართველოს სასწრაფო დახმარების წევრებსა და სოფლის ექიმებზე.

დახმარება გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის,  განცხადებით, „აღნიშნული დახმარება სწორედ იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავადაა განკუთვნილი, რომელთა დახმარებით საქართველო დღეს ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია“.

შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოსთვის €400 მილიონი იყო გამოყოფილი, რაც დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან ერთად,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგსა და აქტივობების უზრუნველყოფას  ჯანდაცვის მზაობისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.