Brexit-ის შედეგად ბრიტანეთმა შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებიდან პოტენციური სტუდენტების 50% დაკარგოს

ბრიტანეთის უნივერსიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიშელ დონელანმა ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ უპირატესობებით, შესაბამისად ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლების საფასური საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის.

დღესდღეობით ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ყოველწლიური უნივერსიტეტის ან კოლეჯის გადასახადი არ სცდებოდა 9,250 ფუნტს, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი 10,000-38,000  ფუნტს შორის მერყეობდა.

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მოსალოდნელია სწავლების გადასახადის 75-125%-ით გაზრდა, ვინაიდან ისინი ვეღარ ისარგებლებენ ბრიტანეთის მოქალაქეთა იდენტური პირობებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მათ შესაძლოა დაკარგონ სახელმწიფო სტუდენტური სესხების აღების უფლება, თუ ისინი ბრიტანეთის უნივერსიტეტში გადაწყვეტენ სწავლას.

ზემოთ აღნიშნულმა შეზღუდვებმა შესაბამისად გავლენა მოახდინა მომავალ სტუდენტთა გადაწყვეტილებებზეც. Study.eu-ს ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2,505-მა ადამიანმა მიიღო. შედეგად კი დადგინდა, რომ გამოკითხულთათვის საუკეთესო სასწავლო დანიშნულების ადგილად ნიდერლანდები სახელდება, მეორე ადგილს გერმანია, მესამეს კი საფრანგეთი იკავებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის იმ მოქალაქეთა 49% ,რომელიც ბრიტანეთის უნივერსიტეტებში აპირებდა ჩაბარებას, უმთავრეს ალტერნატივად სწორედ ნიდერლანდებს ასახელებს.

გამოკითხულთა 84% კი აცხადებს, რომ თუ ბრიტანეთში სწავლების გადასახადები ინტერნაციონალური სტუდენტების გადასახადებს გაუტოლდება ისინი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას აღარ განიხილავენ. შედეგად, დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით ბრიტანეთის უნივერსიტეტები დაახლოებით 120,000 სტუდენტს დაკარგავს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ ევროკავშირის უნივერსიტეტებში გაიზარდა ინგლისურენოვანი კურსების წილიც, რაც დადებითად აისახება საერთაშორისო სტუდენტების მიღებაზე.