ევროპის ცენტრალური ბანკი 1.1 ტრილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციებს შეისყიდის

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათს ევროს მასშტაბური ემისია დაანონსა, რათა რეგიონის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შოკისგან დაიცვას.

ბანკის განცხადებით იგი 2020 წლის ბოლომდე ევროპული მთავრობებისა და კერძო გამსესხებლებისაგან 750 მილიარდი ევროს ღირებულების ვალებს შეისყიდის. ეს ჩარევა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ევროპულ სახელმწიფოებს ეკონომიკისთვის ფინანსური სტიმულის მისაცემად და რეცესიის შესაჩერებლად, პროგნოზირებულზე მეტი ვალის აღება უწევთ.

მთლიანობაში, დაანონსებული პროგრამა წელს 1.1 ტრილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციების შესყიდვას გეგმავს, რაც ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ევროპელი ჩინოვნიკები ასევე გეგმავენ რეგიონალური დახმარების ფონდის შექმნას, რათა ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების დაძლევაში დაეხმარონ.

„მმართველი საბჭო სრულ მზადყოფნაშია, რომ გააფართოვოს ფინანსური აქტივების შესყიდვის პროგრამა იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება და იმდენხანს, რამდენსაც სიტუაცია მოითხოვს.“- ვკითხულობთ ECB-ს განცხადებაში.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება რიგგარეშე შეხვედრაზე ოთხშაბათს ღამით მიიღო, რადგან პანდემიის გამწვავების კვალდაკვალ გლობალური ეკონომიკა რეცესიულ ფაზაში გადადის. ბანკის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა – „ექსტრაორდინალური დრო ექსტრაორდინალურ მოქმედებას მოითხოვს. მზად ვართ ევროს დასაცავად ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი სრულად გამოვიყენოთ.“