პიროვნების ემოციური ინტელექტი და სამუშაო სივრცე უკიდურესად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. თვითშემეცნება, საკუთარი ფიქრებისა და აზროვნების შესწავლა და საზოგადოებაში ინტეგრირების უნარები ურთიერთგანმსაზღვრელი პროცესებია და ჩვენს სამსახურებში თანაბრად მნიშვნელოვანია მათი მაღალ დონეზე ფლობა.
ადამიანები თავიანთი საქმიანობისადმი მეტად მგრძნობიარეები არიან, ზოგიერთი მათგანისთვის კი სამსახური ბევრად მეტია, ვიდრე დროებითი მისია ან მუდმივი რუტინა – ის მათი იდენტობის უდიდესი ნაწილი და ზოგჯერ მთელი ცხოვრებაა.
იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ სამუშაო სივრცე გვაყალიბებს ინდივიდებად, გვაგრძნობინებს დაცულობასა და უსაფრთხოებას, გვთავაზობს განსხვავებულ შესაძლებლობებს და გვეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში. სამსახური ხშირად ხდება ჩვენი ცხოვრება, ამიტომაცაა, რომ მასთან დაკავშირებული საკითხები გულთან ასე ახლოს მიგვაქვს. ჩვენ ვცდილობთ, დავიმსახუროთ მეტი პატივისცემა და მხარდაჭერა, მოვიპოვოთ ფინანსური კეთილდღეობა, თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და ავირიდოთ პირადი უსიამოვნებები.
გთავაზობთ 7 მთავარ საკითხს, რომელსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები განსხვავებულად უმკლავდებიან.
ისინი სამსახურში დაძაბულ ვითარებებს პირად ანგარიშსწორებად არ აღიქვამენ
წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც თქვენი ფინანსური უფროსი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრიდან ძალიან უკმაყოფილო ბრუნდება. თანამშრომლებიც ასევე დათრგუნულები არიან და სიტყვაძუნწად გპასუხობენ, გასულ საღამოს აუცილებელი საქმე დაგავალეს და ის ერთ-ერთ თქვენგან უნდა შეესრულებინა, თუმცა მხედველობიდან ყველას გამორჩა და ამის გამო საერთო ზედამხედველიც გაცოფებულია.
ადამიანებს ახასიათებთ ტენდენცია იფიქრონ, რომ ყველაფერი კონკრეტულად მათ ეხებათ. ნებისმიერი ლოგიკური ეჭვი თუ სამსახურებრივი ხარვეზი ეჩვენებათ როგორც ნიშანი, თუ რაოდენ უუნარონი და არაპროფესიონალები არიან ისინი სხვათა თვალში.(ბევრი თანამშრომელი გახსენდებათ, რომელიც კვლავ აუღელვებელი და თავდაჯერებულია, მას შემდეგ, რაც უფროსი „ცალკე გასაუბრებას“ სთხოვს?)
ზოგადი ვითარების პირად ანგარიშსწორებად შეფასებას საფუძვლად ე.წ. Spotlight Effect უდევს, რაც გულისხმობს ადამიანთა წარმოსახვას, თითქოს ისინი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან და დანარჩენები კრიტიკულად აკვირდებიან მათ. მსგავსი ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა მათზე ფიქრობს.
Spotlight Effect ხშირად იწვევს არასწორი ინტერპრეტაციების მთელ ჯაჭვს. მაგალითად, თუკი რაიმეს სიფრთხილით ვეკიდებით, ესე იგი საკმარისად კომპეტენტურები არ ვართ; თუკი ვინმე უხეშად იქცევა, ის აუცილებლად ჩვენ გავაღიზიანეთ…ამის შემდეგ გაუცნობიერებლად მოვიხმობთ გამოგონილ არგუმენტებს და ჩვენვე ვიჯერებთ არარსებულ რეალობას.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პიროვნებებს კი ძალიან მკაფიოდ შეუძლიათ გამიჯნონ სუბიექტური წარმოდგენები ობიექტური ვითარებისგან და ამ გზით შესანიშნავად იაზრებენ, რომ არავინაა მათ შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე ისე მძაფრად ორიენტირებული, როგორც თავად არიან.
ისინი არ ცდილობენ დაუმტკიცონ სხვებს თავიანთი განსაკუთრებულობა და მნიშვნელოვნება
ადამიანები, რომლებიც გამუდმებით გაიძახიან, როგორი დაკავებულები და დატვირთულები არიან სამუშაო დღის მანძილზე, სულაც არ ცდილობენ კომუნიკაციას მხარდაჭერისა და გამხნევების მისაღებად. მათ უბრალოდ სურთ ხაზი გაუსვან რაოდენ მნიშვნელოვანი და შეუცვლელია მათი წვლილი სამსახურში. მსგავსი დამოკიდებულება ასევე შეიძლება გამოვლინდეს მათ გადაჭარბებულად კრიტიკულობაშიც. ისინი ყოველთვის ეძებენ ნაკლსა და უზუსტობებს სხვების საქმიანობაში და მუდამ მენტორისა და ავტორიტეტის როლში გვევლინებიან, მაშინაც კი, თუკი ფაქტობრივად მსგავსი პოზიცია არ უჭირავთ.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პიროვნებები გარშემომყოფთ მხოლოდ მაშინ აჩვენებენ თავიანთ უპირატესობას, როდესაც ეს სხვებისათვის აუცილებელი და სარგებლობის მომტანია. ისინი ასევე ხვდებიან, რომ საქმის სირთულეზე წუწუნის ნაცვლად გაცილებით მნიშვნელოვანია მისი მარტივად და ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიება და ამ საქმის დროულად შესრულება. ისინი ცდილობენ ჯგუფში მაქსიმალურად ჩადონ თავიანთი დადებითი ენერგია, სასოწარკვეთილების ნაცვლად გაამხნევონ დანარჩენები და დარჩნენ მისაბაძნი თვითფლობითა და გამჭრიახობით. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ზედმეტმა მცდელობამ, დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა, შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს საზოგადოების თვალში.
ისინი არ განსაზღვრავენ თავიანთ იდენტობას მხოლოდ და მხოლოდ სამსახურით.
ახალ ადამიანებს ჩვენი გაცნობისა და ვინაობის დადგენისას ერთ-ერთი პირველი შეკითხვა სამსახურების შესახებ ებადებათ. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობა და როგორ განსაზღვრავს ის ჩვენს იდენტობას საზოგადოებაში. თუმცა, თუ კი ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რა მოხდება ჩვენს ცხოვრებაში მაშინ, როცა სამსახურს დავკარგავთ? თუნდაც, ერთი საფეხურით ჩამოვქვეითდებით? ან, გარკვეულ ასაკში, მის რადიკალურად შეცვლას მოვინდომებთ?
პასუხი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ თქვენ ამასთანავე დაკარგავთ თქვენი არსებობის მნიშვნელოვან ნაწილს. აი, სწორედ ეს არის ის მძაფრი შიში, რომელიც ადამიანებს უბიძგებს თავი გაანებოს სიახლეებზე ფიქრს და დაკმაყოფილდეს ამჟამინდელი პირობებით, ნაცვლად უკეთესი და უფრო საყვარელი სამუშაოს ძიებისა. ეს შიში პიროვნებას უმოძრაოდ ყინავს და აშეშებს მანამ, სანამ არ გაიაზრებს, რომ ერთი სამსახურის დაკარგვა იდენტობის დაკარგვას არ უდრის და ჩვენი წარმოდგენები მცდარია.
რასაკვირველია, თქვენ არსებობდით სანამ ეს სამსახური გექნებოდათ და აუცილებლად იარსებებთ მისი დაკარგვის შემდეგ. რასაც ახლა აკეთებთ, ეს თქვენი ცხოვრების მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია, რომელიც თავისუფლად შეიძლება უმტკივნეულოდ ჩანაცვლდეს ახლით, უფრო სასურველითა და მისაღებით.
ისინი პატივისცემით ეპყრობიან ყველას, რათა თავადაც პატივისცემა დაიმსახურონ
ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ სამსახურში პატივისცემით ექცეოდნენ, თუმცა მხოლოდ ცოტა მათგანი აღიარებს, რომ ამისათვის მათი მხრიდანაც ქცევის ანალოგიური წესებია საჭირო. მაგალითად, თუ კი დაესწრებით შეხვედრას, სადაც თქვენთან ერთად იმყოფებიან თანამშრომლები, რომელთაც უკვე 25 წელზე ხანგრძლივი სტაჟი აქვთ და იქცევით ხისტად, თითქოს მათი შეხედულებები თქვენსაზე მოძველებული და უსარგებლოა, ასეც რომ იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ, ზრდილობის გამო, გარშემომყოფთა პატივისცემა დაიმსახუროთ.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ყურადღებით ისმენენ და მშვიდად აფასებენ ნებისმიერი კოლეგის მოსაზრებებს მაშინაც კი, როცა მათ არ ეთანხმებიან და მკვეთრად განსხვავებულად ფიქრობენ კიდეც მათთან შედარებით.
მათ კარგად ესმით, რა არის მათი ფინანსური კეთილდღეობის წყარო
ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ რა იქნება უფრო მომგებიანი, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რისკენ მიმართონ მეტი ენერგია, რათა მიიღონ უფრო მაღალი შემოსავალი.
მაგალითად, ისინი არ ელოდებიან სამი ნულით დაბოლოებულ ხელფასებს სამუშაოს პირველივე წლის დასაწყისში. ისინი შეიძლება ასრულებდნენ თითქმის ანალოგიურ საქმეს, რასაც მათზე უფრო დაწინაურებული თანამშრომლები. დიახ, მართალია, ზოგჯერ გარემოებები ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ გავუმკლავდეთ და ვაქციოთ სამომავლო ინვესტიციად. გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პიროვნებები ობიექტურად აფასებენ დამსაქმებელი კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს და თავიანთ ინტელექტუალურ კაპიტალს, რომელიც საჭირო დროს აუცილებლად უნდა აინაზღაურონ. ასეთი ადამიანები მარტივად პოულობენ იდეალურ ბალანსს, რა სახის სამსახური უნდა შეასრულონ და რა რაოდენობის ანაზღაურების სანაცვლოდ.
ისინი გარდაქმნიან მარცხს ახალ შესაძლებლობებად
ადამიანთა უმრავლესობას მარცხის ძალიან ეშინია, რადგან ისინი მას თავიანთ საბოლოო მკაცრ განაჩენად აღიქვამენ. ბუნებრივია, არსებობს ფიქრის განსხვავებული გზაც – მაგალითად, თუკი დაკარგავთ ერთ პოზიციას სამსახურში, იქნებ, უბრალოდ სხვა პოზიციისთვის უნდა მოგიწიოთ ბრძოლა? თუკი სამსახურს მთლიანად დაკარგავთ, იქნებ დროა საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ და თვითდასაქმებული გახდეთ?
არცერთი იმედგაცრუება არ არის რეალური დანაკარგი, ეს მხოლოდ ახალი თვისებებისა და უნარების გამომუშავების პროცესია. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს მუდამ შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წარმატების მისაღწევად თავიანთ შესაძლებლობებზე ფოკუსირდნენ.
ისინი ინარჩუნებენ თავმდაბლობასა და ემოციურ წონასწორობას რთულ ვითარებებშიც
ყველაზე განსაცვიფრებელი და ღირებული უნარი, რომელსაც შეუძლია წარმატებული კარიერის შექმნასა და შენარჩუნებაში დაგეხმაროთ, გულწრფელი თავმდაბლობა და ემოციურად გაწონასწორებული ხასიათია.
მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიცია გიჭირავთ, რა სახის სამუშაოს ასრულებთ ან რამდენია თქვენი ანაზღაურება. თუკი არ შეინარჩუნებთ თქვენს თავდაჭერილობასა და ზომიერებას, მალევე დაკარგავთ სხვების პატივისცემას და კრიტიკისადმი ადეკვატურობას, ეს კი საბოლოოდ თქვენი პიროვნული ზრდის ტემპს შეაჩერებს და გარდაუვალ კარიერულ მარცხამდე მიგიყვანთ.
არაფერია უფრო გაუსაძლისი, ვიდრე ადამიანი, რომელიც მუდამ ცდილობს ყოველთვის უშეცდომო, უნაკლო და შეუცვლელი გამოჩნდეს. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს თავმდაბლობა ეხმარებათ დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა – „უმჯობესია მოვიქცე ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, თუ უმჯობესია მოვიქცე ისე, როგორც გარემოებები მიკარნახებს სამართლიანობას?“
წყარო: Forbes
ავტორი: ბრიანა ვაიესთი