ინტერიერის პირველი დიზაინერი | ელსი დი ვულფი

ქალი, რომელმაც ინტერიერის დეკორს, როგორც პროფესიას ჩაუყარა საფუძველი, დაიბადა ნიუ იორკში, 1859 წელს. თითქმის საუკუნე გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ სახასიათო სტილი, რომელსაც ის იყენებდა დიზაინში, დღესაც აქტუალურია.

ახალგაზრდობაში რამდენიმე წარმატებული თეატრალური როლის შემდეგ, ელა ანდერსონ დი ვულფი პროფესიონალი მსახიობი გახდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი როლიც აქვს შესრულებული, მაგრამ ყოველთვის თავისი ჩაცმის განსხვავებული, საინტერესო სტილით უფრო გამოარჩევდნენ, ვიდრე არტისტიზმით. ელსი პროდიუსერთან შეთანხმებით სასცენო ტანსაცმელს მთლიანად თვითონ ირჩევდა.

„მე არ ვიცი არაფერი უფრო მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ვიდრე გაიუმჯობესოს საცხოვრებელი ადგილი. გინდა თუ არა, შენს საცხოვრებელში გამოხატავ შენს თავს.“

1887 წელს ელსი საცხოვრებლად პროდიუსერ ელიზაბეტ მერბურისთან ერთად გადავიდა – იმ დროისათვის, ორი ქალის მსგავს თანაცხოვრებას „ბოსტონურ ქორწინებას“ უწოდებდნენ. ნიუ-იორკის ვიქტორიანული სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ელსიმ თავისი გემოვნებით გადააკეთა.

ვიქტორიანული ეპოქის დიზაინი ბავშვობიდან არ მოსწონდა, სძულდა ის ავეჯი და დეკორაციებიც კი, რომლებიც ამ კონკრეტული ეპოქისთვისაა დამახასიათებელი და მრავალ მუზეუმში არის გამოფენილი. მან სახლს მოაშორა ყველა გადატვირთული დეტალი და მკაცრი, დახშული ინტერიერი უფრო ლაღი და ჰაეროვანი გახადა.

ამას მოჰყვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – არქიტექტორ სტენფორდ ვაითის კოლონიის კლუბი, რომლის ინტერიერის დიზაინის მოწყობა სწორედ ელსი დი ვულფს შესთავაზეს. კოლონიის კლუბმა გახსნიდან ერთ ღამეში მოიპოვა პოპულარობა. ფერადი, პრინტიანი ნაჭრები, ფილებით გაწყობილი მკრთალი კედლები და დაწნული ავეჯი – ეს კლუბი არ გავდა ტრადიციულ კლუბს ან რაიმე სხვა დიზაინს, რომელიც მნახველს თავს ასე დაამახსოვრებდა.

1905 წელს ელსიმ გადაწყვიტა ინტერიერის დიზაინი თავის ოფიციალურ პროფესიად ექცია. მას შემდეგ მრავალი პროექტი შეასრულა, როგორც აღმოსავლეთ სანაპიროზე, ასევე კალიფორნიაში. ნიუ-იორკში იმუშავა ცნობილ არქიტექტორ, ოგდინ ქოდმენთან ერთად. ელსიმ ითანამშრომლა ჰენრი ქლეი ფრიქთანაც, ცნობილ ამერიკელ ფილანტროპისტთან და ინდუსტრიალისტთან – ფრიქმა ინტერიერისთვის ნახატებში, სკულპტურებსა და ავეჯში მილიონობით დოლარი დახარჯა.

1913 წელს ელსიმ გამოაქვეყნა თავისი ცნობილი წიგნი „გემოვნებიანი სახლი“, სადაც მკაფიოდ აცხადებს: „მე არ ვიცი არაფერი უფრო მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ვიდრე გაიუმჯობესოს საცხოვრებელი ადგილი. გინდა თუ არა, შენს საცხოვრებელში გამოხატავ შენს თავს.“ ელსისთვის დიზაინი მორალური საკითხი იყო „შენ ხარ სადაც შენ ცხოვრობ“ – ამბობდა თავის წიგნში.

თავის ავტობიოგრაფიაში ის თავის თავს უწოდებს „შეუხედავ ბავშვს“, რომელიც ცხოვრობდა „შეუხედავ დროში“. წიგნში დიზაინერს საერთოდ არ აქვს მოხსენიებული თავისი ქორწინება დიპლომატ სერ ჩარლს მინდელთან. ისინი მთელი ქორწინების პერიოდი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და როგორც ამბობენ, მხოლოდ სოციალური პირობების გამო შექმნეს ოჯახი. ელსი კვლავ ცხოვრობდა ელიზაბეტ მერბურისთან, რომელთან ერთადაც 40 წელი იცხოვრა. როგორც გარშემომყოფები ამბობდნენ, მათ ერთმანეთი უყვარდათ.

ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა ელსი დი ვულფის წარმატებაზე, მას ჰქონდა კონტაქტები, სამსახიობო რეპუტაცია, ჰყავდა გავლენიანი ოჯახი. თუმცა, იმ წლებში არატრადიციულ სფეროში წარმატების მიღწევა ქალისთვის ძალიან რთული იყო. ელსი ცხოვრობდა ფუფუნებაში ხნიერ ასაკამდე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოუწია კალიფორნიაში გადასახლება ჩარლსთან ერთად. იქ არსებული ბევერლი ჰილსის სახლი, რომელიც დანგრევას გადაარჩინა, გადააქცია სარკეების და პალმების სასახლედ და დაარქვა „ყველაფრის შემდეგ“, მის ავტობიოგრაფიასაც იგივე სახელი ჰქვია. „როდესაც სხვა ქალებს ესიზმრებათ თავიანთი სასიყვარულო ისტორიები, მე მესიზმრება სახლები სადაც მიცხოვრია, ალბათ ამიტომ მოწონთ ადამიანებს ჩემი დიზაინი, ისინი გრძნობენ, როგორ მიყვარდებოდა ის სახლები მათზე მუშაობის დროს“.