იცოდით, რომ ყოველწლიურად მოდის ინდუსტრია ნაგავსაყრელებზე გადაყრილ 13 მილიონ ტონა ნარჩენზეა პასუხისმგებელი, რომლიდანაც 95%-ს ხელმეორედ გამოყენება ან გადამუშავებაა შესაძლებელი?
სამწუხაროდ, კონსუმერიზმის იდეა უფრო ამაღელვებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. კოპენჰაგენის მოდის სამიტზე გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გლობალური მოდის ინდუსტრიის ნახშირბადის კვალი(ჩვენი საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბური აირების სრული რაოდენობა) 2030 წლამდე 2.7 მილიარდ ტონას მიაღწევს, ჩვენ კი ამასთან დაკავშირებით არაფერს ვაკეთებთ.
არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ამაში მთავარი დანაშაული სწრაფ მოდას მიუძღვის, რაც გულისხმობს ათასობით ტანსაცმლის ბრენდის მხრიდან სამოსის არაეთიკურ წარმოებას, რომლის შედეგებიც ეკოლოგიაზე პირდაპირ აისახება.
არც ის იქნება სწორი, თუ ბრალს მხოლოდ ამ ბრენდებს დავდებთ. ჩვენ, როგორც მომხმარებლებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება, რადგან სწორედ ჩვენ მოვითხოვთ ტრენდულ ტანსაცმელს უმოკლეს დროში, უმცირეს ფასად. თუ ახლავე არ დავიწყებთ ცვლილებებს, შემდეგ ძალიან გვიანი იქნება.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ 10 შესანიშნავ რჩევას თქვენს გარდერობში მდგრადობის შესატანად, ამიტომ, გამოგვყევით ბოლომდე!
რა არის მდგრადი მოდა?
სანამ გაგიმხელდეთ რამდენიმე საუკეთესო მეთოდს ეკომეგობრულობისა და მოდურობის ერთდროულად შესანარჩუნებლად, საჭიროა, რომ პირველ რიგში განვმარტოთ, რა არის მდგრადი მოდა.
მდგრადი მოდის რამდენიმე სახე არსებობს. ზოგიერთი ადამიანისათვის ის გულისხმობს სამოსს, რომელიც ეთიკურად, პლანეტის დაბინძურების ან ნახშირბადის კვალის გაზრდის გარეშე იწარმოება. სხვებისთვის, ეს ტერმინი იმ ტანსაცმელს გულისხმობს, რომელიც მდგრადი ნაჭრისგანაა (მაგ: ორგანული ბამბა, პიმას ბამბა და ა.შ.) დამზადებული და, რომელსაც ნაკლებად ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია გარემოზე. ზოგიერთი ადამიანისათვის მდგრადი მოდა ახლად წარმოებული ტანსაცმლის შეძენის ნაცვლად ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის ყიდვას, მის ქირაობას, თხოვებას და გადამუშავებას ნიშნავს.
1. იშოპინგეთ ნაკლები
სწრაფი მოდის ბრენდების უმეტესობას თქვენი იმაში დარწმუნება სურს, რომ თუ ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად არ შეიძენთ რაიმე ახალს, მაშინ „მოდური“ აღარ ხართ. დაიმახსოვრეთ, ელეგანტურობა და ტრენდულობა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.
თუ კონკრეტულ სამოსში თავს კომფორტულად გრძნობთ, მაშინ არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ მასში მხოლოდ ერთხელ გამოეწყოთ. მოდაში ექსპერიმენტულობაა მთავარი; შეახამეთ ტანსაცმელი განსხვავებულად და შეიყვარეთ თქვენი სტილი! ასეთი რაციონალური ფიქრის შედეგად თქვენი გარდერობი მდგრადი აუცილებლად გახდება.
„ყველაზე ეკო-მეგობრული ქურთუკი არის ის, რომელიც უკვე თქვენს კარადაში ჰკიდია…“ – ლისა უილიამსი.
2. აირჩიეთ ნელი მოდა
გსმენიათ ამ ტერმინის შესახებ? ნელი მოდა მოძრაობაა, რომელიც ხარისხს რაოდენობაზე მაღლა აყენებს. შეიძინეთ ნაკლები ტანსაცმელი, თუმცა დარწმუნდით, რომ ის მაღალი ხარისხისაა და ეთიკურად, ეკო-მეგობრულად არის წარმოებული.
გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებს ვიშოპინგებთ სწრაფი მოდის ბრენდებში, მით უფრო ნაკლები ტანსაცმლის წარმოებას შევუწყობთ ხელს და შესაბამისად, ამ ინდუსტრიისგან ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენების რაოდენობასაც შევამცირებთ. ნელი მოდის არჩევით თქვენ არა მხოლოდ თქვენი ნახშირბადის კვალს შეამცირებთ, არამედ მხარდაჭერას გამოუცხადებთ ლოკალურ პატარა ბიზნესებს, სამართლიან ხელფასებსა და ცხოველების კეთილდღეობასაც.
მოდა არა ტრენდების მიყოლაში, არამედ ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში გამოიხატება, რომელიც უნიკალურს გხდით.
„მოდა, რომელიც ტრენდებით განისაზღვრება, ხანმოკლე, ძვირი და ეკოლოგიურად დამანგრეველია; მეორე მხრივ, მოდა, რომელიც სტილით განისაზღვრება, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ ინდივიდის კრეატიულობასა და თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული.“ – ბეა ჯონსონი.
3. ნაკლებად გარეცხეთ და ბუნებრივად გააშრეთ ტანსაცმელი
რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ეკო-მეგობრული, ვიდრე ნახშირბადის კვალის შემცირებაა?
სისუფთავე და პირადი ჰიგიენის დაცვა ძალიან კარგია, განსაკუთრებით პანდემიურ სამყაროში, თუმცა ჩვენ იმის გააზრება არ შეგვიძლია, რომ ტანსაცმლის რეცხვა, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, ზიანის მომტანია.
ცხადია, სარეცხი მანქანები და საშრობები ცხოვრებას გვიმარტივებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უმიზეზოდ უნდა გამოვიყენოთ; ამგვარი ქცევა არა მხოლოდ ნაჭერს აზიანებს და ამცირებს სამოსის სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ წყლის და ენერგიის უმიზეზო ფლანგვასაც იწვევს, რომელთა დაზოგვაც სრულად შესაძლებელი იყო.
თუ გსურთ, რომ გადადგათ კიდევ ერთი ნაბიჯი მდგრადობისაკენ, მაშინ გარეცხეთ თქვენი ტანსაცმელი ნაკლებად და მეტი ენერგიის დაზოგვის მიზნით ბუნებრივად გააშრეთ ის.
4. შეიძინეთ მეორეული ტანისამოსი
მეორეული ტანსაცმლის შეძენა გადამუშავების ტოლფასია; ასეთი სამოსის ტარებით თქვენ ბუნებრივი რესურსების გაფლანგვის პრევენციას ახდენთ.
შეიძლება არც დაიჯეროთ, თუმცა ერთი ჯინსის შარვლის დამზადებას შეიძლება 6,800 ლიტრზე მეტი წყალი დასჭირდეს.
მეორეული ტანსაცმლის ყიდვით არა მხოლოდ პლანეტას დაეხმარებით, არამედ დადებითი გვერდითი ეფექტები თქვენს საფულესა და გარდერობზეც აისახება.
თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ არა, თუმცა მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში საოცრად უნიკალური და მოდური სამოსის პოვნა შეგიძლიათ. თუ ჯერაც არ გიცდიათ pre-loved სამოსის მაღაზიაში შოპინგი, ეს თქვენი ნიშანია.
მდგრადი მოდისა და ეკომეგობრულობის აღნიშვნას სპეციალური დღეც კი ეთმობა. მეორეული გარდერობის დღე ყოველწლიურად 25 აგვისტოს იმართება.
5. არასოდეს გადააგდოთ ტანსაცმელი
იცოდით, რომ ამერიკელები ყოველწლიურად 14 მილიონ ტონა ტანსაცმელს ყრიან? მათი ლპობის შედეგად სათბურის აირები გამოიყოფა, რომელიც ჰაერის მკვეთრ დაბინძურებას იწვევს.
უბრალოდ დაფიქრდით, რატომ უნდა გადააგდოთ ტანსაცმელი მაშინ, როცა შეიძლება მათი გადამუშავება ან ხელახლა გამოყენება?
ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იმ სამოსის დონაციაა, რომელსაც აღარ იყენებთ და მათი ჩაბარება სხვადასხვა თავშესაფარსა თუ ორგანიზაციაში. საბედნიეროდ, ზოგიერთი მაღაზია გამოყენებულ ტანსაცმელს იბრუნებს და ეკო-მეგობრული ქცევისათვის მომხმარებელს აჯილდოვებს კიდეც.
გახსოვდეთ, რომ თუ თქვენი ტანსაცმელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მისი გადამუშავება და ამ ნაჭრის ახალი სამოსის შესაქმნელად გამოყენება მუდამ შესაძლებელია.
6. გადააკეთეთ ის ტანსაცმელი, რომელსაც უკვე ფლობთ
ალბათ ყველას გვაქვს გარდერობში ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც არ ვიცვამთ, არა? ზოგიერთი მათგანი აღარ გვერგება, არც არასდროს გვერგებოდა ან უბრალოდ აღარ გვეჩვენება საკმარისად საინტერესოდ. ოდნავი მოდიფიკაციით თქვენ იმ კავშირის აღდგენა შეგიძლიათ სამოსთან, რომელიც ოდესღაც გქონდათ; ამ გზით მარტივად შეძლებთ ძველი ტანისამოსისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას.
სამოსის გადაკეთება ისე, რომ თქვენი უნიკალური სხეულის ფორმას საუკეთესოდ მოერგოს, არა მხოლოდ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, არამედ ტანსაცმლის გადაგდების სურვილსაც სამუდამოდ გაგიქრობთ.
7. წვეულებისათვის პრიორიტეტი ტანსაცმლის ქირაობას მიანიჭეთ
დაბადების დღეები, გამოსაშვები საღამოები, წვეულებები… ადამიანები თავიანთი განსაკუთრებული დღისათვის ისეთ ტანსაცმელს ყიდულობენ, რომელსაც უმეტესობა მხოლოდ ერთხელ იცვამს. ამის შემდეგ ეს სამოსი თქვენს გარდერობში სამუდამო ბინას იდებს და უმეტესად დღის შუქს ვეღარც იხილავს.
ასეთი განსაკუთრებული დღეებისათვის ტანსაცმლის ქირაობა ბევრად გონივრულია. ფულს ზოგავთ, ნარჩენებს არ ქმნით და ზედმეტი წარმოების წინააღმდეგაც მიდიხართ.
აუცილებელია, რომ ჩვენი შოპინგის წეს-ჩვეულებებს გადავხედოთ. ტანსაცმლის ყიდვა გრძელვადიანი ინვესტიციაა – იყიდეთ მხოლოდ ის, რაც ძალიან მოგწონთ, ხშირად ჩაიცვამთ და დროის გამოცდასაც გაუძლებს.
8. პრიორიტეტი მცენარისგან დამზადებულ ნაჭრებს მიანიჭეთ
ისეთ ტანსაცმელზე პრიორიტეტის მინიჭება, რომელიც მცენარეული მასალისგანაა დამზადებული, როგორიცაა ბამბა, სელი და ბამბუკი, ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილის მიღწევაში კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ.
ეკოლოგიური საფრთხის შემცველი ნაჭრების გამოყენება ნახშირბადის ემისიებს ზრდის; მაგალითად, სინთეთიკურ ნაჭრებს, როგორებიცაა პოლიესტერი და ნეილონი, 200 წელზე მეტი სჭირდებათ ლპობისათვის.
9. ტანსაცმლის შეძენამდე დარწმუნდით, რამდენად ეთიკურია ეს ბრენდი
აირჩიეთ მდგრადი მოდის ბრენდები, რომლებიც მაქსიმალურად გამჭვირვალეები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების პროცესის შესახებ დეტალებს მუდამ ასაჯაროებენ.
თუ არ ხართ იმაში დარწმუნებული, რამდენად ეთიკურია თქვენი საყვარელი ბრენდი, ჩვენ გირჩევთ, რომ მათ კითხვები დაუსვათ. უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა, წარმოებისას იყენებენ თუ არა ცხოველურ ნაწარმს, როგორ ეპყრობიან დასაქმებულებს და უხდიან თუ არა მათ სამართლიან გასამრჯელოს. ამდენადვე მნიშვნელოვანია ინფორმაცია მათი სამუშაო პირობების შესახებ და ის, თუ რამდენად იცავს კომპანია დასაქმებულების უფლებებს.
„არ აქვს მნიშვნელობა თქვენს წარმომავლობას; ჩვენი შეთანხმება ერთ რამეზე შეიძლება- არავინ იმსახურებს მაისურის შექმნის გამო სიკვდილს…“ – უიტნი ბაუკი.
10. ერიდეთ გრინვოშინგს
არასოდეს გსმენიათ გრინვოშინგის შესახებ? სამწუხაროდ, ამ ტერმინს დღეს მისი მნიშვნელობის გააზრების გარეშე გამოიყენებენ. უამრავი სწრაფი მოდის ბრენდი ხვდება დღევანდელ სამყაროში ეკომეგობრულობის მნიშვნელობას და ამ საკითხის ტრენდულობას, რის გამოც ქმნიან ე.წ. „მდგრადი მოდის“ ხაზებს.
რეალურად, მათი უმეტესობა წარმოებისას მაინც იყენებს სინთეთიკურ ნაჭრებს, დასაქმებულებს კი სასიცოცხლო მინიმუმსაც არ უხდის. მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბრენდები თავიანთ თავებს ეკო-მეგობრულად ფუთავენ, არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად ასეთები არიან.
სწორედ ამიტომ, უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, რომ ამ მახეში არ გავებათ; ფსევდო-ენვირონმენტალისტების მხრიდან გრინვოშინგს მხოლოდ ამ გზით თუ ავიცილებთ.
როგორც ხედავთ, მდგრადობა მიღწევადია, მოდის ინდუსტრიაშიც კი. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იმ ზიანის გამო, რაც დედამიწას ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე მიადგა. პატარა ნაბიჯები საბოლოოდ დიდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამისათვის მხოლოდ ის მოგვეთხოვება, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ამგვარად ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ თაობებსა და დედამიწაზე.