პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი: 2020 წლის მესამე კვარტალში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზი გამოაქვეყნა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და -6,2%-ს შეადგენს. მშპ-ს მოსალოდნელ კლებას მოთხოვნისა და მიწოდების შოკები განაპირობებს, რაც კოვიდ 19-ის პანდემიითაა გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა და შემსუბუქდა, გლობალური სიტუაციის ფონზე კვლავ უმნიშვნელოვანესია საგარეო მოთხოვნის შოკი და ამასთანავე მნიშვნელოვნადაა დარღვეული გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც მიწოდების შოკს განაპირობებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წინასწარი პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით:

ტურიზმის მოცულობა შემცირდება დაახლოებით 90%-ით. გარდა ამისა, საგრძნობლად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რაოდენობა.

შიდა ტურიზმის აქტივობა მეტნაკლებად დააკომპენსირებს ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელია იმპორტის ნაწილის გადმორთვა შიდა ტურიზმზე.

უმნიშვნელოდ შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით კი აღნიშული შეეხება არასასურსათო პროდუქტებს.

იკლებს შიდა ინვესტიციები. მიუხედავად მთავრობის საინვესტიციო აქტივობებისა, კერძო ინვესტიციები მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის უარყოფით ტემპს.

მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის კლება. ამასთანავე მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობა, რაც შემცირებული მომსახურებისა და კერძო ინვესტიციების შედეგია.

მსოფლიოში მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე მოსალოდნელია ექსპორტზე მოთხოვნის შემცირება, შესაბამისად კი დაიკლებს საქონლის ექსპორტის მოცულობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოლოდინით, წმინდა იმპორტის კომპონენტი -0,4%-ული პუნქტით შემცირდება, რაც ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას განსაზღვრავს, ხოლო აბსორბაციის (მოხმარებისა და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (განსაკუთრებით კერძო ინვესტიციების შემცირების გამო), რაც საბოლოო ჯამში მშპ-ს ცვლილებას -5,8%-ული პუნქტით განაპირობებს.