ცენტრისტი პოლიტიკოსი, ელიზაბეტ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ქვეყნის ისტორიაში ის მეორე ქალია, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. პირველი ქალი, რომელმაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩაიბარა, ედიტ კრესონია. ის თანამდებობაზე 1991 წელს დაინიშნა და მოცემულ რანგში მოვალეობებს ერთი წლის განმავლობაში ასრულებდა.
61 წლის ელიზაბეტ ბორნი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსს შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ბორნი 2017-2019 წლებში ტრანსპორტის მინისტრის, 2019-2020 წლებში ეკოლოგიის მინისტრის, 2020-2022 წლებში კი შრომის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სკოლაში სიტყვით გამოსვლისას ბორნმა განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას „ყველა პატარა გოგონას“ უძღვნის და მოუწოდა მათ, „გაჰყოლოდნენ თავიანთ ოცნებებს“. „არაფერმა არ უნდა შეანელოს ბრძოლა ქალის ადგილის მოსაპოვებლად ჩვენს საზოგადოებაში“, – დასძინა მან.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 12 და 19 ივნისს არის დაგეგმილი, ელიზაბეტ ბორნის ამოცანა საკანონმდებლო ორგანოში ახალი უმრავლესობის მოპოვება იქნება ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ბორნი ცხოვრების მზარდი ხარჯების შესამსუბუქებლად გარკვეული ზომების შემუშავებას ისახავს მიზნად.
ახალი პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი გამოწვევა საპენსიო რეფორმა იქნება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულმა მაკრონმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 ან 65 წლამდე გაზრდის ინიციატივა გააჟღერა.