ბრიტანეთის პრაქტიკა ვირუსთან ბრძოლაში | ინტერვიუ ქეთი ერემეიშვილთან

მსოფლიო გლობალური გამოწვევის – COVID-19-ის პანდემიის წინაშე დგას. ქართველი ექიმები როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, ვირუსთან ბრძოლის ფრონტზე არიან.

Forbes Woman წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქეთი ერემეიშვილთან, რომელიც დიდ ბრიტანეთის ექიმთა სამეფო კოლეჯის წევრი, უფროსი ექიმ-კლინიცისტი და სამედიცინო ონკოლოგიის სპეციალისტია. ამჟამად ქეთი წმინდა თომას საავადმყოფოშია დასაქმებული, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უტარდება მკურნალობის კურსი.

როგორი ვითარებაა ამჟამად დიდ ბრიტანეთში, რამდენად მომზადებულია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით?

მოგეხსენებათ, დღეს ბრიტანეთი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც დაავადება მაღალი სისწრაფით ვრცელდება. ეს გავრცელება განსაკუთრებით თებერვლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა.

სახელმწიფომ თავდაპირველად აირჩია მიდგომა – ვირუსი ჯანმრთელ პოპულაციაში გავრცელებულიყო, რათა დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავება გამხდარიყო შესაძლებელი. ამავდროულად, ისინი ამ გზით რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანების დაცვასაც ცდილობდნენ, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ეს მიდგომა მალევე შეიცვალა – 3 მარტს გამოქვეყნდა სახელმწიფოს მოქმედების გეგმა, მივიღეთ მკაცრი რეკომენდაციები და ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

ამჟამად მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები მუშაობენ და ისიც მკაცრი კონტროლით. დაწესებულია კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში და რამდენი ხნით შეუძლიათ ადამიანებს სახლიდან გასვლა. პოლიცია მუდმივად პატრულირებს. რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში, მით ნაკლებად გავრცელდება ვირუსი და, შესაბამისად, ნაკლები ზეწოლა იქნება საავადმყოფოებზე. ამით სახელმწიფო დროს მოიგებს, რათა მეტი რესურსი შექმნას მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.

რაც შეეხება ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას, NHS (National Health Service) ქვეყნისათვის ისეთივე საგანძურს წარმოადგენს, როგორსაც სამეფო ოჯახი და შეიარაღებული ძალები. ეს არის 140-მდე მილიარდი ფუნტის ბიუჯეტის მქონე სისტემა, რომელშიც 1000-ზე მეტი საავადმყოფოა გაერთიანებული და მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნული სისტემის სერვისები თანაბრადაა ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის და მთლიანად პაციენტზე და მის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. დღეს ეს სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყანაში, სავარაუდოდ, 2 მილიონზე მეტი ინფიცირებულია, სიკვდილიანობა კი – მზარდი.

საავადმყოფოებში სხვადასხვა სერვისების შეჩერების ხარჯზე მნიშვნელოვნად მოიმატა საწოლების რაოდენობამ. იხსნება საველე ჰოსპიტალებიც. მეცნიერება და ინდუსტრია გაერთიანდა და მზადდება ათასობით როგორც არაინვაზიური, ასევე, ინვაზიური სასუნთქი აპარატი. კლინიკურ პრაქტიკას ათობით ათასი პენსიაზე გასული ექიმი და ექთანი დაუბრუნდა. საავადმყოფოებში აქამდე უკვე არსებული კრიზისების მართვის დეპარტამენტები ახლა კიდევ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ. ყველა საავადმყოფოში დამატებით შექმნილია COVID-19-თან ბრძოლის გუნდები, რომლებიც მუდმივად გვაწვდიან ყველა სიახლესა თუ ცვლილებას, რომელიც უშუალოდ ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა შევიტანოთ.

მედპერსონალის გადამზადებაც ადრეულ ეტაპზე დაიწყო, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთათვის სამედიცინო იერარქიის ყველა ეტაპზე მართვის ახალი პროტოკოლები შეიქმნა, დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაციაში შეტანილი ცვლილებებიდან, დამთავრებული დასუფთავების თუ სამედიცინო ნარჩენების გადაყრის სპეციფიკამდე. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რათა ვირუსის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს მივაგნოთ.

ჯანდაცვის იმ ერთეულში, სადაც მე ვმუშაობ, ცენტრალური ლონდონის ორი საავადმყოფოა გაერთიანებული – Guy’s და St Thomas’, რომელიც ჯანდაცვის სისტემის სპეციალიზებულ რგოლს წარმოადგენს და ლონდონის მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედს ანუ 2.6 მილიონ მაცხოვრებელს ემსახურება. COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები სპეციალურად მათთვის განკუთვნილ განყოფილებებში არიან მოთავსებულები. გადატვირთულია ინტენსიური მართვის ერთეულებიც. ამჟამად ამ ორი საავადმყოფოს მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მართვით სუნთქვაზე კორონავირუსით დაავადებული 130-მდე პაციენტი იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები წლების განმავლობაში მუდმივ წვრთნას გავდივართ გადაუდებელ და მწვავე მედიცინაში და სტრესულ გარემოში მუშაობასაც მიჩვეულები ვართ, ის, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, ყოველგვარ წარმოდგენას სცდება.

ჩემს განყოფილებაში უმეტესობა უკვე დაავადდა ვირუსით და თვითიზოლაციაშია. ყოველდღიურად უამრავ ინფიცირებულ პაციენტთან გვაქვს შეხება და ვაცნობიერებთ, რომ ეს, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასადაც, ამის კეთება კი ნამდვილად არ არის ადვილი…

მენეჯერები ცდილობენ, არ გვქონდეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, რადგან სტრესი, დაღლილობა და უძილობა დამატებითი რისკის ქვეშ აყენებს ექიმს. ახლა ჩვენი მხნეობა და კარგად ყოფნა ბევრს ნიშნავს ჩვენი ოჯახებისა და პაციენტებისთვის.

რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, თუკი საჭირო რესურსები ამოიწურება?

დიდ ბრიტანეთში პანდემიის პიკს აპრილის შუა რიცხვებიდან ველოდებით. რესურსების მართვა უკვე დაგეგმილია. ასევე დაგეგმილია, თუ რა უნდა გაკეთდეს მარაგის ამოწურვის შემთხვევაში. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში ჟანგბადის მიწოდებისა და საანესთეზიო მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა, თუმცა ამის შევსება ჯერ-ჯერობით შესაძლებელია. მიუხედავად მუდმივად წარმოებული სასუნთქი აპარატებისა, არსებობს რისკი, რომ რამდენიმე კვირაში ეს მარაგიც ამოიწურება. ამ შემთხვევაში კი ექიმებს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ – ვის მიანიჭონ უპირატესობა პაციენტის რისკების, დაავადების სიმძიმის, ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეზერვის და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით.

ამ პროცესში პაციენტის ოჯახის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუ დაავადების სიმძიმის გამო პაციენტს დაკარგული აქვს განსჯის უნარი, ასევე, საავადმყოფოებთან არსებული ეთიკის კომიტეტებიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი ექიმია.

რით აიხსნება სიკვდილიანობის ამგვარი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში?

ბრიტანეთი პანდემიის პიკს უახლოვდება და ერთდროულად ბევრი ადამიანი ავადდება. გარდა ამისა, ქვეყანაში 85 წელს გადაცილებული 2 მილიონამდე ადამიანია. ჩემი მეუღლე გერიატრიის (ხანდაზმულთა მედიცინა) და კლინიკური მედიცინის კონსულტანტია და აქტიურადაა ჩართული ამ ასაკის ჯგუფში COVID 19-ის მართვაში. როგორც ის ამბობს, ხანდაზმულებს დაინფიცირების იმავე რისკი აქვთ, რაც ახალგაზრდებს, თუმცა რისკი იმისა, რომ მათ მწვავე გართულებებიც განუვითარდებათ, გაცილებით მაღალია. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ თანმხლები დაავადებების არსებობით, არამედ ამ ასაკის ჯგუფში ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური რეზერვების ნაკლებობითაც. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიფარმაცია.

თუმცა, ვირუსის აგრესიული ბუნებიდან და ორგანიზმის მოჭარბებული იმუნური პასუხიდან გამოდინარე, ბევრი ახალგაზრდაც კრიტიკულად ავადდება და საჭიროებს მართვით სუნთქვაზე გადაყვანას. ამ ეტაპზე ბრიტანეთში ინტენსიურ განყოფილებებში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების საშუალო ასაკი 63 წელია და მათ 50%-ს ლეტალური გამოსავალი აქვთ. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

როგორი მომზადება აქვთ ექიმებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობისას COVID 19-თან მიმართებაში?

ონკოლოგიური პაციენტები დღეს განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ. დაავადებასა თუ მის მკურნალობასთან არსებულ სირთულეებთან ერთად გაჩნდა ახალი საფრთხე COVID-19-ის სახით, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სხვადასხვა პაციენტის შემდგომი მართვის სტრატეგია. გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელებაზე, შეწყვეტაზე ან გადავადებაზე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აქვს მას, რა ფაზაშია ეს დაავადება, რა არის მკურნალობის მიზანი და რა რისკებია მასთან დაკავშირებული, როგორია პროგნოზი.

პაციენტების ორი ჯგუფი გვყავს – პირველი ეს არის ამბულატორული ჯგუფი, რომელთაც უკვე ტელე-მედიცინის გზით ვეკონტაქტებით, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ მათი საავადმყოფოში ვიზიტი, შესაბამისად, შევამციროთ COVID-19-ით დაინფიცირების რისკი. მეორე კი ის ჯგუფია, რომელთაც, დაავადებასთან თუ მის გართულებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ონკოლოგიურ განყოფილებებში ვათავსებთ.

ცალკე გვაქვს განყოფილება, სადაც არიან კორონავირუსით დაავადებული მწვავე ონკოლოგიური პაციენტები. ყველა ამ პაციენტის მართვა კომლექსურია და პროცესში ონკოლოგებთან ერთად ჩართულია პალიატიური ზრუნვის და ფსიქოლოგიური სამსახურები, რათა, გარდა მთავარი პრობლემის მკურნალობისა, უზრუნველვყოთ პაციენტის კომფორტი და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

როგორია საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით, რამდენი ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს ქვეყანაში და როგორ ვითარებაში უწევთ მათ მკურნალობა?

ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. პროცესი იმდენად დინამიკურია, ალბათ, ძალიან რთული იქნება ამ ინფორმაციის შეგროვება და მუდმივ რეჟიმში განახლება. მსუბუქი სიმპტომების მქონე ქართველი პაციენტები სახლში რჩებიან, ე.წ. თვითიზოლაციაში. აქ არ არის მსგავსი პაციენტების საკარანტინო ზონებში გადაყვანის პრაქტიკა. ტესტები მხოლოდ მათ უტარდებათ, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. არიან ისეთებიც, რომელთაც საავადმყოფოში უტარდებათ მკურნალობა. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავეხმარო მათ. თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთანაც, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა საჭირო ინფორმაცია დროულად მიაწოდონ საქართველოს მოქალაქეებს და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო დაბრუნება ქვეყანაში.

ვრცელი პროფესიული გამოცდილების ფონზე, რა რეკომენდაციები გექნებათ საქართველოს მოსახლეობისთვის ვირუსთან საბრძოლველად?

საქართველოში თავიდანვე იქნა საჭირო ზომები მიღებული პროფესიონალთა გუნდის მიერ, რამაც ვირუსის შეკავების წარმატებული ფაზა გამოიწვია. ეპიდემიოლოგი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, პიკი საერთოდ არ გვქონდეს და საავადმყოფოები იმდენად არ გადაიტვირთოს, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზღვარს გასცდეს. ძალიან მინდა საქართველოში ამ ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალს და, ზოგადად, ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს შრომა სათანადოდ დაუფასდეთ.

გზავნილი ყველასთვის უნივერსალურია – დარჩით სახლში ერთმანეთის გადასარჩენად, ექიმების დასახმარებლად.

რაც მთავარია,

  • იყავით ფრთხილად;
  • ვირუსი გაცილებით ახლოსაა და იმაზე მეტად საშიშია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს;
  • უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პირებს ადვილად შეუძლიათ გადასცენ ვირუსი რისკის ჯგუფის ადამიანებს, სადაც დაავადებას რთული მიმდინარეობა აქვს, ამიტომ ისევ და ისევ დარჩით სახლში!
  • თუ რისკის ჯგუფში ხართ, მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია და შეზღუდეთ ფიზიკური სიახლოვე ადამიანებთან, თუნდაც ისინი ოჯახის წევრები იყვნენ;
  • არ დააყოვნოთ მიმართოთ ექიმს საჭიროების შემთხვევაში;
  • არ მიიღოთ წამლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე! ეს სიცოცხლისთვის არის საშიში;
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიფხიზლე.

ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით არ ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვის რომელიმე რგოლთან, მინდა დამატებით ვურჩიო:

  • ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის ყველა წესი;
  • თუ გჭირდებათ რჩევა აუცილებლად ისარგებლეთ 111 ცხელი ხაზით. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი დაგაკავშირებთ ოჯახის ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, იმ მომენტისთვის რა დახმარება გჭირდებათ;
  • თუ ატყობთ, რომ მდგომარეობა უარესდება, თავს ცუდად გრძნობთ, გივითარდებათ სუნთქვის უკმარისობა, დარეკეთ 999. არ დააყოვნოთ!
  • ყველა სხვა სასარგებლო რჩევისთვის გამოიყენეთ www.nhs.uk ვებგვერდი.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს.