“ევროკავშირმა” კორონავირუსთან საბრძოლველად 750 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნა გადაწყვიტა. ფონდის შესავსებად ევროკავშირი ვალს აიღებს.
ფონდის შექმნის ინიციატივა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნით. ინიციატივით ისინი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გამოვიდნენ.
ფონდი არა მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფს ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს, არამედ აჩვენებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობასაც. მაშინ, როდესაც ევროკავშირის მასშტაბით ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები 130 ათასს აღწევს, ამგვარი თანადგომა ორგანიზაციის ერთიანობის შესანარჩუნებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
“ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით ევროკავშირისთვის ყველაზე დიდ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო ზომებზე“ – განაცხადა მერკელმა.
ფონდის შესავსებად ევროკავშირი საგარეო ვალს აიღებს, რაც მის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. ამ დრომდე ასეთი ტიპის მასტიმულირებელ პროგრამებს ევროკავშირი საკუთარი ბიუჯეტიდან ან კონკრეტული ქვეყნების ბიუჯეტებიდან აფინანსებდა.