€750 მილიარდი ევროპის დასახმარებლად | ევროკომისიამ ეკონომიკის აღდგენის გეგმა შეიმუშავა

Photo – Martin Krchnacek

ევროპის ლიდერებმა ონლაინსამიტზე კონტინენტის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ევროკომისიის წინადადება განიხილეს. პანდემიის შედეგად ევროკავშირის დაზარალებული ქვეყნებისთვის კომისიამ „აღდგენის ფონდი“ შექმნა და კრიზისის აღმოსაფხვრელად 750 მილიარდი ევრო გამოყო.

„არსებულმა კრიზისმა გავლენა მოახდინა მთელ ევროპაზე და ჩვენ სტაბილური მომავლის შენება გვჭირდება“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ.

ამასთანავე, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ჩარლზ მაიკლმა, გეგმა შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ სექტორებისა და რეგიონების მხარდაჭერისთვის, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა“.

გეგმა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება, ითვალისწინებს უმუშევრობის დონესა და მშპ-ს. რადგანაც ევროპის ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დანახარჯების ტიპისა და რაოდენობის მიხედვით, მათ ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ ზუსტი შეთანხმებისთვის გეგმასთან დაკავშირებით.

წინადადება ნაკლებად მისაღებია ევროკავშირის პატარა ქვეყნებისთვის, სადაც უმუშევრობის დაბალი დონეა. ასევე, ზოგი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა, თავდაცვა და უსაფრთხოება. ზოგი კი ფიქრობს, რომ „რეკონსტრუქციის პერიოდის“ შემდეგ მოსალოდნელია ევროკავშირის ბიუჯეტის შემცირება, რადგანაც ფონდი შედგება ნასესხები ფულისგან და არ უნდა მოხდეს დაფინანსება მშპ-ის შემცირების ხარჯზე.

დააფინანსების სიის სათავეშია იტალია, რომელსაც მოსდევს ესპანეთი, პოლონეთი და საფრანგეთი.