ამერიკის ხმა: ევროკავშირის მთავარი სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

ევროკავშირის მთავარი სამეცნიერო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაურო ფერარი COVID-19-ის პანდემიისას იმედგაცრუების გამო, თანამდებობიდან გადადგა.

ფერარი ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტი 1 იანვარს გახდა, თუმცა ევროკომისიის პრეს-მდივანმა, იოჰან ბარკემ განაცხადა, რომ “პროფესორ ფერარის გადადგომა” ძალაში დაუყოვნებლად შევიდა.

ფერარის უეცარმა გადადგომამ ევროკავშირის ინსტიტუტებზე კრიტიკა გაამწვავა, – მათ ბრალს სდებდნენ, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში სათანადოდ არ თანამშრომლობდნენ.

ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის პანდემიისადმი ევროპული საპასუხო ნაბიჯებით უკიდურესად იმედგაცრუებული იყო.

“ევროკავშირში საკმარისად ვნახე მმართველობაც და მეცნიერებაც, ასევე პოლიტიკური ოპერაციები. თავად სისტემის მიმართ რწმენა დავკარგე.”

ოთხშაბათს, ევროკომისიამ კრიზისთან ბრძოლის საკუთარი ისტორია დაიცვა და განაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად, 18 კვლევითი პროექტი ძალიან სწრაფად უკვე ამოქმედდა და ევროპული კვლევების საბჭოს კიდევ 50 პროექტს, ამ ბლოკის მასშტაბით მიმდინარე ძალისხმევაში თავისი წვლილი შეაქვს.

გასულ თვეს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ადამიანების გაჭირვების და ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად უკეთესი კოორდინაცია ექნებოდათ.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, იმ 19 ქვეყნის მინისტრები, სადაც ევროს იყენებენ, ვერ შეთანხმდნენ თუ როგორ გამოიყენონ საკუთარი ფინანსური ბერკეტები, რათა ბლოკის უფრო მდიდარ და უფრო ღარიბ წევრებს შორის სოლიდარობა გააუმჯობესონ.