ევროკავშირი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

3 მაისთან – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე,“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა:

,,დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. თავისუფალ და ღია საზოგადოებაში მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მიმდინარე წლის თემა – ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე, დამცველი და მხარდამჭერი.”

ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის მოსაპოვებლად:

„დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, გვსურს გამოვაცხადოთ მეცხრე კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. მისი მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, წახალისება და შესაბამისი დაფასება. გასულ წელს მერგო პატივი, დამეჯილდოვებინა არაჩვეულებრივი ჟურნალისტური ნაშრომები. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ კონკურსის წლევანდელი მონაწილეები შარშანდელ მიღწევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა:

„ნდობის აღდგენის პოტენციალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინფორმაციას აწვდის მედია საზოგადოებას. ჩვენ, დიდი სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით ვეძებთ მომზადებულ მასალებს, რომლებიც გვიყვება როგორც კონფლიქტურ სიტუაციებზე, ასევე კონფლიქტებით დაზარალებულ ადამიანებზე“.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ: https://www.euprizejournalism.ge/ge/rules

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: www.euprizejournalism.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გეზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), nino@iwpr.net

***

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.

2020 წლის 3 მაისის თემაა „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“. მისი მიზანია, ზომების მიღება მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღის 2020 წლის თემა მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, სასამართლო და საკანონმდებლო სექტორს, ინტერნეტ ბიზნესებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამეცნიერო სექტორს და ახალგაზრდებს, მიიღონ ყველა ზომა მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად. წლევანდელი თემა ძალიან დროული შეხსენებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობა მედიის თავისუფლებისათვის, განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და მედიაზე კონტროლის ძველი და ახალი ფორმების არსებობის ეპოქაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკის გადამწყვეტ როლს საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაცის, მრავალმხრივი და განსხვავებული მოსაზრებებისა და ხედვების მიწოდების თვალსაზრისით.

დამატებითი ვიდეო და ფოტო მასალა:

https://wetransfer.com/downloads/5f9c039cef10bebe56ef0a7ea811e6
2d20200501183209/7363a1d2bb22138b998f99566e4d42
0420200501183222/e12408
https://we.tl/t-Y3Kok2kQF5