EPRC: შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლის ევროპული გამოცდილება

Image Credits to EPRC

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი(EPRC)  აქვეყნებს ახალ დოკუმენტს, რომელშიც განხილულია ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური შეზღუდვების შესამსუბუქებლად გადადგმული ნაბიჯები და ეკონომიკური აქტივობის განახლების სამომავლო გეგმები.

ევროპული ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვების მოხსნის საწყის ეტაპებზე მკაცრი ჰიგიენური სტანდარტების დაცვის ვალდებულებით მუშაობის ნებართვა გაიცა მხოლოდ პატარა ზომის ან ღია სივრციდან შესასვლელის მქონე მაღაზიებზე, ასევე ისეთ სერვისებზე, რომელთაც მომხმარებელთან დიდხანს შეხება არ უწევთ(სახელოსნოები, სამრეცხაოები). ამავდროულად, ძირითადად ყველგან საწყის ეტაპებზე ისევ ძალაში დარჩა ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

სახელმწიფოების უმრავლესობა ჯერ კიდევ ერიდება პირისპირ სასწავლო პროცესის განახლებას და არის მოლოდინები რომ დისტანციური სწავლება სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა გერმანია უკვე 4 მაისიდან გეგმავს სკოლებში პირისპირ სასწავლო პროცესის აღდგენას(პრიორიტეტი წლის ბოლოს გამოსაშვები გამოცდების მქონე  კლასებსა და მოსწავლეებს მიენიჭებათ). 11 მაისიდან სკოლების სავალდებულო საგანმანათლებლო საქმიანობის  აღდგენა იგეგმება შვეიცარიაშიც, თუმცა უმაღლესი სასწავლო დაწესებულელების პირისპირ მუშაობა ივნისამდე გადაიდო.

განსხვავებული გეგმებია ხალხმრავალი ღონისძიებებისა და რელიგიური რიტუალების აღდგენასთან დაკავშირებით. გერმანიაში, რელიგიურ რიტუალებზე აკრძალვების მოხსნა უახლოს მომავალში არ განიხილება, ხალხმრავალი ღონისძიებები კი სულ მცირე ზაფხულის ბოლომდე არ განახლდება. მინიმუმ ივნისის ბოლომდე არ განახლდება საჯარო ღონისძიებები ავსტრიაში. ჩეხეთში კი უკვე ნებადართულია მცირე ქორწილები(მაქსიმუმ 10 ადამიანი), ხოლო 27 აპრილიდან განახლდება რელიგიური საქმიანობაც.

აღსანიშნავია, რომ დანიაში (ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც შეამსუბუქა შეზღუდვები) უკვე აღდგენილია თითქმის ყველა ეკონომიკური სექტორის საქმიანობა. სამომავლო გეგმები კი ითვალისწინებს მოქალაქეების აგრესიულ ტესტირებას და ვირუსის გავრცელების მკაცრ მონიტორინგს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მიდგომები აქვს შვეიცარიის მთავრობას, რომელმაც ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად თავი შეიკავა საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისგან და ეკონომიკური სექტორების ნაწილმა საქმიანობა შეზღუდვების გარეშე გააგრძელა. თვის ბოლოდან კი პერსონალური სერვისების (სილამაზის სალონები) მუშაობაც აღდგება.