ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

6 ივლისს ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიელი მუსიკოსი ერთი კვირის განმავლობაში მოტეხილობებით გამოწვეული ტკივილებით იტანჯებოდა. მას რომში, Campus Bio-Medico-ში მკურნალობდნენ, თუმცა ასაკისა და მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ენიო მორიკონე 400-ზე მეტი კინომუსიკის ავტორია. 1928 წელს დაბადებულმა მუსიკოსმა კარიერა მესაყვირის ამპლუაში დაიწყო, 1961 წელს კი პირველი კინოკომპოზიცია შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მორიკონეს 70-ზე მეტი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფილმისთვის აქვს ნამუშევარი, გრემის დიდების დარბაზში მას ადგილი 1966 წელს დაწერილმა საუნდტრეკმა დაუმკვიდრა ფილმისთვის „კარგი, ცუდი და ბოროტი“.

იტალიელმა კომპოზიტორმა მალევე მოიხვეჭა სახელი ჰოლივუდში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან Don Siegel, Oliver Stone და Warren Beatty. კვენტინ ტარანტინოსთან მორიკონეს კოლაბორაცია ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და 2016 წელს ფილმის „The Hateful Eight” მუსიკისთვის კომპოზიტორმა კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა.

90 წლის იუბილეს შემდეგ 2019 წლის ივნისში მორიკონემ მალევე ჩაატარა მისი ბოლო მუსიკალური ტურნე და აღნიშნა, რომ უკანასკნელად ასრულებდა საკუთარ მუსიკას.