მკურნალობისთვის საჭირო რადიოაქტიური იოდის დოზის რეგისტრაცია, პირველი თერაპიული ბირთვული მედიცინის ცენტრი მთელს კავკასიაში და ჯამში 20 წლიანი გამოცდილება ბირთვულ მედიცინაში ‒ ეს და კიდევ ბევრი ინოვაციური სიახლე შორენა ესიაშვილის სახელს უკავშირდება. Forbes Woman-ის რესპონდენტი ერთდროულად სერტიფიცირებულია ბირთვულ მედიცინაში, რადიაციულ ონკოლოგიაში, რადიოლოგიასა და კარდიოლოგიაში. შორენა ესიაშვილი 2021 წლიდან ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, თუმცა დღევანდელ რეალობამდე მისასვლელი გზა გრძელი და რთული გამოდგა, ბევრი გათენებული ღამითა და ჯანდაცვის სამინისტროში ხელით მიტანილი ათობით კილოგრამი დოკუმენტების ჩათვლით.
დედის გავლენით პირველად პროფესიად შორენა კარდიოლოგიას ირჩევს. 1994-2003 წლებში ექიმ-კარდიოლოგად მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. შემდეგ ახერხებს და 2003 წელს სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში თითქმის ორი წლით მიდის. ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში ძალიან საინტერესო ჯგუფთან ერთად მუშაობდა. ჰქონდა შესაძლებლობა რომ შტატებში ნაყოფიერი წლები გაეტარებინა, თუმცა 2005 წელს სამშობლოში ბრუნდება, სურდა დაგროვილი ცოდნით საკუთარ ქვეყანას დახმარებოდა.
„ბირთვული მედიცინა საქართველოსთვის მაშინ ჯერ კიდევ ახალი დარგი იყო. გამიმართლა რომ სწრაფი კარიერული ზრდა მქონდა, ამაში ამერიკაში გატარებული წლები ძალიან დამეხმარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დავიწყე ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, სხივური თერაპიის განყოფილებაში ჯერ უმცროს ექიმად,შემდეგ სხივურ-თერაპევტად. ეს ის წლებია, როცა რადიოთერაპია განვითარებას იწყებს, 2009 წელს მთელი ჩვენი ჯგუფი სამუშაოდ საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოთერაპიის განყოფილებაში გადავდივართ. პარალელურად ორჯერ ვბრუნდები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში,ტრენინგებზე ემორის უნივერსიტეტში“.
ემორის უნივერსიტეტს შორენა ესიაშვილის ცხოვრებაში ორმაგი დატვირთვა აქვს. მისი და ამ უნივერსიტეტის სრული პროფესორია, ყველაზე ახალგაზრდა ქალი ამ უნივერსიტეტში, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა. ნათია უკვე 26 წელია ემორის უნივერსიტეტში საქმიანობს და ამავდროულად, ბავშვთა მსოფლიო რადიოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტია.
შორენა საქართველოში ბირთვული მედიცინის თერაპიული მიმართულების და პეტკტ კვლევის განვითარებას პირად მიღწევად მიიჩნევს. ის იყო პირველი, რომელმაც 2012 წელს საქართველოში პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო რადიოაქტიური იოდის დოზა დაარეგისტრირა. შორენა გვიყვება, რომ მიზნის მიღწევის გზაზე ბევრი ბარიერი შეხვდა, მათ შორის კანონმდებლობის კუთხითაც. არადა, როგორც ირკვევა საქართველოდან წლების განმავლობაში პაციენტები სამკურნალოდ თურქეთსა და უკრაინაში დადიოდნენ.
„მეორე დიდი სიახლე რაც ბირთვული მედიცინის ნაწილია ეს გახლავთ PET/CT ტომოგრაფია. ჩემ მიერვე დაფუძნებულ განყოფილებაში თავიდან სრულიად მარტო ვმუშაობდი და შემდეგ ახალგაზრდა ექიმი შემომიერთდა“.
ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა, როგორ შეიცვალა ქვეყანაში სურათი ასეთი რევოლუციური სიახლეების შემდეგ. ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ძირითადი ფორმა განკურნებადია და ამ დროს იოდოთერაპია ძალიან ეფექტურია.
„ჩვენ ენდემური ქვეყანა ვართ და აღმოჩნდა რომ უამრავი პაციენტი გვყავდა. ამას დაემატა სომხეთი და აზერბაიჯანი. ფარისებრი ჯირკვლის კიბო განკურნებადია და იოდოთერაპია არის ძალიან ეფექტური, ფაქტობრივად, ერთი კაფსულით კურნავ ადამიანს. წარმოიდგინეთ რამხელა შვება იყო მათთვის, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უცხოეთში გამგზავრებას და შესაბამისად მკურნალობას საერთოდ ვერ ახერხებდნენ. ამ რევოლუციური სიახლის დანერგვას დიდი ბრძოლა დასჭირდა, შეიცვალა კანონმდებლობა“.
შორენა ესიაშვილს მიაჩნია, რომ მედიცინაში სიახლეების დანერგვას ხანგრძლივი განათლება სჭირდება. თავად მადლიერია ამერიკის, რადგან ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ქართულ მედიცინას შემატა, სწორედ შტატებში მიღებულ ცოდნას ეფუძნება.
პროფესიული სირთულეების დაძლევის გზაზე მისი მთავარი მოტივატორი ოჯახია. განსაკუთრებით დედა და და. შორენა იხსენებს, რომ მისი არც ერთი მიღწევა დედასთვის საკმარისი არ ყოფილა, ის შვილებისგან ყოველთვის უფრო მეტს მოითხოვდა. ამ გადმოსახედიდან სწორედ მშობლების დამსახურებად მიიჩნევს, რომ დაუღალავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა ასწავლეს. ახლა თავადაც ასეთია საქმეში, გუნდისგან მაქსიმალურს ითხოვს.
„ექიმისთვის უმთავრესი პაციენტის მადლიერებაა. ჩემზე ძალიან მოქმედებს რომ ისინი წლების შემდეგადაც ჯანმრთელები არიან. არც ანაზღაურება, არც ჯილდო თუ აღიარება არასოდესაა ისეთი მთავარი ექიმისთვის, როგორც პაციენტის მადლიერება. საქმისადმი სიყვარული ალბათ იმაშიც გამოიხატება, რომ სახლიდან კვირაში ორჯერ დილის 6 საათზე გავდივარ, რათა პაციენტები მივიღო პეტ კვლევაზე. ჩემი ცხოვრების სტილი ალბათ არასოდეს შეიცვლება. პაციენტების მადლიერება ძალას მმატებს. ბირთვული მედიცინა ძალიან რთული საქმეა და ის დიდ ენერგიას მოითხოვს. პაციენტის ნდობის მოპოვება არასოდესაა იოლი და განსაკუთრებით რადიოთერაპიაში, ჩემს მეორე საქმიანობაში,მაშინ როცა მკურნალობისთვის 2830 დღეა საჭირო, ჩვენ ორმაგი სირთულის წინაშე ვდგებით. ეს ჩემთვის მეორე დარგია,რომლის შესწავლასაც ასევე წლები შევალიე და დღეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვმუშაობ,რომელიც მართლაც საუკეთესოა საქართველოს რეალობაში“.
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ თანამედროვე ტენდენციებზე დაკვირვებისას მისი მთავარი საზომი ამერიკული მიდგომებია. შტატები მისთვის მეორე სახლია, საიდანაც საქართველოში წიგნებიც კი ჩამოიტანა.
„ამერიკა ჩემთვის იმედია, ნათელი წერტილი, საიდანაც ბევრი რამ უნდა გადმოვიღოთ“.
შორენა ესიაშვილი ამბობს, რომ ბირთვულ მედიცინაში ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ, ახალ იზოტოპებს, რომელიც პაციენტების მკურნალობისთვისაა საჭირო.
„ჩვენი დარგი და შესაბამისი მიმართულების კლინიკები ახლა უკვე არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ კლინიკებს. ხშირად მიკვირს კიდეც ამდენი როგორ შევძელით ქვეყანამ, რომელსაც ეკონომიკურად ყოველთვის უჭირდა“.
სიახლეების დაანონსების უფლება ჯერ არ აქვს. თუმცა წინა წლებში როგორც თავად გვეუბნება, ვერც კი იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ სიახლეს კიდევ დანერგავდა. შორენა ამბობს, რომ ყველაფერს, რასაც საქართველოსთვის აკეთებს, მხოლოდ მისი შექმნილი არაა, მის გვერდით მისი გუნდია.
„ვერც ერთი ადამიანი მარტო ვერაფერს გააკეთებს. სიახლე რომლის დაფუძნებასაც ვაპირებთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით საქართველოსთვის უნიკალური იქნება. ყველა სიახლეს ხელშეწყობა სჭირდება ადამიანებისგან, რომლებიც უნდა იყვნენ თანაზიარნი, სიახლეებისთვის გუნდური პრინციპით ყველამ უნდა იბრძოლოს“.
შორენას დიდი ხანია კარგად აქვს გააზრებული, რომ ხელისშემშლელი გარემო ფაქტორების გამო ხელის ჩაქნევის უფლება არ აქვს. მიაჩნია, რომ ქართველი პაციენტი იმსახურებს იმ დონის მომსახურება მიიღოს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პაციენტები იღებენ.
აქტიური პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, შორენა ესიაშვილი აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. კლინიკაში რადიოლოგიის რეზიდენტურა ფუნქციონირებს და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში მას საკუთარი, მნიშვნელოვანი, წვლილი შეაქვს.
„არასოდეს მჩვევია წუწუნი. ყოველთვის ახალი სუნთქვით ვიღვიძებ, რათა ჩემს საქმეს ვემსახურო“.