„ეშვი კიდსი“ — ხარისხითა და მდგრადობით გამორჩეული საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი

მაღალი ხარისხი, გამორჩეული სტილი, ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი – ალბათ ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომელსაც ჩვენი შვილების ტანისამოსის შეძენისას ვითვალისწინებთ.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ეშვი კიდსი“ სწორედ ამ ღირებულებების გარშემო 2017 წელს თათუნა სვანიძის ინიციატივით შეიქმნა. ბრენდი ეკომეგობრული ხაზის გარდა, მომხმარებელს საკმაოდ გამორჩეული და დახვეწილი დიზაინითაც ამახსოვრებს თავს.

კომპანია მუდმივი განვითარების, სიახლეების და ახალი ტენდენციების დანერგვის პროცესშია. მეტი დეტალისთვის ეშვი კიდსის დამფუძნებელს, თათუნა სვანიძეს გავესაუბრეთ.

თათუნა, მოგვიყევით, საიდან დაიბადა ეშვი კიდსის შექმნის იდეა?

სანამ დედა გავხდებოდი, ვერ ვხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სუფთა და უსაფრთხო, მაღალი  ხარისხის  ტანისამოსის შერჩევა. „ეშვი კიდსის“ შექმნის იდეა სწორედ მაშინ გამიჩნდა, როდესაც თავად გავხდი დედა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარზე არ  არსებობდა საბავშვო ტანსაცმლის ისეთი ხაზი, რომელიც ყველა ხსენებულ კომპონენტებს ითვალისწინებდა  და ხარისხზე ორიენტირებული მშობლის მოთხოვნას   დააკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ, საგულდაგულოდ შევარჩიეთ ისეთი მომწოდებლები, რომლებიც მხოლოდ ეკომეგობრულ, სერტიფიცირებულ ,  ბუნებრივ და ანტიალერგიულ ქსოვილს აწარმოებენ.

თათუნა, საინტერესოა ეშვი კიდსის სახელის, ბრენდნეიმის ისტორია.

„ეშვი კიდსის“ ბრენდის შექმნა „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო გუნდის წევრ, ნათია ჩხარტიშვილთან ერთად დავიწყე. ნათია ყველასათვის ცნობილ „ეშვს“ უდგას სათავეში. დახვეწილი, გემოვნებიანი და ფერადი კოლექციებით „ეშვი“ მალე გახდა საქართველოს და უცხოურ ბაზარზე მომხმარებლის რჩეული. მოგვიანებით გაგვიჩნდა „ეშვი კიდსის“ შექმნის იდეაც, რომელიც ტექსტილში პრემიუმ ხარისხს, მრავალფეროვან და დახვეწილ კოლექციებს შესთავაზებდა ჩვენს პატარა მომხმარებელს.

რა გამოარჩევს ეშვი კიდსს?

მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ეშვი კიდსი“ მასიური პროდუქტი არ არის. ჩვენ ვქმნით ლიმიტირებულ, სეზონურ კოლექციებს და ჩვენი პატარა, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა კოლექციით ვზრუნავთ პატარებზე და ვუფრთხილდებით გარემოს.

ბრენდი გამოირჩევა რამდენიმე მიმართულებით :

  • ეშვი კიდსი – საწარმოო ნარჩენების 90%-ს პარტნიორ კომპანიაში გადაამუშავებს და ამ გზით უფრთხილდება გარემოს, არ აბინძურებს მას ნარჩენებით.
  • ჩვენი კოლექციების 70% Unisex სამოსია.
  • კოლექციების 70% ში ვიყენებთ GOTS სერტიფიცირებულ, იმპორტირებულ ნედლეულს. რომელიც არ შეიცავს პესტიციდებს და ქიმურ დანამატებს.
  • ეშვი კიდსის გუნდი მხოლოდ ქალებით არის დაკომპლექტებული.
  • ეშვი კიდსი არ არის მასიური წარმოება, ის ნიშური პროდუქტია, რომელიც ნაწილობრივ ხელით იქმნება.

ვიტყოდი, რომ უნისექსის პროფილი „ეშვი კიდსის“ ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია. მიგვაჩნია, რომ ბავშვის ტანსაცმლის ფერებისა და მოდელების მიხედვით დაყოფა და შეზღუდვა სულაც არ არის საჭირო. სამოსი თუ ლამაზია, დიდი წარმატებით შეიძლება მოიხდინოს გოგომაც და ბიჭმაც, მით უმეტეს, ასეთ ადრეულ ასაკში.

სად არის შესაძლებელი ეშვი კიდსის პროდუქციის შეძენა?

„ეშვი კიდსის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე  www.eshvikids.com. ასევე, თბილისის საბავშო კონცეპტუალურ მაღაზიებში Monchou-სა  და Mellow -ში. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიაში  და საერთაშორისო ონლაინ-მაღაზია www.farfetch.com-ზე. ჩვენი საიტიდან, მსოფლიოს მასშტაბით, მიწოდებას 7-10 სამუშაო დღეში, ხოლო თბილისის მასშტაბით, შეკვეთიდან მეორე დღეს უზრუნველვყოფთ.

ვინ ქმნის თქვენი ბრენდის სამოსს?

პატარების სამოსზე გამოცდილი გუნდი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ „ეშვი კიდსი“ მზრუნველი, მეგობრული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული. აქ ერთიანი ძალებით ვმუშაობთ საბავშვო სამოსის შექმნაზე — ტანსაცმლის იდეებს ესკიზებად ვაქცევთ, ჩვენი მაღალი დონის მკერავები კი ფურცელზე გადატანილ იდეებს რეალობად აქცევენ.

თათუნა, „ეშვი კიდსის“ სამომავლო მიზნებსაც ხომ არ გაგვიზიარებთ?

„ეშვი კიდსი“ პოზიციონირებს, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ბრენდი, სწორედ ამიტომ, აქტიურად იღებს მონაწილეობას ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიც არის Playtime Paris ,Pitti bimbo Florence  და სხვა… ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოებას და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ.  ჩვენი სურვილია ქართველ მომხმარებლებს ვუმასპინძლოთ ახალ სივრცეში რაც შეიძლება მალე და ამასთან დაკავშირებით სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებთ.

„ეშვი კიდსი“ არასდროს ჩამორჩება მოდის უახლეს ტენდენციებს. მათ შორის გამოვყოფდი მდგრადი მოდის მიმართულებას, რომელიც მსოფლიოში რესურსების დაზოგვის, ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჭრილში უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. ვფიქრობთ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობით კიდევ უფრო მეტად პასუხისმგებლიანები გავხდებით, პარტნიორებისთვის კი კიდევ უფრო მიმზიდველი.