ევროკავშირი ბელარუსს 53 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლიეიენის განცხადებით, ევროკავშირი 53 მილიონ ევროს გამოყოფს ბელარუსი ხალხის დასახმარებლად.

Photo Credits to Sergei Gapon/AFP

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ბელარუსის მშვიდობიან ტრანსფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი თავად ბელარუს ხალხს ექნება.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 53 მილიონი ევროდან 2 მილიონი ევრო მოხმარდება მთავრობის მხრიდან შევიწროვებულ ადმიანებს, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე აქციების დროს ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი მოხმარდება თავისუფალი და ობიექტური მედიის ხელშეწყობას ბელარუსში.

გარდა ფინანსური დახმარებისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქციები დააწესოს ბელარუსის ყველა იმ ოფიციალურ პირზე, რომლებსაც ბრალად ედებათ ბელარუსში მიმდინარე აქციების დარბევა და ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში კვირაზე მეტია გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები   ახალი   საპრეზიდენტო   არჩევნების   ჩატარების   და   პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით.