ევროპის მოსწავლე გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადის ყველა ქართველმა მონაწილემ წელს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ანა ონოფრიშვილი, თამარ კორკოტაშვილი, მარიამ ივარდავა და მარია ცხვედიანი. გოგონებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველომ IX-X ადგილი ბულგარეთთან გაიყო.
საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020) წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა.
„ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ოთხი გოგონასგან შედგებოდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთათვის ოლიმპიადა წარმატებული აღმოჩნდა. წელს პირველად, ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა: ანა ონოფრიშვილი – ოქროს მედალი; თამარ კორკოტაშვილი – ვერცხლის მედალი; მარიამ ივარდავა – ბრინჯაოს მედალი; მარია ცხვედიანი – ბრინჯაოს მედალი“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს EGMO-ს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი უმასპინძლებს.