საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მათი პროგნოზის მიხედვთ, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია.
2020 წლის ივნისში, წინა წლის იგივე მონაკვეთთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობებისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 13.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილში-16.6%.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები შეაფასა.
„ბუნებრივია, კლების მთავარი მიზეზი ტურისტული სექტორია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად ძალიან დიდი წილი უკავია, დაახლოებით, 8-10 %-ის ფარგლებში. არსებულ დინამიკას თუ გავაანალიზებთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის დანარჩენ სექტორში, ეკონომიკის კლება, პრაქტიკულად, შეჩერებულია და ჩვენ მომდევნო თვეებში ველოდებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს – 2020 წლისათვის ის კვლავაც რჩება -4 პროცენტის ფარგლებში“. – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.