სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 129 მილიონი ევროს ღირებულების 2 შეთანხმება გააფორმეს. ბრიუსელში გაფორმებული კონტრაქტების მიზანი COVID-19 პანდემიით დაზარალებული ქართული ეკონომიკის ხელშეწყობაა.
ვარჰელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა პანდემიასთან ბრძოლაში. კომისარი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა დაზარალებულ მოქალაქეებსა და ბიზნესს პანდემიისგან მიყენებული ზიანი შეუმსუბუქოს.
დღეს გაფორმებული შეთანხმებებიდან ერთ-ერთი საქართველოს პანდემიასთან ბრძოლასა და ეკონომიკის აღდგენას ეხება. 75 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი მიმართულია საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ხელშესაწყობად, რომელიც გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების, ოჯახებისა და ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერას. თანხა, ასევე, მიმართულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების განსათავსებელად, ამით კი – ქვეყნის სათანადო მოსამზადებლად ინფექციის ფართო გავრცელების შემთხვევაში.
მეორე, 54 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი, მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. კერძოდ, რეგიონებში ურბანული ზონების რეაბილიტაციას, ტურიზმის წახალისებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. მოცემული გრანტი, ასევე, მიმართულია დეცენტრალიზაციის პოლიტიკაზე. ამ პოლიტიკის შედეგად, მოქალაქეებს შეეძლებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა ადგილობრივ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ორი შეთანხმება ევროკავშირის ინიციატივა „ევროპის გუნდის“ ფარგლებში გაფორმდა. პროექტი „ევროპის გუნდის“ მიზნად ისახავს პანდემიასთან ბრძოლას და მისი ბიუჯეტი 36.5 მილიარდი ევროს შეადგენს.