მარკეტინგი, როგორც შემოქმედებითი პროცესი

ნინჩო ეგაძემ თიბისის მარკეტინგის დირექტორის პოზიცია ხუთი წლის წინ დაიკავა და ამ დროიდან მის სახელზე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტია. პროფესიით ვიზუალური კომუნიკაციის და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია. წლების წინ ნინჩომ მშობლებს რთული ამოცანა დაუსახა, დახმარებოდნენ ისეთი პროფესიის პოვნაში, რომელიც მათემატიკას, ინფორმატიკას, ხაზვას, ხელოვნებას, ხატვას და კრეატიულ აზროვნებას გააერთიანებდა. ასეთი, იმ დროისთვის, ნაკლებად ცნობილი კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა. მისი პირველი საქმიანობაც დიზაინი იყო, მალევე მიხვდა, რომ დიზაინში დათმობაზე წასვლა უჭირდა. დღეს ფიქრობს, რომ ამ სფეროში დარჩენით საშუალო დონის პროფესიონალი იქნებოდა და საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებას ვერ შეძლებდა.
მალევე იპოვა ბიზნეს სამყარო, რომლის შესაძლებლობებიც დღემდე ამოუწურავად და ყველაზე შემოქმედებითად ეჩვენება.

საკუთარ თავს მარკეტერს არ უწოდებს, ფიქრობს, რომ უსასრულო შემოქმედებით და ბიზნეს პროცესშია, სადაც შეგიძლია ყველაზე საინტერესო გზებით ისაუბრო რეალურ პრობლემებზე და იპოვო გადაჭრის გზები.

ნინჩო კინოს გადასაღებ მოედანზე მოხვედრის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი სფერო არ იყო, თეატრში კი ბავშვობისას არაერთხელ უთამაშია და პირველი ჰონორარებიც, სწორედ თეატრალურ დადგმაში მიიღო.

ყველაზე მეტად სოციალური პროექტებზე მუშაობა მოსწონს, საუკეთესო კომპლიმენტი კი შვილების ნათქვამი საქებარი სიტყვებია. ფიქრობს, რომ ამ სფეროში ბევრი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ის ხუთი სცენარიც მოფიქრებული აქვს, სადაც სამომავლოდ კარიერის გაგრძელება სურს.

ნინჩო ეგაძესთან Forbes Woman-ის ინტერვიუ მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპით, Red Bull-ში მუშაობის გახსენებით დავიწყეთ.

Red Bull

კავკასიის მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას წლების განმავლობაში იკავებდით, როგორი იყო ამ ბრენდთან მუშაობა?

Red Bull-ში შემთხვევით მოვხვდი, თუმცა ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდი ამ ბრენდს. ეს განსაკუთრებული, დატვირთული და ემოციური წლები იყო. ჩვენს გუნდს სამი ქვეყანა ებარა, სამ სხვადასხვა კულტურასთან გვქონდა შეხება. ძალიან ბევრი მოგზაურობა მიწევდა. რაღაც მომენტში ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როცა დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა პირადი განვითარების სურვილი ოჯახის კეთილდღეობასთან შემეთავსებინა; ფრენამაც დამღალა, გამოჩნდა თიბისი, რომელიც ქართულ ბრენდებში საუკეთესოდ მიმაჩნდა და მალბოროს და რედბულის შემდეგ მხოლოდ ამ ქართულ ბრენდთან შემეძლო დამეკავშირებინა საქმიანობა. დავთანხმდი შეთავაზებას თიბისისგან და სრულიად ახალი ეტაპიც დაიწყო. დღესაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე Red Bull-ში მუშაობის პერიოდს და იმ განწყობას, რაც ამ წლებს ახლდა. მიკვირს, როგორ ახერხებს ეს ბრენდი, ასეთი გიჟური რიტმის პირობებში, ასეთი მონდომებული და შთაგონებული ჰყავდეს გუნდი. მომწონს ეს დამოკიდებულება და ვცდილობ, დღესაც ამ განწყობით ვიფიქრო.

Red Bull-დან წამოსვლისას არ გქონდათ განცდა, რომ ასეთი ტემპი მოგენატრებოდათ?

იყო შემთხვევები, როცა ოცდაოთხი საათის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში აღმოვჩნდებოდი, თავიდან ეს ძალიან მომწონდა, სრულიად ახალი გამოცდილება იყო, რაღაც ეტაპზე ცოტა დავიღალე. მინდოდა აღარავისთვის მეთქვა, რომ დღეს ისევ მივფრინავ და არ ვიქნები. „თეთრი“ შურით მშურდა მათი, ვისაც მომდევნო ერთი კვირის დაგეგმვა ერთ გეოგრაფიულ მონაკვეთზე თამამად შეეძლო. ყველა ადამიანი მიილტვის იმისკენ, რომ ბევრი იმოგზაუროს და ბევრი ნახოს, მაგრამ ასეთი ტემპით ცხოვრების შემდეგ, მინდოდა საქართველოში მეტი დრო გამეტარებინა.

თიბისისთან ურთიერთობა იყო ამ საინტერესო ამბის გაგრძელება, ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ‒ უკვე საკუთარი ქვეყნის და ქართული კომპანიის წინაშე.

TBC-ში თქვენს სახელს ძალიან ბევრი პროექტი უკავშირდება, შეგიძლიათ კულისებში შეგვახედოთ და სამუშაო პროცესზე მოგვიყვეთ?

არ მქონდა ფინანსური სფეროში მუშაობის გამოცდილება, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც თიბისისთან თანამშრომლობას დავთანხმდი, იყო ამ კომპანიის სურვილი დიდი გარღვევა მოეხდინა როგორც ბიზნესის, ისე ბრენდის განვითარების კუთხით, და ამის ყველა რესურსი სახეზე იყო. თიბისის სჭირდებოდა ენერგია და გამოცდილება, რომელიც სულ სხვა სფეროდან მოდიოდა. ახლა, ხუთი წლის მერე, როცა ეს განვლილი ეტაპია და შეგვიძლია შევაფასოთ ‒ ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თავიდან ბოლომდე მომხმარებლის ქცევაზე და სურვილზე დამყარებული კომუნიკაცია ავაწყვეთ. სოციუმში არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ვხედავდით და ამის საფუძველზე ვქმნიდით პროექტებს. არ ვიგონებდით განყენებულ იდეებს, მხოლოდ ვუსმენდით და ვაკვირდებოდით ჩვენს მომხმარებელს და მათგან ვიღებდით ინსპირაციას.

მაგალითისთვის, როგორ გაჩნდა #წერექართულად?

დავინახეთ, რომ ადამიანები აღარ წერენ ქართულად და ეს საფრთხე და პრობლემა არსებობდა, საზოგადოებაც წუხდა ამაზე, უბრალოდ, დავიწყეთ ამ მიმართულებით მოქმედება და ყველაფერი გამოვიდა.

თქვენს პროექტებზე უკუკავშირის მიღება როგორი პროცესია?

არაა ადვილი ისაუბრო შენს საქმეზე, იყო ემპათიური, მიუკერძოებლად მოისმინო, როცა შენს გაკეთებულ პროექტს გარედან აფასებენ. თუმცა, ძალიან საინტერესოა, რეაქციებზე დაკვირვება და უკუკავშირი ამ საქმის ბონუსია. როცა ემპათიის შეგრძნება მეკარგება, ვიწყებ მომხარებელთა რეაქციების კითხვას, ვცდილობ გავარკვიო, რატომ არიან უკმაყოფილოები, ვკითხულობ საჩივრებს, პრობლემებს, კომპლიმენტებს. ვცდილობ, თავი მომხმარებლის ადგილას ვიგრძნო. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა უკუკავშირის მისაღებად, პრობლემებისთვის თვალის გასწორებაა, ეს ადვილი არაა, ამისთვის გამუდმებული მუშაობა და მზაობაა საჭირო, მოთმინებაც.

კარიერის მანძილზე თუ მოხვედრილხართ უთანასწორო გარემოში? თუ გიგრძვნიათ გენდერული დისბალანსი?

ხშირად აღვნიშნავ, რამდენად უსაფრთხო და თანასწორი გარემოა თიბისი-ში. აქ აზრი, პოზიცია და ადამიანის სიძლიერე არაა გამაგრებული იმით, თუ რომელ სქესს მიეკუთვნები. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, ფაქტია, დღეს გარემო თანასწორი არაა.

რაღაც შემთხვევაში შენ შეიძლება გიწევდეს ისეთივე ხარისხით შრომა, როგორც შენს გვერდზე მყოფ ადამიანს, რომელსაც არ ჰყავს ოჯახი ან არ აქვს დამატებითი ვალდებულებები, ეს ძალიან სენსიტიური თემაა და რთული დასაბალანსებელი. ჯერ კიდევ
არსებობს „ქალის“ და „კაცის საქმე“, რომელიც ბევრ დაბრკოლებას ქმნის. ბედნიერი ვარ, რადგან ეს ბალანსი ჩვენს ოჯახშიც და სამსახურშიც ჰარმონიულია.

თქვენ როგორ მოახერხეთ ამ ბალანსის პოვნა?

ჩვენ ოჯახში ორი გოგო ვართ, დები და ისე გაგვზარდეს, რომ არასდროს უთქვამთ, გოგოებივით მოვქცეულიყავით. ბავშვობაში ჯარისკაცებით, კონსტრუქტორითა და თოჯინებით თანაბრად ვთამაშობდით. მოთხოვნაც ჩვენ მიმართ იყო ძალიან დაბალანსებული. თავიდანვე ასე იყო და არავის უთქვამს, რომ რამე გვეპატიებოდა, იმიტომ რომ გოგოები ან ლამაზები ან კარგები ვიყავით. გაზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ისევე უნდა მეშრომა, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს ჩემ გარშემო. თანასწორი ვიყავით, უპირველესად, პასუხისმგებლობის და შრომის კუთხით.

გიგრძვნიათ, რომ სხვა გოგოების როლური მოდელი ხართ?

ცოტა მეშინია ამ როლის, მე თვითონ არასდროს ვცდილობ ჩემგან როლური მოდელი შევქმნა, მინდა დავრჩე იმად, რაც ვარ, თუმცა ძალიან ვცდილობ „კარგად“ მოვიქცე. სულ ვცდილობდი საკუთარი პოპულარიზაციისთვის და იმიჯისთვის არ გამომეყენებინა ის ხერხები, რასაც ბრენდის კომუნიკაციაში წარმატებით ვიყენებდი. არ მინდა საკუთარი თავისგან შევქმნა მოდელი, უბრალოდ მინდა ვიყო ‒ მე. ვეცდები განვვითარდე, დავიხვეწო,
მაგრამ ამასთანავე შევინარჩუნო ჩემი ნამდვილი არსი. ამაში ის ადამიანები მეხმარებიან, რომლებიც გულწრფელად ჩემიანები არიან.

პროფესიული კომპლიმენტის მიღება, ალბათ, განსაკუთრებით სასიამოვნოა…

ყველაზე მეტად მიხარია და მიყვარს, როცა ჩვენი გაკეთებული პროექტი რაღაცას მართლა ცვლის, მხოლოდ მაშინ ვთვლი, რომ რაღაც პატარა მიზანი მიღწეულია. ჩემი შვილებისგან მოსმენილი შექება ჩემი მთავარი საზომია. რამდენჯერმე ძალიან გულწრფელად უთქვამთ, რომ რაღაც მოეწონათ. მაგალითად, უსინათლო ადამიანებისთვის თამაშობანასთან ერთად შეიქმნა ლოტო, მახსოვს, ჩემი უფროსი შვილი აღფრთოვანდა, მესიჯად მომწერა, რომ ამაყობს ჩემით, რაც ძალიან გამიხარდა.

სოციალური პროექტები განსაკუთრებით გიყვართ, შეგიძლიათ გაიხენოთ რომელიმე, რითიც ყველაზე მეტად ამაყობთ?

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ძალიან მიყვარს და მიადვილდება თიბისი-ში ყოფნა არის პროექტები, რომელსაც აქვს დადებითი მისია და დადებითი გავლენა საზოგადოებაზე, პროექტები, რომელიც მართლა ღირებულია და ცვლის რეალობას.

თიბისი იმდენად დიდი ინსტიტუტია, რომ შეუძლია რაღაც პროექტის დაწყება და მისთვის საჭირო რესურსის დათმობა. ბევრი პროექტი მიყვარს, განსაკუთრებით „წერექართულად“, თიბისის სტიპენდიატების პროექტი, რომელიც შარშან დავიწყეთ და მივხვდი, რამდენი ნიჭიერი ბავშვია გარშემო; ჩემი ახალი ფავორიტია მუსიკალური პროექტი „ცა“, რამდენიმეზე ახლაც ვმუშაობთ და მალე გაგიმხელთ. მიყვარს პროცესი, როდესაც დაიწყებ ერთ პროექტს, შეასრულებ და მაშინვე შეგიძლია შემდეგ პროექტზე იფიქრო. სულ ვფიქრობ, ახლა ეს საქმიანობა რომ დავამთავრო და სხვა საქმეზე გადავერთო-ყველაფერი გავაკეთე რაც საჭიროა? მაქსიმუმია რასაც გავწვდებოდი? ისაა რასაც ჩემგან ელოდნენ ან არც ელოდნენ? ვხვდები, რომ არა და კიდევ ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი.

სად გააგრძელებდით კარიერას, ამ სფეროს რომ თავი დაანებოთ?

ზაფხულში სტენფორდის უნივერისტეტში ლიდერობის პროგრამა გავიარეთ, უამრავი წიგნით და ახალი იდეით დატვირთული წამოვედი. წიგნებს შევყევი და ერთ-ერთი დავალება იყო, მომეფიქრებინა ხუთი სხვადასხვა შინაარსის სცენარი, რომლითაც მომავალში ვიცხოვრებდი. ხუთი სცენარი მარტივად ჩამოვწერე და ძალიან მომეწონა კიდეც. მივხვდი, რამხელა შესაძლებლობები მაქვს და იმასაც, თუ რამდენად ბევრი შემიძლია გავაკეთო ახლა, ამ წამს. სიამოვნებით ვიმუშავებდი ხელოვნების მენეჯმენტში ან ზოგად მენეჯმენტში, გიდობასაც განვიხილავ ოფციად, კონტენტზე მუშაობაც ძალიან მაინტერესებს, ბავშვების უფლებების თემაც და, ზოგადად, პროცესის ოპტიმიზაციის საკითხიც ძალიან მიზიდავს.

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ცდილობენ იპოვონ ბალანსი ოჯახურ და კარიერულ ცხოვრებას შორის?

არ მგონია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც თვლიან, რომ სამსახურსა და ოჯახს შორის ყურადღება დაბალანსებული აქვთ. მე სულ მაქვს სინდისის ქენჯნა, რომ ვერ ვაბალანსებ. სახლში თუ ვარ, ვცდილობ სრული კონცენტრაცია მქონდეს ოჯახზე, თუმცა საქმისთვის ყოველთვის იმაზე მეტი დრო მჭირდება, ვიდრე გამოყოფილია და ამის დაბალანსებას პირადი დროის ხარჯზე ვცდილობ. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ბავშვებსაც საინტერესო ადამიანი სჭირდებათ გვერდით. ხშირად მეკითხებიან ‒ შენ ბავშვებსაც ხედავ? საჭმელსაც აკეთებ? მე კი ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვაკეთებ ამ ყველაფერს და ჩემი შვილებისთვისაც და საყვარელი ადამიანებისთვისაც საკმაოდ კარგი ადამიანი ვარ. ეს სტიგმა, რომ საქმიან ქალს არ უნდა ჰქონდეს ბედნიერი საოჯახო გარემო, მოსახსნელია. ამისთვის მზაობაც უნდა გქონდეს, მაგალითად, ბავშვები პატარა რომ მყავდა, ვისწავლე რაღაცების ჩქარა კეთება, უფრო სწრაფად ლაპარაკიც, პრიორიტეტების დაწყობა, დროის მართვა.

საუკეთესო შემთხვევაში შვიდი საათი მძინავს, ვიცი რა მიქმნის დისკომფორტს, სად ვფერხდები, როდის მაქვს მაღალი და დაბალი პროდუქტიულობის საათები, ნავიგაცია შეხვედრებსა და გასაკეთებელ საქმეს შორის, როდის მოდის მუზა, რაში ვკარგავ დროს, აქვს ჩაწერის და დამახსოვრების საკუთარი მეთოდებიც… ამას თუ ისწავლი, ყველაფერი შეიძლება მოასწრო.

 

ავტორი: რუსკა გიორგაძე

ფოტო: ანა ბოკო