დღეს კორონავირუსს მსოფლიოსთან ერთად საქართველოც ებრძვის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია „გალფმა“ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს იმ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც თანამოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის დაუღალავად იბრძვიან. ამისათვის კომპანიამ სპეციალური ფონდი დააარსა. 19 მარტიდან 19 აპრილამდე „გალფში“ ჩასხმული თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი სწორედ ამ ფონდში გადაირიცხება – თანხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებსა და ექთნებზე გადანაწილდება.
„ყველამ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ კრიზისის დაძლევაში – ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. გვიხარია, რომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი, რომელიც გალფში ჩაასხამს საწვავს, შეგვიძლია გავხადოთ ამ დიდი პროცესის თანამონაწილე და ყველა ერთად მხარში დავუდგეთ ქართველ ექიმებს.“ – განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯიბლაძემ.
კამპანიაში ჩართვის მსურველებმა საწვავის ჩასხმისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ Gulf Club-ის ბარათი. საწვავის ჩასხმის შემდეგ თითოეული მომხმარებელი საინფორმაციო SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რამდენი ლარით დაეხმარა კონკრეტული მომხმარებელი ფონდს და მთლიანად რა თანხაა ფონდისთვის შეგროვებული.
კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ekimebistvis.ge, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის შეგროვების პროცესს ლაივ რეჟიმში ადევნოს თვალი.