უკეთესი სამყარო ნარჩენების გარეშე

გაეროს 2018 წლის ანალიზის მიხედვით, გლობალური დათბობის 1,5-გრადუსიან ნიშნულზე შესაჩერებლად 2030 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფა თითქმის უნდა განახევრდეს, ხოლო სათბურის აირების ემისია უახლოეს 50 წელიწადში უნდა განულდეს, რათა პლანეტა კლიმატურ კატასტროფას გადაურჩეს. ეს პრობლემა კომპლექსურია და ინდუსტრიული თუ მუნიციპალური ნარჩენებით დედამიწაზე სიცოცხლის მამოძრავებელი წყაროების – ჰაერის, წყლისა და ხმელეთის დაბინძურების შედეგია.

თუ აქამდე ეკონომიკა საზღვრავდა ამ წყაროების მდგომარეობას, დადგა დრო როცა შემუშავდა ეკონომიკის ახალი მოდელები, სადაც მთავარი განმსაზღვრელი ეკოლოგიაა: „მწვანე ეკონომიკა“, „წრიული ეკონომიკა“, „რესურსეფექტური ეკონომიკა“… ეს ის მოდელებია, რომლებიც თანდათან ხდება მსოფლიოს ახალი რეალობა და მათი მიზანია მდგრადი განვითარება გარემოს გაუარესების გარეშე.

ქარავანმა გამოიხედა

გარემოს დამცველები გლობალური დათბობის საშიშროებებზე წლებია სხვადასხვა ტრიბუნიდან ხმაურობენ, მაგრამ მსოფლიოს დიდი ინდუსტრიების ქარავანი არხეინად მიდიოდა და მათ ყურს არ უგდებდა. თუმცა, ბოლო წლებში, კატასტროფების მასშტაბების და ინტენსივობის ზრდამ მთელი მსოფლიო დააფიქრა იმაზე თუ რა დევს სასწორზე და ქარავანმაც გამოიხედა…

პოლიტიკოსები და მსოფლიოს მსხვილი კორპორაციები უფრო და უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ  7,7 მილიარდი ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნედლეულისა და პროდუქტების ნარჩენებით ეკოსისტემების დეგრადაცია გლობალური პრობლემაა და, საბოლოოდ, ყველას შეეხება.

გარემოს დაცვის კამპანიაში ჩაერთნენ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები. 2020 წელს ასეთი ვალდებულების ამღები კომპანიების რიცხვი 46%-ით გაიზარდა. მსოფლიოში უმსხვილესი რითეილერი  Walmart-ი 2040 წლისთვის გამონაბოლქვის განულებას გეგმავს. 2030 წლისთვის, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ფრქვევის ლიკვიდაციას გეგმავს თავის ქსელში Apple-ც…

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი რაც გააკეთა, ამერიკა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებასთან დააბრუნა – აქედან ერთი პარიზის კლიმატური კონვენციაა, რომელიც წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად (189 ქვეყნისგან შემდგარ შეთანხმებას აშშ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გამოეყო).

ევროპაში გარემოს დაცვის აქტივისტებმა მრავალწლიანი აქტივობებით შეძლეს პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა. მაგალითად, გერმანელი აქტივისტების თქმით: „ყველა გერმანელმა პოლიტიკოსმა გააცნობიერა, რომ მწვანე პოლიტიკის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებს“.

„წრიული ეკონომიკა“ – ენერგიების ჩანაცვლება

ცივილიზაციის კომფორტს შეჩვეულ მსოფლიოს შოკისმომგვრელ დოქტრინებს სთავაზობენ გარემოს დაცვის ექსპერტები. 2018 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერებული კონცეფცია „წრიულობის რღვევა“ კაცობრიობის ისტორიაში ახალი მოვლენაა და მას წიაღისეული საწვავის სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების დაწყების პერიოდამდე, XVIII საუკუნემდე მივყავართ.

წრიული ეკონომიკის კონცეფცია რესურსების ზომიერად გამოყენებას, წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლას და მასალების მრავალგზის გადამუშავებას ითვალისწინებს. მისი მიმდევრები თვლიან, რომ ხალხის ნებისა და სათანადო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელია ახალი ენერგოწყაროებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, შხამიანი ნივთიერებებისა თუ ნახშირორჟანგის ემისიის გარეშე პროდუქტების დამზადება და პლასტმასის ბიოდეგრადირებადი შემცვლელების მოხმარება.

ეს იდეა პოპულარული განსაკუთრებით ევროპაში გახდა. ევროკავშირი ამ სტრატეგიაში მილიარდებს აბანდებს. ნიდერლანდებმა პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის სრულად გადავა წრიულ მოდელზე. ამსტერდამს, პარიზსა და ლონდონს გეგმა სრულად გაწერილი აქვთ.

სახელმწიფოების მიერ განახლებადი ენერგიის კვლევის წახალისებას (გერმანია, იაპონია, ჩინეთი, აშშ), მზის პანელებზე მოთხოვნის გაზრდა და მისი წარმოების გაიაფება მოჰყვა. დღეისათვის, აშშ-ში მზის ენერგიით 13 მილიონი სახლი მარაგდება. 2010 წლიდან აშშ-ში 500-ზე მეტი ქვანახშირის ელექტროსადგური დაიხურა. კალიფორნიის შტატი ახალ სახლებში მზის პანელების დაყენებას ითხოვს. ლოს-ანჯელესი უახლოეს რვა წელში 28 000 ელექტროგასამართი სადგურის დამონტაჟებას გეგმავს. ნიუ-იორკის ქალაქის საკრებულომ მიიღო კანონი, რომლითაც 2030 წლისთვის დიდ და საშუალო ზომის შენობებს ნახშირორჟანგის ემისიების მეოთხედზე მეტის შემცირება მოეთხოვებათ.

ისევ ტყე თუ გვიშველის

გლობალური ემისიების თითქმის ნულამდე დაყვანის შემთხვევაშიც კი ატმოსფეროში უკვე არსებული სათბურის აირების მოშორება რთული პროცესია ფინანსური თუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ექსპერტების აზრით, მოკლევადიანი და ყველაზე ოპტიმალური საშუალება ამ მხივ, ისევ მწვანე საფარი – ტყეებია, რომლებიც ნახშირორჟანგს შთანთქავენ.

სანამ მთავრობები და ფინანსური წრეები მოსალოდნელ ხარჯებსა და სირთულეებს გაურბიან, მსოფლიოს გარემოს დამცველი აქტივისტები მასშტაბურ კამპანიებს მართავენ უფრო მწვანე და სუფთა სამყაროსთვის:

22 წლის გერმანელი აქტივისტის ფელიქს ფინკბაინერის ინიციატივა Plant-for-the-Planet (დარგე პლანეტისთვის)  მთელმა მსოფლიომ აიტაცა და მის ფარგლებში უკვე 73 ქვეყანაში რვა მილიონი ხე დაირგა; 15 წლის ნაირობელი ფეხბურთელი მუტუნკეი კენიის ტყეების აღსადგენად ყოველი გატანილი გოლის შემდეგ თითო ხეს რგავდა. მალე მას სხვა ახალგაზრდებმაც მიბაძეს და თავიანთ წარმატებას ხის დარგვით აღნიშნავდნენ; ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში, კლიმატის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლო დავებს იგებენ; ინდოეთში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის გეგმის ფარგლებში 2 მლნ-მა ადამიანმა 250 მლნ. ხე დარგო; პაკისტანში 15 ნაციონალური პარკი შექმნეს; პერუში ტყეებს აშენებენ მაჩუ-პიკჩუს ირგვლივ; ნიუ-იორკში გაწმინდეს სტეიტენ-აილენდი, სადაც წლების მანძილზე ფუნქციონირებდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი. ახლა ნაგვის მთების ნაცვლად 890 ჰექტარზე სიმწვანე, სპორტული მოედნები და ველობილიკებია.

რესურსეფექტური ეკონომიკა

განვითარებული ქვეყნების ნარჩენების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარჩენების გადამუშავების – რეციკლირების ზრდა და ნაგავსაყრელებზე განთავსების შემცირება რესურსეფექტური ეკონომიკის წახალისების გზით.

რეციკლირება აუცილებელი ხდება, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის პარალელურად მცირდება რესურსები. 2012 წელს მოსახლეობის სიდიდემ 7 მილიარდს მიაღწია. რესურსების რაოდენობა კი 1935 წელს 30% იყო, ხოლო 2007 წელს 15%-მდე დავიდა.

ნედლეულის მეორად გადამუშავებაზე, ყველაზე ძველი დოკუმენტური ისტორიული მასალები მოიპოვება იაპონიის შესახებ. პირველმა ნაგავგადამამუშავებელმა ქარხანამ 1897 წელს ნიუ-იორკში დაიწყო ფუნქციონირება. ამ სიახლეს  ევროპაში პირველად 1994 წელს  გერმანელები გამოეხმაურნენ.

დღისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავების მენეჯმენტი იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი ხვდება. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს შვედეთი და ნორვეგია, სადაც ნარჩენების წვის შედეგად მიღებული ენერგიით უკვე დიდი ხანია ათბობენ ბინებს, ქალაქებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.

2005 წელს იაპონიაში გაჩნდა იდეა 3R მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მიზანი ნარჩენების სწორი მართვაა – “ნული ნარჩენი – უდანაკარგო წარმოება“. 3R ანუ: Reduce – შემცირება, Reuse – ხელახალი გამოყენება, Recycle – გადამუშავება. ამ იდეას ოფიციალურად  მხარი 2008 წელს ქალაქ  ტოკიოში 8 დიდი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე დაუჭირეს.

თანამედროვე ლიტერატურაში 3R-ს კიდევ 2 პრინციპი დაემატა – ენერგიად გარდაქმნა (Energy Recovery), რომლის დროსაც ნარჩენების სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავებით ენერგია მიიღება და განთავსება (Disposal), რაც გულისხმობს ნარჩენების განთავსებას მიწის ზედაპირზე სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ.

2007 წელს ევროკავშირში მიიღეს სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული შვიდი სახის ნარჩენი  და გააგზავნონ  ისინი შესაბამის ადგილებში რეციკლირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები, რომლებიც მსოფლიოს ნარჩენების უკეთ მართვაში დაეხმარება. მათ შორისაა: ISO 15270:2019 – პლასტმასას ნარჩენების ხელახალი გამოყენების სახელმძღვანელო, ISO/TC 297 – ნარჩენების მოგროვებისა და ტრანსპორტირების მენეჯმენტის სისტემა და ა.შ.

ფოტო: მთაწმინდის რაიონის გამგეობა

გლობალური პრობლემა და საქართველო

საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები, რომელთა მხარეც არის საქართველო (მათ შორის 19 კონვენციის), მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეროვნული პოლიტიკის ფორმულირების პროცესში.

2017 წელს, „პარიზის შეთანხმების” (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია  – UNFCCC) რატიფიცირებით საქართველომ აიღო ვალდებულება  წვლილი შეიტანოს სათბურის აირების ემისიების შემცირებაში. ამ მიზნით, შემუშავდა კლიმატის სტრატეგია 2030 წლისთვის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. დაიწყო ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კერძოდ, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა.

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა „ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია – 2016-2030 წწ.“ რომლის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან.  

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით: ქვეყნის მასშტაბით არსებული (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) 54 უკონტროლო ნაგავსაყრელიდან მოწესრიგდა – 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, მოეწყო ნარჩენების გადამტვირთავი 5 სადგური.  შემოიღობა არსებული ნაგავსაყრელები, მდინარეებთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელებზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაც იცავს მდინარეებს ნარჩენებით დაბინძურებისგან.

2024 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით არასახიფათო ნარჩენების 6-7 ახალი რეგიონული ობიექტი აშენდება (აჭარის რეგიონული ნაგავსაყრელის ჩათვლით). არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები კი ეტაპობრივად დაიხურება.

ინტეგრირებული არასახიფათო ნაგავსაყრელების მშენებლობა სხვადასხვა ეტაპზეა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში,  კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. ეს პროექტები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (KfW, EBRD, EU NIF, SIDA) მიერ ფინანსდება და მათი ღირებულება, ჯამში 67 497 815 ევროს (სესხი, გრანტი) შეადგენს.  

შემუშავდა ახალი სისტემა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“, რომელიც კომპანიებს და კერძო სექტორს ავალდებულებს წარმოებული პროდუქციის შეგროვებისა და რეციკლირების გარემოსთვის უსაფრთხო გზები გამონახონ (მისი დანერგვა  ახლო მომავალში იგეგმება). 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს დაეკისრათ ვალდებულება შემოიღონ ნარჩენების ეფექტური სეპარირების სისტემა, რომელიც 2025 წლისთვის სრულად უნდა დაინერგოს.

ქვეყანაში არ არსებობს სახიფათო და ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. შესაბამისად, ყველა სახის ნარჩენები ნაგავსაყრელებზე ერთად ხვდება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანს და გარემოს. ბევრმა არ იცის, რომ თერმომეტრი, ძველი ტელევიზორი, საათის ბატარეა, ეკონომიური ნათურა, პრინტერის კარტრიჯი ან თმის საღებავი სახიფათო ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება. ასეთი ნარჩენებისთვის აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ურნები, სადაც მათი ცალკე განთავსება იქნება შესაძლებელი.

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. იმის მიუხედავად, რომ არ ხდება ამ ნარჩენების მასშტაბური და ორგანიზებული დახარისხება, მათი გადამუშავების მცდელობები ქვეყანაში მაინც არსებობს. ნიშანდობლივია, რომ ეს საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით, სხვადასხვა სახეობის ნარჩენებს ამუშავებენ აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და იმერეთში. ძირითადად, ხდება ქაღალდის, პლასტმასის, საბურავებისა და შუშის გადამუშავება.

საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია მაკულატურის გადამუშავება. 10-მდე კომპანიაა ჩართული ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენების შეგროვებაში, რომელთა ნაწილი თავად ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, მეორადი ნედლეულის წარმოებასა და საბოლოო პროდუქტის წარმოებას.

ასევე, არსებობს არაკომერციული ორგანიზაცია Coop Georgia, რომელიც  უცხოელი და ქართველი მოხალისეებითაა დაკომპლექტებული და ემსახურება 50 დაწესებულებას – სკოლებს, ოფისებსა და რესტორნებს. ეს ორგანიზაცია ნარჩენების გადამუშავების ერთგვარ მინი სისტემას წარმოადგენს: თავად ცვლის ურნებს რეგულარულად, ახდენს მის გადარჩევა-დაფასოებას საწყობში და ტრანსპორტირებას შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოში.

საქართველოში, 2019 წლის დეკემბერში ამუშავდა GEFF ანუ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ. პროექტი ადგილობრივ ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს მწვანე ტექნოლოგიების შეძენასა და მწვანე პროექტების განხორციელებაში უწყობს ხელს.  ასევე, უწევს საკონსულტაციო მომსახურებასაც.  .

რაც შეეხება მწვანე მხსნელის – ტყის გადარჩენა-გაფართოებას, საქართველოში ამ მიმართულებით სასიკეთო ტენდენცია, ძირითადად, საზოგადოების ცნობიერების და აქტივობის ამაღლების მხრივ შეინიშნება. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამთავრობო თუ კერძო სექტორი ხეების დარგვის კამპანიას ეწევა და რგავს კიდევაც. თუმცა, ინსტიტუციურ დონეზე არსებული პრობლემების გამო ტყეებს დაავადებებისგან, უკანონო ჩეხვისგან და სტიქიებით მიყენებული ზარალისგან ეფექტიანად ვერ ვიცავთ.

ტყეებს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% უჭირავს და საერთო ჯამში 2 620 676 ჰექტარს ფარავს. სწორედ მათ უნდა შთანთქონ ჩვენი კომფორტისთვის გამოფრქვეული მავნე აირები და დაგვეხმარონ ჯანსაღ სუნთქვაში. სამართლიანი იქნება თუ ჩვენც უკეთ დავეხმარებით მათ.