ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც განხილულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, შეფასებულია ამ მდგომარეობის შედეგად მოსალოდნელი დანაკარგები და შემოთავაზებულია კონკრეტული ღონისძიებები, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ შეზღუდვის პოლიტიკიდან.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების მკაცრი შეზღუდვის გზა აირჩია. ეს სტრატეგია გარკვეული თვალსაზრისით მეტად საჭირო იყო, თუმცა დიდი პრობლემების სათავედაც შეიძლება მოგვევლინოს.
,,უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინის ახლანდელი ფორმით თუნდაც 3 თვეზე მეტი ვადით განხორციელება უკავშირდება ძალიან დიდ ეკონომიკურ, სოციალურ, ადმინისტრაციულ, ადამიანურ თუ სხვა ისეთ სირთულეებს, რომელთა დაძლევის საშუალება საქართველოს უბრალოდ არ აქვს. ლაპარაკია არამხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე, არამედ იმაზეც, რომ ასეთი პოლიტიკის გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.“
სწორედ ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ აქტიური მოქმედება, რათა კარანტინის დასრულებისთანავე გვქონდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება მძიმე მდგომარეობაში არსებულ საქართველოს ეკონომიკას ფეხზე დადგომაში.
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები: სესხების გადავადება, ქონების გადასახადის გადავადება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, სექტორული მხარდაჭერა, ძირითად პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება და სხვა, მოკლევადიან პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს შეუმსუბუქებს არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემდგომი თვეები კიდევ უფრო მძიმე იქნება ჩვენი ეკონომიკისათვის, რადგან გრძელვადიან პერიოდში დღეს არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს.
უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკის მანევრირების შესაძლებლობა განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებით, ბევრად შეზღუდულია. ასევე საყურადღებოა, რომ მოკლევადიან პერიოდში ქვეყანა დაკარგავს არა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, არამედ უცხოური გზავნილების დიდ ნაწილსაც, რაც დამატებით სირთულეს ქმნის როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ასევე სოციალური თვალსაზრისით.
გრძელვადიანი ეფექტის მქონე ღონისძიებების შემუშავება, ჯერაც ცხადად ჩამოუყალიბებელი ეპიდემიოლოგიური სურათის ფონზე მეტად რთულია, მიუხედავად ამისა, EPRC მაინც გვთავაზობს რიგ ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას შოკიდან გამოსვლაში.
ეპიდემიოლოგიური სურათის კარგად გააზრება; პარტნიორი და სხვა ქვეყნების განსხვავებული ყოფაქცევის გათვალისწინება; სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების მაქსიმალურად გააზრებულად გადაწყვეტა; სასოფლო–სამეურნეო სამუშაოთა ხელშეწყობა. ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რომელსაც EPRC ამჟამად გვთავაზობს. რა თქმა უნდა, უფრო ცხადად ჩამოყალიბებული ეპიდემიოლოგიური სურათის ფონზე ეს ღონისძიებებიც უფრო ცხად სახეს შეიძენს.