ინოვატორი ქალები დიზაინის სფეროში: ეილინ გრეი

არქიტექტურაში Modern Movement-ის პიონერი დიზაინერი ეილინ გრეი 1878 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. ის წარმოშობით  ირლანდიელი იყო. მისი კარიერა უჩვეულოდ განვითარდა, დღეს ის ისეთ ევროპელ არტისტებთან არის ასოცირებული, როგორებიცაა კეტლინ სკოტი, ადრიანე გორსკა, ლი კორბუზიერი და ჯინ დადოვჩი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი E-1027-ია — თანამედროვე სახლის თავდაპირველი ვერსია, რომელიც საფრანგეთში სწორედ ეილინმა შექმნა.

Photo Credits to Manuel Bougot

აღსანიშნავია, რომ ეილინს მუდმივად ეს სახელი არ ერქვა. სინამდვილეში მისი გვარი სმიტი იყო, ის ირლანდიაში დაიბადა, დედმამიშვილებში ყველაზე პატარა იყო. გრეის მამა მხატვარი იყო, სწორედ მის გამო დაინტერესედა გოგონა მხატვრობით და ნამუშევრების შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი არ იყო ცნობილი შემოქმედი, მას არაერთ წარმატებულ მხატვართან ჰქონდა ურთიერთობა. გრეიმ 1898 წელს მშობლიური სახლი მიატოვა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

Photo Credits to MAD,Paris/Jean Tholance.

განათლებას რაც შეეხება, გრეი გერმანიაში სწავლობდა ცოტა ხნით, თუმცა მან გადაწყვიტა ხელოვნებას საფუძვლიანად დაუფლებოდა და ლონდონში წავიდა. სლეიდის სკოლაში მან 1900 წელს დაიწყო სწავლა, ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა და გრეი 168 სტუდენტში ერთადერთი ქალი იყო. მისი მასწავლებლები იყვნენ ფილიპ ვილსონ სტერი, ჰენრი ტონკსი და ფედერიკ ბრაუნი. სკოლაში ყოფნისას ის შეხვდა ავეჯის შემქმნელ დინ ჩარლზს, რომელთან ერთად მუშაობაც გადაწყვიტა კომპანია Soho-ში. 1902 წელს გრეი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, Académie Colarossi-ში განაგრძო სწავლა, თუმცა უკმაყოფილი იყო და Académie Julian-ში გადაწყვიტა გადასვლა. 1905 წელს მოგზაურობის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და სეიზო სიუგავასთან ერთად ბიზნესი დაიწყო — ისინი ავეჯს აწარმოებდნენ. ეილინს იმდენად სურდა ამ პროფესიას დაუფლებოდა, რომ დაუღალავად მუშაობდა, შედეგად დაავადდა, ხელებით საქმის კეთება უჭირდა, თუმცა მაინც არ დანებდა. 1910 წელს საკუთარი მაღაზიაც კი გახსნა.

აღსანიშნავია, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ის სასწრაფო დახმარების მძღოლადაც მუშაობდა. ომის შემდეგ, 1917 წელს ეილინი ჯულიეტა ლეივიმ დაიქირავა, რომ სახლების დიზაინი შეექმნა, ეს ქალბატონი მოდის სახლის მფლობელი იყო. ეილინის დიზაინი უნიკალური აღმოჩნდა, მასზე Harper’s Bazaar-მაც დაწერა 1920 წლის ნომერში. თანამედროვე და ამავდროულად კლასიკური სტილის შექმნის გამო გრეი პოპულარული გახდა, დამკვეთების რაოდენობა გაიზარდა, ამ ფინანსური წარმატების ფონზე ეილინმა 1922 წელს საკუთარი მაღაზია გახსნა პარიზში. მომხმარებლებს შეეძლოთ ავეჯი შეეძინათ და მათ გრეი თავად ეხმარებოდა სახლის ინტერიერის შექმნაში.

Photo Credits to Manuel Bougot

გრეის კარიერა არაერთ ეტაპს მოიცავდა, ის დაახლოებით 40 წლის იყო, როცა არქიტექტურით დაინტერესდა. მას არანაირი განათლება არ ჰქონდა ამ მხრივ და გადაწყვიტა, თავად ესწავლა. ის თეორიულ წიგნებს კითხულობდა, პრაქტიკულ განათლებას კი ადრიან გორსკასთან ერთად ეუფლებოდა. გრეი ქვეყნებშიც მოგზაურობდა, რომ სხვადასხვა ნიმუში ენახა და შეესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჰქონდა განათლება, არ ჰქონდა გამოცდილება, შესაბამისად, არავინ ისურვებდა მასთან თანამშრომლობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან თავისი მეგობრის სახელით მიწა იყიდა,  უცხოელი საფრანგეთში იმ პერიოდში მიწის მფლობელი ვერ იქნებოდა. ბადოვიჩის მფლობელობაში მყოფ მიწაზე მან მშენებლობა დაიწყო, თავად ბადოვიჩი კი მის კლიენტად იყო მიჩნეული. ამ სახლის აშენებას 3 წელი დასჭირდა, ეილინი მუდმივად იქ იყო, ხოლო ბადოვიჩი ზოგჯერ სტუმრობდა.

გრეიმ სახლს E-1027 დაარქვა, ეს პროექტი კი დღემდე ყველაზე წარმატებულად არის მიჩნეული. ეილინის ტექნიკა, აღმოჩენები, დიზაინი და სტილი ნოვატორული აღმოჩნდა. ამ ნამუშევრის შემდეგ გრეის არ აკლდა კლიენტები, მან 9 შენობა დააპროექტა 6 წლის განმავლობაში, მისი რეპუტაცია ძალიან მაღალი იყო. ინტერიერის დიზაინის შექმნისას ის მარგარეტ შუთ-ლიოცკის ფრანკფურტის სამზარეულოთი ხელმძღვანელობდა, როგორც თავად აღნიშნავდა.

Photograph: Berenice Abbott/National Museum of Ireland

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გრეი აღარ მუშაობდა, 1967 წლამდე — ამ წელს ისტორიკოსმა ჯოსეფ რიკვერტმა ეილინის შესახებ ესსე გამოაქვეყნა. დავიწყებული დიზაინერი ბევრ სტუდენტს გაახსენდა და სურდათ, მისგან რაიმე ესწავლათ. 1972 წელს ივ სენ ლორენის მოდის სახლმა Le Destin შეიძინა აუქციონზე და ბრენდი დაინტერესდა ეილინის კარიერით. ამავე წელს მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა ლონდონში, ერთი წლის შემდეგ დუბლინში. ამ უკანასკნელზე 95 წლის ეილინს Royal Institute of the Architects of Ireland-ისგან სპეციალური ჯილდო გადაეცა. 1973 წელს გრეიმ კონტრაქტი გააფორმა არაერთ კომპანიასთან და მათ მისცა უფლება, თავიდან ეწარმოებინათ Bibendum chair და მისი სხვა ნამუშევრები.

Image supplied by Aram Designs, holder of the worldwide licence for Eileen Gray designs.

ეილინ გრეი 1976 წელს გარდაიცვალა. სამწუხაროდ მან საყოველთაო აღიარება სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. დღეს ირლანდიის ნაციონალურ მუზეუმში მისი ნამუშევრების ხილვაა შესაძლებელი. მისი ნიმუში, სახელწოდებით „Dragons” armchair, აუქციონზე 21.9 მილიონ ევროდ გაიყიდა პარიზში 2009 წელს, ეს კი მე-20 საუკუნეში რეკორდული რაოდენობის თანხა იყო. არქიტექტორის შესახებ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი 2014 წელს, Gray Matters, რომელიც მისი თავგადასავლის, ცხოვრების და ნიმუშების შესახებ მოგვითხრობს. 2020 წელს კი მიშელ პიტიოტის ფილმი გამოვიდა, რომელიც 1973 წლის გრეის ინტერვიუს მიხედვით გადაიღეს, ნამუშევრის სახელწოდებაა In Conversation with Eileen Gray. ეილინ გრეი დღემდე ინსპირაციის წყაროდ რჩება არაერთი შემოქმედისთვის.