რეკორდული 2020 | ინტერვიუ EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენთან

ეკონომიკური ინკლუზიურობის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2017 წლიდან მისდევს ‒ მათ შორის, საქართველოშიც ‒ მომავალ წელს საბოლოო შედეგებს დაითვლის, რადგან სწორედ 2017-2021 წლებზეა ეს სტრატეგია გათვლილი.

ინკლუზიური სტრატეგიის მთავარი ამოცანაა ‒ მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც ‒ კერძო თუ საჯარო სექტორებში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფით ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა განურჩევლად ყველასთვის.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა ‒ EBRD ცდილობს გაზარდოს: წვდომა უნარებსა და დასაქმებაზე; ხელმისაწვდომობა ფინანსებსა და სერვისებზე და ამით ბაზარზე ეკონომიკური შესაძლებლობების მეტი ალტერნატივა გააჩინოს.

EBRD-ის დღეს საქართველოში 92 მოქმედი პროექტი აქვს – ჯამში, ქვეყანაში განხორციელებული პროექტების რაოდენობა 250-ს აჭარბებს; აქედან ნახევარზე მეტში პარტნიორი კერძო სექტორია. მიმდინარე პროექტების პორტფოლიო თითქმის მილიარდნახევარი ევროა. COVID-19-ის გავლენის მიუხედავად, მიმდინარე წელი EBRD-ისთვის რეკორდული აღმოჩნდა.

EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შევაჯამებინეთ 2020 წელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯანდაცვის კუთხით, პანდემიურ და ეკონომიკური კუთხით დიდი გაურკვევლობის წელს საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

კატარინა, მოგესალმებით. რადგან ეს ამ წლის ერთგვარი შეჯამებაც გამოდის ჩვენი მკითხველებისთვის ‒ მოდი, სწორედ ასე დავიწყოთ ‒ რატომ აღმოჩნდა 2020 წელი EBRD-ისთვის რეკორდული?

თუ შარშან ჩვენი მოცულობა 300 მილიონი იყო, წელს 600 მილიონს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად შევძელით გვეპასუხა იმ გამოწვევებისთვის, რაც COVID-19-მა საქართველოს ეკონომიკის და მისი ყველაზე სუსტი სექტორების წინაშე დააყენა.

ძალიან უცნაური წელი იყო. საკმაოდ გამართულად შევხვდით ამ წელს ‒ ბევრი დაგეგმილი პროექტით, თუმცა, შემდეგ COVID-19-მა იფეთქა. ყველა მიმართულებით დაგვჭირდა ადაპტაცია ‒ უნდა გვემუშავა სახლიდან, ციფრული ტექნოლოგიები უნდა აგვეთვისებინა იმისთვის, რომ ოპერირება შეგვძლებოდა ‒ მაგრამ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გავართვით.

რატომ ასეთი გამოკვეთილი აქცენტი ინკლუზიურობაზე ‒ არის აქ, ნაწილობრივ, COVID-19-ის გავლენაც?

მთავარი აქ ის არის, რომ განვითარების პროცესს არავინ უნდა ჩამორჩეს ‒ მისი სიკეთე ყველამ უნდა იგრძნოს. არიან ჯგუფები, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იმ შესაძლებლობებზე, რასაც საზოგადოებას განვითარება სთავაზობს ‒ მათ შორის, არიან, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც რეგიონებში იზრდებიან; ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ არ არიან შრომითი ბაზრის მონაწილეები; ქალები ‒ ნაწილობრივ ‒ ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ჯგუფი ჩართული იყოს განვითარების პროცესში, ყველას ჰქონდეს თანაბარი წვდომა შესაძლებლობებზე და ასევე, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. რაც შეეხება COVID-ს, თავისი კორექტივები პანდემიამ, ბუნებრივია, აქაც შეიტანა.

ვინ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე დაუცველი ჯგუფი?

პირველ რიგში, ალბათ ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ ‒ მათ მოუწიათ ციფრულ ტექნოლოგიებში კარგად გარკვევა და ციფრულად განათლების მიღება. უნდა ვთქვათ, რომ საქართველომ ამ მხრივ, ნაბიჯი ნამდვილად წინ გადადგა. კურსდამთავრებულებიც ‒ მათთვის დღეს, როცა ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, სამსახურის პოვნა ძალიან რთულია. ქალები ‒ რთულია ერთდროულად სახლიდანაც იმუშაო და ბავშვებსაც მიხედო. და ბოლოს, რეგიონალურ ინკლუზიურობას რომ შევხედოთ, გაციფრულება და ის, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ დღეს, ეს შეიძლება შესაძლებლობაც აღმოჩნდეს ‒ მოულოდნელად მნიშვნელობა აღარ აქვს, ფიზიკურად სად ხარ, შეიძლება რეგიონში იყო, მაგრამ დიდ ქალაქში დასაქმდე. ამდენად, დღეს შექმნილ სიტუაციას უარყოფითი მხარეებიც აქვს და დადებითიც ‒ ასეც შეგვიძლია შევხედოთ.

ბიზნესგადმოსახედიდანაც შევხედოთ ‒ როგორ აისახება მეტი ინკლუზიურობის წახალისება თქვენს პარტნიორებზე?

ჩვენს ძალისხმევას გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ბიზნესპარტნიორებზე, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე. პირველი ‒ თუ გინდა, რომ ქვეყანაში ფორმალური დასაქმების დონე გაზარდო, აუცილებელია აქცენტი გააკეთო ადგილობრივ ბაზარზე ‒ მეტი ინკლუზიურობის პირობებში, ეს ბაზარი შეიძლება 50%-ით გაიზარდოს ‒ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთვება ყველა ქალი, ყველა რეგიონი, ყველა ახალგაზრდა. დამსაქმებლებსაც მეტი არჩევანი ექმნებათ, უკეთესი ან სრულიად მოულოდნელი უნარების მქონე თანამშრომლები შეიძინონ. ამდენად, ზოგად წესად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ ხელმისაწვდომობის ზრდა მთლიანად საზოგადოებისთვის არის სასარგებლო.

რა არის მთავარი გამოწვევა ან ბარიერი ამ გზაზე?

ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ფინანსურ ჩართულობაზე და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა ბარიერია ‒ ვცდილობთ, ადგილობრივ ბანკებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად, სემინარების თუ ტრენინგების ორგანიზებით, გადავლახოთ ეს ბარიერი, ავუხსნათ მათ, როგორ შეიძლება ფინანსების მოპოვება იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი გაზარდონ. გარკვეული სტერეოტიპული დამოკიდებულებაც არსებობს, რომ კაცები უფრო კრედიტუნარიანები არიან, ვიდრე ქალები.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ასე არ არის?

არა, სტატისტიკურად რომ შევხედოთ, სულ პირიქითაა. საჭიროა, ცნობიერების ამაღლება იმ მიმართულებით, რომ სულ მცირე, ქალებზე კრედიტის გაცემა ისეთივე სანდოა, როგორც კაცებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის, რომელთაც ჯერ არ დაუგროვებიათ ისტორია, რომ კრედიტის გამცემს აჩვენონ, როგორ მოემსახურნენ წინარე სესხს. ამ მიმართულებით ტრენინგების სერია ჩვენი პარტნიორი ბანკებისთვისაც გვაქვს.

რა ხდება ახალგაზრდების შემთხვევაში?

აქ მთავარია, რომ მათი უნარები თავსდებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. დამეთანხმებით, რომ აზრი არ აქვს ისეთ განათლებას, რომელიც ვერ დაგასაქმებს იქ, სადაც შენ ცხოვრობ. ამ მიმართულებით, მაგალითად, ექთნების გადამზადების კურიკულუმზე ვფიქრობთ ‒ მათზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ვცდილობთ, ამ პროფესიით დავაინტერესოთ კაცებიც, რომ უფრო დაბალანსებული სექტორი მივიღოთ და ასევე ვცდილობთ, ახალი კურიკულუმი რაც შეიძლება ახალ და თანამედროვე ცოდნას მოიცავდეს.

კონკრეტულ პროექტებს კიდევ მივუბრუნდებით და უფრო დეტალურად. მანამდე ‒ რეგიონული ინკლუზიურობა დაგვრჩა პირველადი ჩამონათვალიდან…

დიახ. გვინდა, ჩვენი მხარდაჭერა მისწვდეს არა მხოლოდ მცირე და დიდი ზომის კომპანიებს თბილისის მასშტაბით, ან სხვა დიდი ქალაქების მასშტაბით, არამედ რეგიონებში, ზოგადად ‒ ვიპოვოთ ასეთი ბიზნესები, ჩავრთოთ ისინი ქვეყნის ეკონომიკაში და დავეხმაროთ მათ ექსპერტიზით. ამას ხშირად ჩვენი საკონსულტაციო მიმართულებით ვახერხებთ ხოლმე. ეს რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი ‒ პირველი: თუ ახალგაზრდები ისეთ რეგიონში აღიზრდებიან, სადაც ხვდებიან, რომ მათთვის მომავალი არ არის, ისინი აუცილებლად დიდ ქალაქებს მიაკითხავენ, რაც მათ გადატვირთვას გამოიწვევს და უმუშევრობას გაზრდის. მეორე ‒ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ სადაც უნდა იყო, შენთვის მომავალი ამ ქვეყანაში ყველგანაა.

რა არის ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი და გადაწყვეტილების მიმღებებთან თუ მუშაობთ?

დიახ. მაგალითად, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან, როცა საექთნო საქმის კურიკულუმზე ვსაუბრობთ. ასევე, ჩვენ კონკრეტული პროექტები გვაქვს, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად ვახორციელებთ ‒ მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროგრამა ‒ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩვენი კლიენტიც არის და ჩვენი პარტნიორიც. ეკონომიკისთვის, შრომის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებდეს ყველასთვის, რომ იმ ადამიანებმაც, რომლებიც შესაძლოა ავტომობილს საერთოდ არ ფლობდნენ, სამსახურში მისვლა თავისუფლად, დაცულად და კომფორტულად შეძლონ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროგრამა ახსენეთ ‒ მე რასაც გავეცანი, ტრანსპორტის სფერო ერთ-ერთ დომინანტური სფეროა, სადაც ინკლუზიურობის მიღწევას ცდილობთ. მაგალითად: თბილისის მეტრო…

დიახ. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დროულად უნდა მიიყვანოს ადამიანი დანიშნულების ადგილზე და ასევე, მგზავრობა უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ეს კარგია არა მხოლოდ გარემოსთვის, ვთქვათ, იმიტომ რომ მანქანების რაოდენობა დაიკლებს, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანებს დააზოგინებს დროს. აქაც ვცდილობთ, მეტი ქალი მძღოლი მოვიზიდოთ.

შემდეგი პროექტი ჩემს სიაში – თბილისის ავტობუსების პროექტია. აქ რაში ვლინდება ინკლუზიურობის საჭიროება და მნიშვნელობა?

პირველი ‒ ვცდილობთ, დავატრენინგოთ ავტობუსის ქალი მძღოლები. დღეს ავტობუსის მძღოლობა კაცის საქმედ უფრო აღიქმება, მაგრამ ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით ცნობიერება ავამაღლოთ და ქალი მძღოლებიც მოვიზიდოთ. ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა თბილისის შემთხვევაში. მიღწეული შედეგებით ვამაყობთ: 21-მდე ქალია დღეს დასაქმებული. აქ ისიც საინტერესოა, რომ ეს მხარდაჭერა კომპანიის ფინანსებს ტვირთად არ აწვება ‒ ერთადერთი, რაც სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს, გამოსაცვლელი ოთახის დამატებაა ქალებისთვის. ეს არის მთლიანი ინვესტიცია, დანარჩენი ‒ ცნობიერების ამაღლებაა, უნარების გავარჯიშება და ქალებისთვის აქტიურად იმის ახსნა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ავტობუსის მძღოლობამ ზუსტად ისე, როგორც ვცდილობთ, კაცებს ავუხსნათ ექთნად მუშაობის სარგებელი. ამდენად, ინკლუზიურობა არ გულისხმობს მხოლოდ ქალებზე კონცენტრირებას ‒ არამედ, გულისხმობს სექტორების დაბალანსებას. თბილისის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მეტი და მეტი ქალი გვაკითხავს ტრენინგისთვის და ამიტომ, გვინდა, მისი რეპლიკაცია ყველა იმ მუნიციპალიტეტში, რომელთანაც ვმუშაობთ.

როგორ ფიქრობთ, ამ პროექტებით მოთხოვნას პასუხობთ თუ ქმნით?

ჩვენ ვცდილობთ, სექტორებს ვუბიძგოთ და წავახალისოთ. ჩვენს ყველა პროექტს აქვს რეფორმის კომპონენტი და ძალიან ხშირად, აქცენტს სწორედ ინკლუზიურობაზე ვსვამთ და ვცდილობთ, გავერკვეთ, როგორც შეგვიძლია ამა თუ იმ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩავრთოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე ჩართულები არ იყვნენ. კიდევ ერთი მაგალითია ‒ აგროსექტორი და კომპანია ჩირინა. მათ დავეხმარეთ ხორბლის მოყვანის ტრენინგებით, რადგან სურდათ საკუთარი მოყვანილი ხორბლით გამოეკვებათ თავიანთი ქათმები ‒ ეს საკმაოდ არატრადიციული გზაა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის კვალდაკვალ შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან კარგი, არა მხოლოდ ამ კომპანიისთვის ‒ არამედ, უფრო ფართოდ დარგის განვითარებისთვის.

აქვე ვახსენოთ ევექსიც…

ევექსთან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. წელს შევთანხმდით ისეთ პროექტზე, რომელიც სარგებელს მოუტანს უფრო მეტად სექტორს, ვიდრე თავად კომპანიას. კომპანია კარგად მუშაობს, ჩვენი დაფინანსება მათ შიდა საჭიროებებს ხმარდება, მაგრამ ევექსთან შევთანხმდით იმაზე, რომ გვჭირდება საექთნო საქმის კურიკულუმის განვითარება. პირველი ‒ ექთნებმა უნდა მიიღონ ის ცოდნა, რაც დღეს არის საჭირო ‒ მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. აქაც, ჩვენ ვცდილობთ დავაინტერესოთ ახალგაზრდა კაცები, რომ მათაც გამოსცადონ საკუთარი თავი ამ პროფესიაში. ამ შემთხვევაში, ამ პროექტში ჩართულია ევექსი, ჩართულია განათლების სამინისტრო, ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა კლინიკებიც.

როგორ ფიქრობთ, ინკლუზიურობაზე ზრუნვა კერძო სექტორის მხრიდან თვითრეგულირებადი და პროაქტიული სფერო უნდა იყოს, თუ უფრო მკაცრ და სავალდებულო ზომებსაც ემხრობით – ვთქვათ, კვოტირებას კერძო სექტორში?

კვოტირების თემა ძალიან რთული და საკამათო თემაა. აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტები. მაგალითად: მე რომ მხოლოდ იმიტომ დავესაქმებინე ვინმეს, რომ ამას კვოტა მოითხოვს, ამით ალბათ დიდად არ ვიამაყებდი. მაგრამ თუკი კვოტა იმას უზრუნველყოფდა, რომ ინტერვიუმდე მივაღწიე და შემდეგ ჩემი შესაძლებლობების მიხედვით განმსაჯეს ‒ ეს დიდ პრობლემას არ შემიქმნიდა. EBRD-იში ჩვენ ვამბობთ, რომ თუ საუკეთესო კანდიდატურებს შევარჩევთ, მაშინ ქალი და კაცი თანამშრომლების თანაფარდობა ბუნებრივად ნახევარ-ნახევარი იქნება. რეალურად, ეს მიდგომა ძალიან კარგად მუშაობს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე შვედი ვარ ‒ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გენდერული ბალანსის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს ‒ ამიტომ ზოგჯერ წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ შეიძლება კერძო სექტორის რეგულირება, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ცნობიერების ამაღლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და უკეთესი შედეგების მომტანიც.

რა მოაქვს მომავალს – რომელ სექტორებში აპირებთ თქვენი ძალისხმევის ინვესტირებას მეტი ინკლუზიურობისთვის?

შევხედავთ ტურიზმის სექტორს. აქცენტს გავაკეთებთ ახალგაზრდების ტრენინგზე. გადაივლის კოვიდი და იმედი მაქვს, რომ ისევ ბევრი ტურისტი იმოგზაურებს საქართველოში და მაშინ ძალიან დაგვჭირდება ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები, რომ ამ სექტორმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამიტომ ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, გავაქტიურდებით.