თამაშის შეცვლილი წესები

დაუვიწყარი სანახაობისა და მძაფრი ემოციების გარდა, რატომ გვიყვარს ასე ძალიან სპორტი ადამიანებს? იმათაც კი, ვინც სპორტულ-ჯანსაღად დიდად არ ვცხოვრობთ, მაგრამ მისგან წარუშლელ შთაბეჭდილებებს ვიღებთ.

ალბათ იმიტომაც, რომ სპორტს მართლაც შეუძლია, ადამიანების ცხოვრება შეცვალოს და გამბედაობისა და თავდაჯერებულობის საოცარი მაგალითები შექმნას. მერე კი ეს ისტორიები საუკეთესო მოტივატორად აქციოს განსაკუთრებით გოგოებისთვის, რომლებსაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გადალახვა მხოლოდ იმიტომ უწევთ, რომ გოგოები არიან. რაგბის მსაჯისა და სპორტის მასწავლებლის, 35 წლის ნინო ელოშვილის ამბავიც ერთ-ერთი ასეთი სტიმულია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინო სპორტულ ოჯახში იზრდებოდა. დედა აკრობატი მალვინა ფხაკაძე იყო, მამა, მამუკა ელოშვილი, კი ‒ ფეხბურთის მწვრთნელი. აქტიურ სპორტთან შეხება 12 წლისამ დაიწყო: „მართვეში“ ხელბურთის სათამაშოდ მივიდა და ამ სახეობით მაშინვე ძალიან მოიხიბლა.

პირველი ნაბიჯების გადადგმა რთულ დროში მოუწია. თანაგუნდელებთან ერთად მძიმე პირობებში ვარჯიშობდა: დარბაზში ციოდა, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, ფანჯრის ჩამსხვრეული მინებიდან კი ქარი უბერავდა. მიუხედავად ამისა, თამაშს აგრძელებდა, კაპიტანიც იყო და სანაკრებო დონეზეც ასპარეზობდა.

სამწუხაროდ, გოგოები ცოტანი იყვნენ. არც ფინანსები ჩანდა და არც ‒ პერსპექტივა, ამიტომ 8 წლის შემდეგ ჯერ „მართვე“ დაიშალა, შემდეგ კი ‒ ეროვნული ნაკრები. იმ დროს ნინო და ინა ჭკუასელი, რომელიც ახლა ხელბურთელ გოგოებს წვრთნის, უკვე მსაჯობდნენ კიდეც, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ნინოს თამაში უნდოდა და სულ ამ ემოციური დანაკლისის შევსებას ცდილობდა.

„ძალიან რთულია, როცა სათამაშო კარიერას შედარებით ადრე წყვეტ და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა აღარ გაქვს. მე ის საოცარი შეგრძნებები მაკლდა, რომლებიც მხოლოდ თამაშს მოაქვს. მსაჯობა მათ ვერ მიცვლიდა და გული ძალიან მწყდებოდა“, ‒ იხსენებს ნინო.

იმ პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტს ამთავრებდა. არჩევანის წინაშე იდგა: ან პროფესიულ კარიერას უნდა გაჰყოლოდა ან სპორტში დარჩენილიყო. მალევე მიხვდა, რომ პერსპექტიული სპეციალობის მიუხედავად, წასვლა არ შეეძლო, სწორედ ამ დროს ნინოს ცხოვრებაში ხელბურთისგან სრულიად განსხვავებული სპორტი ‒ რაგბი გამოჩნდა.

„მაშინ რაგბის შესახებ არაფერი ვიცოდი, არც წესები და არც ის, საქართველოში მორაგბე გოგოები თუ იყვნენ. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. შემთხვევით ზურა დუგლაძე გავიცანი, რომელიც მაშინ შვიდქალას აყალიბებდა. ბევრჯერ შემომთავაზა: მოდი, მოსინჯე, ძალიან მოგეწონებაო და მართლაც, ისე მოხდა, რომ მივედი და დავრჩი“, ‒ ჰყვება ნინო.

რაგბის ვინც თამაშობს, აღნიშნავს, რომ თუ ოვალურ ბურთს ერთხელ შეეხები, მერე სამუდამოდ იყვარებ. ნინოს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ამბობს, რომ პირველივე თამაშზე სპორტის ამ სახეობით, მისი სულისკვეთებითა და ხასიათით „მოიწამლა“.

„რაღაცნაირი განსაკუთრებული განცდაა… როცა ბურთი შენს ხელშია, თან პასუხისმგებლობას გრძნობ, უფრთხილდები, ცდილობ, არ დაკარგო, წინ წაიწიო, შეუტიო. თან უჩვეულო თავისუფლება გიპყრობს, რომელიც ამავდროულად მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემის გამოჩენასაც გავალებს. ამ ბრძოლაში მთავარი არა მარტო ლელოს დადება, არამედ ღირსეული ქცევაცაა“, ‒ აღნიშნავს ნინო.

რაგბიში 8 წელი სწორედ ამ სულისკვეთებით გაატარა. უნივერსალი იყო: თამაშობდა ყველგან, სადაც გუნდს დასჭირდებოდა, თანაც, ხელბურთის უნარებსაც წარმატებით იყენებდა. სპორტის ამ სახეობამ პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა მისცა. მოსწონდა, რომ ჯერ კიდევ მაშინ გოგოების გუნდის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება არსებობდა. ისიც ბოლომდე იხარჯებოდა და პარალელურად, სამსაჯო კარიერაშიც პირველ ნაბიჯებს დგამდა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„მერე თაობათა ცვლა დაიწყო და ლელოს დადება ახალ გოგოებს დავუთმე, მე კი მთლიანად მსაჯობაზე გადავერთე“, ‒ ამბობს ნინო.

ადამიანისთვის, რომელიც აქტიურ სპორტშია ჩართული, წასვლა ყოველთვის გარკვეულ სევდას უკავშირდება. ნინოს ცხოვრებაში ეს უკვე მეორედ ხდებოდა:

„სპორტი ისეთ ემოციას გაძლევს, რომ მერეც, როცა თამაშს თავს ანებებ, ყველგან იგივეს ეძებ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ პოულობ. მას არაფერი გინაზღაურებს, იგივენაირად ვერსად იხარჯები. მსაჯობა მხოლოდ ამ ემოციასთან ახლოს ყოფნაა, ერთგვარი ნუგეშია. ეს განცდა ყველას გვემართება. უბრალოდ დროთა განმავლობაში ვიაზრებთ და ვეგუებით“, ‒ აღნიშნავს ნინო.

ახლა საქართველოში უმაღლეს ლიგას მსაჯობს, ზოგჯერ კი მატჩის კომისრის ფუნქციას ასრულებს. ბოლო წლებია, კარიერას საერთაშორისო დონეზეც ავითარებს. 2019 წელს ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის თანამსაჯი იყო და კარგი გამოცდილებაც მიიღო, წელს ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, 5 თამაშში ცენტრალური მსაჯის, ფინალში კი თანამსაჯის ფუნქცია შეასრულა.

„ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ჩემს თავზე თუ ვიმუშავებ, პერსპექტივები ნამდვილად მაქვს. მით უფრო, რომ ფიზიკური მომზადებაც ხელს მიწყობს. რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე რომ არ ვიყო, ასეთ თამაშებს არავინ მანდობდა“, ‒ ამბობს ნინო.

ქალები სტერეოტიპულ თამაშში

როცა რაგბიში წასვლაზე ფიქრობდა, მასაც, როგორც ბევრ სხვა გოგოს, სტერეოტიპები აფერხებდა. მაშინ მართლაც თითებზე თუ დაითვლიდა იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ ეს თამაში ყველასი იყო.

„ვიცოდი, თუ დავიწყებდი, ისე სერიოზულად უნდა მომეკიდა ხელი, რომ დამემტკიცებინა: მეც შემიძლია. საქმე მხოლოდ რაგბის არ ეხებოდა. ზოგადად გოგო რომ სპორტზე სიარულს გადაწყვეტდი, უკვე ძალიან არაპოპულარულ, უჩვეულო ნაბიჯს დგამდი. ოვალური ბურთის შესახებ რომ გაიგეს, გაოცებულები მიყურებდნენ“, ‒ იხსენებს ნინო.

მორაგბე გოგოები მაშინ განსაკუთრებულად შრომობდნენ. საკუთარი დამოკიდებულება და მოტივაცია მოედანზე უნდა დაემტკიცებინათ. შედეგებს ყოველ წელს აუმჯობესებდნენ და ყველას, ვინც მანამდე ეჭვის თვალით უყურებდა, მხარდაჭერისკენ უბიძგებდნენ.

„ჩვენი თამაშით იხიბლებოდნენ ხოლმე, რა მაგარიაო, ამბობდნენ. მთელ გულს ვდებდით და მერე ვინმეს რომ გავექილიკებინეთ, აღარ ვღელავდით. ეს მათი პრობლემა იყო და არა ჩვენი“, ‒ ჰყვება ნინო.

ახლა უკვე საკუთარი გამოცდილების საფუძველზეც, დანამდვილებით იცის, რომ ქალებს სპორტში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. არა მარტო მსაჯები, არამედ მოთამაშეებიც, სპორტის ძალისმიერ სახეობაშიც კი უფრო კორექტულ, თავშეკავებულ გარემოს ქმნიან.

„ისეთი მომენტებიც მახსოვს, როცა რთულ და დაძაბულ თამაშებს გოგოები სპეციალურად ვმსაჯობდით, მაყურებლის მხარესაც და მოედანზეც მეტი სიმშვიდე რომ ყოფილიყო. ზოგადად, ქალების მიმართ ასეთი განწყობა არსებობს და მგონი, ეს ძალიან კარგია“, ‒ აღნიშნავს ის.

ფიქრობს, რომ მსოფლიო რაგბიში ქალების წარმოჩენის მასშტაბი სულ უფრო იზრდება. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციაა საქართველოშიც და მისი გაგრძელება აუცილებელია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„დღეს რას ვთამაშობთ, ნინო მასწ?“

უკვე 12 წელია, 175-ე სკოლაში, რომელიც თავადაც დაამთავრა, სპორტის უფროსი მასწავლებელია. ყველა ასაკის მოსწავლე ჰყავს და ეს საქმე განსაკუთრებით უყვარს.

„ბავშვებს ვერასდროს შეველევი. გულწრფელები, ლაღები არიან და ისეთ გარემოს ქმნიან, სხვაგან რომ ვერ ნახავ. მათთან ყოფნა დიდი სიამოვნებაა. თვითონაც ძალიან მოსწონთ, გაკვეთილის დაწყებისთანავე შემომეხვევიან ხოლმე, ნინო მასწ, დღეს რას ვთამაშობთო“, ‒ ამბობს ნინო.

გაკვეთილებზე სპორტის პოპულარიზაციას, მოსწავლეების დაინტერესებას ცდილობს. ზოგს თავიდანვე მარტივად ამჩნევს, რომ განსაკუთრებული უნარებითაა დაჯილდოებული, ნიჭიერია და პერსპექტიული. ასეთი ბავშვი სივრცესაც სხვაგვარად ხედავს, სწორად გადაადგილდება, თამაშს გრძნობს, მარტივად ითვისებს და ბევრ რამეს ინსტინქტის დონეზე ხვდება. თუმცა, ნინოსთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლე ბოლომდე გაიხსნას.

„ბავშვს აუცილებლად უნდა მოეხსნას კომპლექსი, რომ აი, ვიღაცას მეტად გამოსდის და მას არა. გაკვეთილზე ბევრჯერ ვხსნი, რომ ყველანი ინდივიდუალურები არიან და განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. თუმცა, თუ რაღაც ახლა არ გამოსდით, შეუძლიათ, ის უნარი დროთა განმავლობაში განავითარონ. რომ საჭიროა, საკუთარი თავი უკეთ შეიცნონ და უპირატესობები მოძებნონ. გუნდურ სპორტში ძალები ისეა გადანაწილებული, რომ ამ დადებითი მხარეებით ისინი თავიანთ ადგილსა და ფუნქციას აუცილებლად იპოვიან“, ‒ აღნიშნავს ნინო.

შესაძლოა, ისე აღარ, როგორც მაშინ, როცა კარიერას თავად იწყებდა, თუმცა სპორტში გოგოების სიმცირე ახლაც თვალში საცემია. ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაწყებითი კლასებიდან უნდა დაიწყოს.

„სამწუხაროდ, გოგოებს სხვადასხვა წრეზე სიარულისა და ძალების მოსინჯვის, საკუთარი თამაშის პოვნის შესაძლებლობა არ აქვთ. უნდა ვიზრუნოთ და შევეცადოთ, მათ სპორტი ადრეული წლებიდან ისე შეიყვარონ, რომ გარდატეხის ასაკში, როცა უკვე პასიურდებიან ხოლმე, სხვადასხვა დისკომფორტის, თუნდაც პირობების არქონის გამო, ხელი არ შეეშალოთ. რა თქმა უნდა, მასწავლებლებს მნიშვნელოვანი როლი გვაქვს: ძალიან უნდა ვიაქტიუროთ, ბევრი ენერგია ჩავდოთ, დავაინტერესოთ. გარდატეხის ასაკის შემდეგ უკვე გვიანია ხოლმე. სხვა ინტერესები უჩნდებათ, სპორტისკენ აღარც კი იხედებიან, მით უმეტეს, ასეთ სტერეოტიპულ გარემოში“, ‒ აღნიშნავს ნინო.

თუ სპორტის მასწავლებლად მეტი გოგო იმუშავებდა, ეს მდგომარეობას ოდნავ მაინც შეცვლიდა და ბავშვებს რეალურ მაგალითებს ადრეული ასაკიდან შეაჩვევდა. ნინო მასწ უკვე ბევრი გოგოსთვისაა მაგალითი, როგორ იბრძოლო შესაძლებლობების რეალიზებისთვის.

„უფროსებმა არ უნდა გადაუწყვიტონ. მე რომ მუსიკაზე მიმიყვანეს, ის გაკვეთილები ფუჭი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, სპორტში არ დავნებდი, ვეძებე, განვვითარდი და წინ წავედი. მერე, როცა ჩემი გადაწყვეტილების სისწორე დავამტკიცე, საკუთარი სიტყვები უკან წაიღეს. ეს ყოველთვის ასე ხდება: თუ წარმატებას მიაღწევ, შენი წინსვლით თავადაც ამაყობენ“, ‒ აღნიშნავს ნინო.

***

ნინო საკუთარ თავზე მუშაობას არ წყვეტს. პროფესიონალიზმი მუდმივ განვითარებას გულისხმობს. მსაჯის საქმიანობა კი ასეთია: სულ ფორმაში ყოფნას, სტაბილურობას, კარგ მომზადებასა და მიღწეულის შენარჩუნებას მოითხოვს.

სტატია მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, სპორტში თანასწორობის მხარდაჭერისა და გოგოების ჩართულობის წასახალისებლად.