EBRD: თბილისის მეტროს მოდერნიზაციაზე 75 მილიონი ევრო დაიხარჯება

Photo Credits to TTC

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს. საფინანსო ორგანიზაციის ცნობით, ფულადი რესურსით მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენაა დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია 40 თანამედროვე ვაგონის შეძენა და დეპოსა და გვირაბების რეაბილიტაცია.

„ჩვენს ყოველდღიურობასა და ეკონომიკის ფუნქციონირებაზე გამართულ ინფრასტრუქტურას კრიტიკული გავლენა აქვს. თბილისის მეტროს მოდერნიზება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად. ხარისხიან საჯარო ტრანსპორტზე მოთხოვნა მაღალია და მსგავს პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს გარემოსა და სოციალურ მდგომარეობაზეც“ – განაცხადა კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან მოყოლებული, ორგანიზაციამ ქვეყანაში 249 პროექტში 3.7 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.