
როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის, ენერგოინდუსტრიაში დასაქმებული ათასობით ადამიანი პოსტებზე რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები თითქმის ყველა სექტორს აძლევს დისტანციურად ფუნქციონირების საშუალებას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან ტექნიკურად მზად იმისთვის, რომ ენერგიის უწყვეტი მიწოდება და ხარვეზების აღმოფხვრა თანამშრომლების ადგილზე ყოფნის გარეშე შეძლონ.
ეს მაშინ, როცა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება ევროპის მასშტაბით და შესაბამისად, სულ უფრო მეტი პერსონალია საჭირო ინდუსტრიის გამართული მუშაობისთვის. მაგალითად, ბრიტანეთის ენერგოქსელების ასოციაცია Energy Networks Association აანონსებს, რომ აუცილებელი მიწოდების განხორციელებისთვის შესაძლოა ყოფილი თანამშრომლების გამოძახებაც გახდეს საჭირო. ბრიტანეთის მთავრობის რეკომედაციით ენერგოსექტორმა უნდა დაიწყოს მომზადება იმისთვის,რომ თანამშრომელთა 80%-ით შეძლოს ფუნქციონირება.
ევროპული ენერგოსაწარმოები ცდილობენ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პროტოკოლი დანერგონ სამუშაო პროცესში – ბრიტანეთში ელექტროსადგურების საკონტროლო პუნქტებში თანამშრომელთა პატარა ჯგუფები ცვლაში მუშაობენ, რათა ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა აირიდონ თავიდან, ხოლო საფრანგეთის ენერგოქსელში დასაქმებულები სამუშაოზე ნიღბებს იყენებენ ვირუსის შესაძლო გადაცემის პრევენციისთვის, შვედურ და ნორვეგიულ ენერგოკომპანიებს (Vattenfall AB, Statkraft Markets GmbH) თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაჰყავთ, ხოლო უშუალოდ მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ტოვებენ სამუშაო პოსტს, ურჩევენ სამსახურში მისასვლელად არ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად ყველაზე მომზადებული ატომურ ენერგიაზე მომუშავე სადგურები არიან, რადგან პანდემიამდეც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების პირობებში უწევდათ ფუნქციონირება. მაგალითად, ფრანგული კომპანია Electricite de France SA, რომელიც საფრანგეთში 58 ატომურ ელექტროსადგურს ამუშავებს, აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, თორმეტი კვირის განმავლობაში თანამშრომელთა მხოლოდ 25%-ით გააგრძელოს მუშაობა.
ენერგოკომპანიებს, როგორც წესი, კრიზისულ მდგომარეობაში ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი პროტოკოლი აქვთ. გეგმა გათვლილია არა მხოლოდ კორონავირუსის მსგავსი პანდემიების, არამედ ბუნებრივი კატაკლიზმების, ან ტერორისტული თავდასხმის პირობებში ფუნქციონირებისთვისაც.