ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახალ კვლევას – „COVID – 19 ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის“ აქვეყნებს. გთავაზობთ საქართველოსთან დაკავშირებულ საკვანძო მიგნებებს სფეროების მიხედვით:
კორონავირუსის გავლენა ტურიზმზე
2020 წელს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიხედვით, მსოფლიოში მოგზაურების რაოდენობა 1-3%-ით შემცირდება, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის $30-50 მილიარდამდე ზარალს ნიშნავს.
ტურიზმი საქართველოს მშპ-ს დაახლოებით 11%-ს აგენერირებს და პრობლემები ამ სფეროში, ეჭვგარეშეა, რომ უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ფაქტორი, რადგან 2020 წლის თებერვალში მოგზაურთა რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა სწორედ მისი წევრი ქვეყნებიდან აღინიშნებოდა.
თებერვლის თვეში ესტონეთიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 161.5%-ით გაიზარდა, პოლონეთიდან – 84.8%-ით, იტალიიდან 81.2%-ით, საფრანგეთიდან 52.4%-ით, ხოლო გერმანიიდან 38%-ით. პოლონეთის გარდა ოთხივე ჩამოთვლილ ქვეყანაში პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება და საქართველოს ყველა მათგანთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2017 წლის გამოკლებით, სტაბილურად იკლებს. დიდი ალბათობით, ამ დინამიკას კორონავირუსის პანდემია ხელს შეუწყობს და მსოფლიოში არსებული ზოგადი საინვესტიციო კლიმატი საქართველოზე უარყოფითად აისახება.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინების უდიდესი წყარო ევროკავშირია. 2019 წელს ევროკავშირიდან შემოსულმა ინვესტიციების წილმა 47.2% შეადგინა. საქართველოს ტოპ 15 ინვესტორს შორის, გარდა ევროკავშირისა, პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები – აშშ, ჩინეთი და იაპონია არიან, რაც ინვესტიციების შემცირების რისკს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
კორონავირუსის გავლენა საგარეო ვაჭრობაზე
2020 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოს ექსპორტი წინა წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა. იანვარში სხვაობა მინიმალური – 0.46% იყო, თუმცა სოლიდური იყო კლება თებერვალში – 17.9%. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც დოზით, თებერვალში ექსპორტის კლება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასა და ვაჭრობის კლებასთან იყო დაკავშირებული.
დიდი ალბათობით, COVID-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ჩვენ უდიდეს საექსპორტო ბაზრებში – ევროკავშირი (დაახლოებით 33%), აზერბაიჯანი (17.2%), ჩინეთი (12.4%), რუსეთი (11.5%) უარყოფითად აისახება საქართველოს ექსპორტზე.
აღსანიშნავია, რომ სასაქონლო საერთაშორისო ვაჭრობაზე, ძირითადად, შეზღუდვები არ მოქმედებს.
იანვარსა და თებერვალში მცირედით გაიზარდა იმპორტი, თუმცა მარტის თვეში, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კლება არის მოსალოდნელი.
ცალკე გამოსაყოფია რუსეთის ფაქტორი. ქართული ვალუტის კურსზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთის სავალუტო კრიზისმა. რუბლის გაუფასურება უარყოფითად აისახება საქართველოს ექსპორტზე რუსეთში, განსაკუთრებით კი – ღვინის ინდუსტრიაზე.
ფულადი გზავნილები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ში ფულადი გზავნილების წილმა 13.5% შეადგინა. 2020 წელს მატება იყო ფულადი გზავნილების მოცულობაში – თებერვალი (9.5%), იანვარი (8.6%). თებერვლის თვეში გზავნილების მოცულობამ 137 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთლიანი ფულადი გზავნილების 41.7% მოდის ევროკავშირზე, 10.4% აშშ-ზე, 20.9% რუსეთზე და 10.5% ისრაელზე. ევროკავშირიდან გამოირჩევიან იტალია (15.8%) და საბერძნეთი (12%).
ჯერჯერობით ფულადი გზავნილები არ შემცირებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ პანდემიის სწრაფი გავრცელება ევროპასა და ამერიკაში ნეგატიურად აისახება ფულადი გზავნილების მოცულობაზეც.