EPRC: საქართველოდან ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე ტოპ ხუთი დარგი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც განხილულია სამრეწველო წარმოებისა და მომსახურების ცალკეული დარგები, რომელსაც როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია. კვლევა ეფუძნება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და გამოკვეთილ ტენდენციებს.

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით გამოიკვეთა ხუთი პერსპექტიული დარგი და ორი ქვედარგი: 1. ტანსაცმლის წარმოება: 2. ფეხსაცმლის წარმოება: 3. ტყავისა და მასთან დაკავშირებული საქონლის წარმოება: 4. ხის და კორპის წარმოება: 5. ავეჯის წარმოება.

აღსანიშნავია, რომ ეს დარგები საქართველოში ახლა იდგამენ ფეხს, თუმცა გამოირჩევიან ზრდის დიდი პოტენციალით. ჩამოთვლილი დარგებიდან შესაძლო დანახარჯებისა და პოტენციალის ურთიერთმიმართებით პერსპექტიულ ქვედარგებად კვლევაში გამოყოფილია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება და სათამაშოების წარმოება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დარგების განვითარება დიდ ინვესტიციებთან არ არის დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ დარგებს ქართული ეკონომიკისათვის.

მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პოსტ–პანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკას სტრუქტურის ცვლილება ელის. ამ პერიოდში გაჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა განვითარებადი ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსათვის.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ,,ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ ფარგლებში ჩატარდა. კვლევამ გამოავლინა დარგები, რომლებსაც როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია. კვლევას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ახორციელებდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.