რატომ აპირებს ევროკომისია Apple-ის საქმიანობას გამოძიებას

ევროკომისია, ევროკავშირის ბაზარზე Apple-ის საქმიანობას საბაზრო კონკურენციის წესების დარღევის კუთხით გამოიძიებს, – ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გავრცელდა.

Photo Credits to Dado Ruvic/Reuters

გამოძიების ფარგლებში, ევროკომისია ორი რამის დადგენას შეეცდება: პირველი, რამდენად სამართლიანია აკრძალვა, რომლის მიხედვითაც ფასიანი კონტენტის გასავრცელებლად დეველოპერებმა აუცილებლად Apple-ის სისტემა უნდა გამოიყენონ და მეორე, რამდენად გამართლებულია, როდესაც დეველოპერებს AppStore-ის გარეთ არსებული, ხშირად უფრო იაფი კონტენტის რეკლამირება აკრძალული აქვთ.

„სატელეფონო აპლიკაციებმა ჩვენი კონტენტთან ურთიერთობა ფუნდამენტურად შეცვალეს. იმას, თუ როგორ მიეწოდება აპლიკაციები Apple-ის მომხმარებლებს, უშუალოდ კომპანია წყვეტს და, როგორც ჩანს, Apple ერთგვარ „კარისკაცად“ მოგვევლინა. ჩვენი მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ Apple-ის გადაწყვეტილებები არ არღვევს საბაზრო კონკურენციის პრინციპებს ისეთ ბაზრებზე, სადაც კომპანია სხვა დეველოპერებთან ერთად ასპარეზობს, როგორც ეს მუსიკის სტრიმინგის, ან ელექტრონული წიგნების კუთხით ხდება. ამ საკითხის გამოძიება სწორედ ამის გამო გადავწყვიტე“, – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტ ვესტაგერმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც 2019 წლის მარტის დასაწყისში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორმა კომპანიამ ევროკომისიას საჩივრით მიმართა. ამას გარდა, ევროკომისია Apple Pay-სთან დაკავშირებით ცალკე გამოძიებას ჩაატარებს.