რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები უფრო ნიჭიერები და გონებამახვილები არიან, შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსიც აქვთ. მაგრამ, წარმატებას არა მხოლოდ მაღალი IQ, არამედ განვითარებული ემოციური ინტელექტიც (EQ) განაპირობებს. უფრო მეტიც, საქმის საუკეთესოდ შემსრულებელი პირების 90%-ს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს. სამუშაოების წარმატებით შესრულებაზე ემოციური ინტელექტი 58%-ით ახდენს გავლენას და იგი იმ TOP10 უნარ-ჩვევებს შორის შედის, რომელიც  2020 წელსა და შემდგომშიც საჭიროა პროფესიული წარმატებისთვის.

და მაინც, რა არის ემოციური ინტელექტი? ემოციები ყველაფერშია, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ ყოველდღიურად. ემოციური ინტელექტი თითოეულ ჩვენგანში არის „რაღაც“, რაც არამატერიალურია და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვმართავთ ქცევას, ვაგვარებთ სოციალურ სირთულეებს და ვიღებთ პირად გადაწყვეტილებებს. იგი განასხვავებს ჩვენს ინტელექტსა და პიროვნებას. ადამიანები განვითარებული ემოციური ინტელექტით უფრო ეფექტურად ურთიერთობენ, უმკლავდებიან სტრესსა და კონფლიქტებს, არიან გუნდის საუკეთესო მოთამაშეები და შეუძლიათ ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია.

ემოციური ინტელექტი შედგება ოთხი ძირითადი უნარისგან: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.  აღნიშნული უნარები პირობითად შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ: პირადი კომპეტენცია და სოციალური კომპეტენცია.

პირადი კომპეტენცია გულისხმობს უნარს, აცნობიერებდე საკუთარ ემოციებს, რასაც აღნიშნულ მომენტში განიცდი და  შესაბამისად, მართავდე საკუთარ ქცევებს. ხოლო, სოციალური კომპეტენცია გულისხმობს უნარს, გააცნობიერო გარშემომყოფების განწყობები, ქცევები და მოტივები, რათა სათანადოდ მოახდინო რეაგირება და დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ემოციური ინტელექტი შეეხება ადამიანის ქცევის ფუნდამენტურ ელემენტს, რომელიც განსხვავდება თქვენი ინტელექტისგან. შეუძლებელია ემოციური ინტელექტის პროგნოზირება იმის მიხედვით, თუ რამდენად ჭკვიანია ადამიანი. ინტელექტის კოეფიციენტი სტაბილურია მთელი ცხოვრების განმავლობაში და არ იცვლება, ის 15 წლის ასაკშიც იგივეა, რაც 50 წლის ასაკში. ხოლო ემოციური ინტელექტი არის უნარების მოქნილი ნაკრები, რომლის შეძენა და გაუმჯობესება შესაძლებელია პრაქტიკით.

„EQ ტრენინგები აუცილებელია და სჭირდება ორგანიზაციის ყველა ლიდერს. ჩვენ ეს გვჭირდება პერსონალური ზრდისთვის, ხოლო ჩვენს თანამშრომლებს იმისთვის, რომ გააცნობიერონ საკუთარი ემოციების გავლენა იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც მუშაობენ“ – ჯონი ერლი, Sound Transit-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ალბათ გაინტერესებთ, რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი ბიზნესში და რაში გვჭირდება იგი. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ლიდერი ხელმძღვანელობს და გავლენას ახდენს სხვადასხვა პერსპექტივის, ტემპერამენტისა და წარსულის მქონე ადამიანებზე. შესაბამისად, გუნდის ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაძაბული სიტუაციების ეფექტურად განმუხტვისა, სტრესის მართვისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა. ლიდერმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი  და მისი თანამშრომლების ემოციური მდგომარეობა და უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის შერჩევითად გამოყენება ან უგულებელყოფა სასურველი შედეგის მისაღებად.

ემოციური ინტელექტი წარმოადგენს კრიტიკული უნარ-ჩვევების საფუძველს, რომელიც თქვენი ენერგიის ერთი მიმართულებით ფოკუსირების საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა სასარგებლო შედეგის მისაღწევად. სტატიაში„What Is Emotional Intelligence, and Why Does It Matter?“  – Business News Daily–ს მკითხველები, სამუშაო პროცესში ემოციური ინტელექტის გავლენაზე საუბრობენ:

„როდესაც ლიდერს სურს, გუნდის ერთ-ერთი წევრის ქმედებების შეცვლა, შესაძლოა აღნიშნულზე გუნდის წევრს ჰქონდეს  არაადეკვატური და უხეში რეაქცია, შესაბამისად, დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია. სწორედ ამ დროს, ლიდერმა უნდა გამოიყენოს საკუთარი ემოციური ინტელექტი რისხვისა და იმედგაცრუების განსამუხტად. მაგრამ, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დაქვემდებარებულმა პირმა გაიგოს, თუ რას ითხოვენ მისგან. არასასიამოვნო ინფორმაციის ყოველგვარი გამწვავების გარეშე მიწოდება არის ხელოვნება, რომელსაც ემოციური ინტელექტი გულისხმობს.“ – ემი დევერო, Amie Devero Coaching and Consulting-ის მმართველი დირექტორი.

„ემოციური ინტელექტის ჩემი საყვარელი მაგალითია, იცოდე, არ დააბრუნო იმეილის პასუხი მაშინ, როდესაც ემოციურად მწვავე მდგომარეობაში ხარ. თავს არ დაესხათ და არ დაკარგოთ ნდობა იმ ადამიანისა, ვინც მეორე მხარესაა. აიღეთ შესვენება, მიმართეთ თვითრეგულირებას და გაიაზრეთ ყველა ფაქტი თუ დეტალი, რომელზეც რეაგირებთ. თქვენ აუცილებლად ინანებთ იმ ქმედებებს, რომელიც განახორციელეთ არაკონტროლირებად მდგომარეობაში.“ – კარენ ოუკი, Fracture-ის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი.

„თქვით: „მოიცადე, მომეცი 1 წუთი, რომ თავი მოვთოკო, სანამ პასუხს გაგცემ“ ან კოლეგებსა და თქვენს უფროსს უთხარით „სახეზე გემჩნევათ, რომ შეშფოთებული ან განაწყენებული ხართ, სწორია?“ – ეს არის გზები, როდესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ემოციური ინტელექტი რთულ და დაძაბულ სიტუაციებში, რაც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა იმისა, რომ უფრო პირდაპირები და სპეციფიკურები იყოთ თანამშრომლებთან, დრო დაუთმეთ მედიტაციას, რომელიც სხეულს გონებრივ სკანირებას უკეთებს და ამჩნევს, სად არის სტრესი. მედიტაცია დაგეხმარებათ დაძაბული ემოციების დაბალანსებაში, რათა საბოლოოდ მკაფიო გადაწყვეტილებები მიიღოთ.“ – სკოტ კრაპტრი, Happy Brain Science.

„ემოციური ინტელექტი გამოყოფს დიდებულ კომპანიებს, კარგებისგან“ –  რეჯინა საჩა, ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტი, Fedex Custom Critical

ლიდერებს შეუძლიათ  განავითარონ თავიანთი ემოციური ინტელექტი, იმით რომ მეტი დრო დაუთმონ ადამიანების შეცნობას და გახდნენ გათვითცნობიერებული  საკუთარ ემოციებში. თუ გახდებით უფრო მეტად ყურადღებიანები საკუთარ ემოციებთან მიმართებით, შედეგიც არ დააყოვნებს. როგორც კი გაავარჯიშებთ თქვენს ტვინს, თქვენ დაიწყებთ ემოციური ინტელექტით რეაგირებას თქვენ ირგვლივ არსებულ გარემოზე ისე, რომ მასზე ფიქრიც კი არ დაგჭირდებათ.