საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სახის ბრიფინგი გამართა. პრესკონფერენციის მთავარი თემა იყო – ,,ეკონომიკური ზრდა საქართველოში“.
წინასწარი შეფასებით,2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა იყო უარყოფითი მინუს 5.4 პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.
თოდრაძის განცხადებით, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობის შემცირება განსაკუთრებით აღსანიშნავია მშენებლობის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროებში.
2020 წლის მაისში ქვეყანაში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ შეადგინა 3 184ერთეული, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 33 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, მაისში ეკონომიკის 13.5%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო.
“წინა თვეს, აპრილში შემცირება იყო 16.5%. მაისში ნაკლები შემცირებაა – 13.5%. აქ მთავარი ფაქტორი ის არის, რომ მაისის ბოლო დეკადაში აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები უკვე დაიწყო. ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო.“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომლებიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.