თელ-ავივში ელექტრო გზების ტექნოლოგია დაინერგება, რომელიც ტრანსპორტს ელექტროენერგიით მოამარაგებს

უსადენო ელექტრო გზატკეცილი ისრაელში ელექტროენერგიით უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ავტობუსებს, რის შედეგადაც ახალი მწვანე ტრანსპორტირების ტექნოლოგია დაიტესტება.

ქალაქის ადმინისტრაციამ აღნიშნული საპილოტე პროგრამის დასანერგად კომპანია ElectReon-თან ითანამშრომლა. გზის საფარის ქვეშ კომპანია სპილენძის ხვეულებს დაამონტაჟებს, რომლებითაც სავალი ნაწილი ელექტროენერგიით მომარაგდება. თავის მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღიჭურვება შესაბამისი მიმღები დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც ისინი ენერგიის ნაკადს დაუკავშირდებიან.

Photo Credits to ElectReon

ელექტრო გზის სიგრძე თავდაპირველად 600 მეტრი იქნება. სისტემის ტესტირებასა და ინტეგრირებას კი დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, ელექტრო გზით სარგებლობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებიც შეძლებენ.

თელ-ავივის მერი იმედოვნებს, რომ მწვანე ტექნოლოგიის გამოყენებით ისინი შეძლებენ კლიმატურ კრიზისთან და გარემოს დაბინძურებასთან ეფექტურ ბრძოლას.