ნულიდან მილიონებამდე: ერენ ოზმენი

მეწარმე და ბიზნესვუმენი – ერენ ოზმენი განასახიერებს „ამერიკული ოცნების“ ინსპირაციულ ისტორიას. მან დაისახა მიზანი და წარმატებასაც მალევე მიაღწია. მოტივაცია და მონდომება დაეხმარა ჩამოეყალიბებინა მსოფლიოს ტოპ 10-ში შესული ერთ-ერთი ინოვაციური კომპანია. იგი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე ქალია ამერიკის ბიზნესის ისტორიაში.

Photo Credits to Tim Pannell via Forbes

62 წლის ერენ ოზმენი თურქი ემიგრანტია, რომელიც 80-იან წლებში ჩავიდა ამერიკაში სასწავლებლად, დღეს კი Sierra Nevada Corporation-ის პრეზიდენტია. კომპანია უმსხვილესი სახელმწიფო კონტრაქტორია ქვეყანაში. 2017 წელს გაყიდვების მოცულობამ 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2020 წლის Forbes-ის Self-Made ქალების სიაში ერენი მე-15 ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 1.2 მილიარდი დოლარია. მან ასევე მიიღო Great Immigrants ჯილდო და Great Americans წოდება. ყველაზე გავლენიანი თურქი-ამერიკელი ქალების სიაში ერენმა მეორე ადგილი დაიკავა.

ერენი თურქეთში, ქალაქ იზმირში დაიბადა ექთნების ოჯახში, 4 შვილიდან უფროსი ქალიშვილი, წარჩინებული მოსწავლე და წარმატებული სტუდენტი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც მისი სამი და, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კითხვას.

„ჩემი ოჯახი ყოველთვის ძალიან აფასებდა განათლებას. ჩვიდმეტ წლამდე არ გვქონდა ტელევიზორი და მუდმივად ვკითხულობდი. ყოველთვის ვოცნებობდი და ვცხოვრობდი წიგნების სამყაროში. ჩემი შთაბეჭდილებების მიხედვით, რაც მქონდა წაკითხული, ამერიკა იყო ქვეყანა, რომელსაც შეუზღუდავი შესაძლებლობების შეთავაზება შეეძლო, თუკი ბევრს შრომობდი. ძალიან მინდოდა ამ ცხოვრების განცდა.“

ანკარას უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მას დიდი ოცნებები ჰქონდა. ყველაზე პრიორიტეტული კი ამერიკაში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება იყო.

Photo Credits to Tim Pannell via Forbes

23 წლის ასაკში იგი ჩავიდა ამერიკაში განათლების მისაღებად, ინგლისურის ლიმიტირებული ცოდნით და მცირე ფინანსებით. დიდი შრომის შემდეგ მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მიმართულებით ნევადაში, რენოს ბიზნესის უნივერსიტეტში. 1985 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა ფინანსური ანგარიშების მენეჯერად დაიწყო პატარა კომპანიაში, ნევადაში. 1988 წელს კი კოსმოსურ და საავიაცო კომპანიას, Sierra Nevada Corporation (SNC)-ს შეუერთდა.

თავდაპირველად SNC-ში ის დამლაგებლად მუშაობდა, ახლა კი ამ კომპანიის პრეზიდენტი და მფლობელია. ერენ ოზმენი და მისი მეუღლე, ფატიჰ ოზმენი, რომელიც ასევე სასწავლებლად იყო ჩასული ამერიკაში თურქეთიდან, SNC-ის ერთადერთი მფლობელები არიან.

1994 წლისთვის დინამიურ დუეტს ძალიან ძლიერი სამომავლო გეგმები ჰქონდათ და სწორად ამ ხედვამ გამოიწვია მათი მხრიდან შემდგომში კომპანიის შეძენა. შედეგად, კომპანია დაახლოებით ოცი თანამშრომლიდან სამი ათასზე ავიდა. SNC ამჟამად ამერიკის თვრამეტ შტატში ფუნქციონირებს და საერთაშორისო არენაზეც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

Photo Credits to Spacenews

ერენი მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს კომპანია და შექმნას ინოვაციები შემდეგი გამოწვევების შესაქმნელად. აქტიურადაა ჩართული SNC-ის ბიზნესის მართვის ყველა მნიშვნელოვან ასპექტში და ასევე, პრიორიტეტს ანიჭებს ჯანსაღი სამუშაო ცხოვრების პოლიტიკას. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ მიიღო უამრავი ჯილდო ინოვაციის, ზრდისა და თანამშრომელთა წარმატებისთვის.

2014 წელს ერენმა ქმართან ერთად 5 მილიონი დოლარი შესწირა ნევადას ბიზნესის უნივერსიტეტს მეწარმოების ცენტრის შესაქმნელად. ცენტრი მხარს უჭერს და აძლიერებს უნივერსიტეტის სამეწარმეო პროგრამებს, ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირების მიზნით. 2016 წელს ცენტრმა წამოიწყო ქალთა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური ქალი მეწარმეების დაკავშირებას ლიდერებთან, პროფესიონალებთან და ბიზნესის მფლობელებთან. იგი ასევე ხაზს უსვამს ქალის ბიზნესმიღწევებს საზოგადოებაში.

„უზარმაზარი შესაძლებლობების დატოვება ბევრად უკეთესია, ვიდრე ბანკში ფულის დატოვება. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანაირი გამოწვევა გარდავქმნათ შესაძლებლობად, რომლითაც მომავალი თაობა ისარგებლებს.“

ყველაფერი, რასაც მან მიაღწია არის შრომისმოყვარეობის და დიდი მუშაობის შედეგი. ნულიდან დაწყებულ საქმეს ბევრი დაბრკოლებაც ახლდა თან, თუმცა ამ განვლილი გზის შემდეგ ერენისთვის არცერთი გამოწვევა აღარ არის ძალიან დიდი და რთული.