ევროკომისია: ჩავკეტოთ საზღვარი სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიეიენმა წამოაყენა წინადადება სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის საზღვრების 30 დღით ჩაკეტვის შესახებ – ეს იქნება გადამწყვეტი ზომა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

აკრძალვის შესახებ ინიციატივა ფონ დერ ლიეიენმა ევროკავშირის მთავარ 7 ეკონომიკურ აქტორს წარუდგინა. შეზღუდვები, რომლებიც ქვეყნების ლიდერთა თანხმობის შედეგად დაწესდება, შესაძლოა, საჭიროებისამებრ, გაგრძელდეს 30 დღეზე მეტ ხანსაც, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე.

დღეს, როდესაც პანდემიის ეპიცენტრი ევროპაა და შენგენის ზონის ქვეყნები თავადაც იღებენ სხვადასხვა ტიპის სასაზღვრო და გადაადგილების შეზღუდვებს, მნიშვნელოვანია ერთიანი მიდგომის შემუშავება, რათა ხელი არ შეეშალოს ერთიანი საბაზრო ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებას და ამასთან, ხელი არ შეეშალოს საქონლის თავისუფალ მიმოცვლას.

ევროკომიის ახალი გეგმა რამდენიმე გამონაკლისსაც ითვალისწინებს – ევროკავშირში შესვლას შეძლებენ წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება, ჯანდაცვის მუშაკები და მეცნიერები, რომელიც მუშაობენ კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე. ასევე, ევროკავშირში შესვლის აკრძალვა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ე.წ. საზღვრისპირა სამუშაოებს ეწევიან და სწორედ ამ მიზეზით უწევთ გადაადგილება საზღვარზე.