ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ბანკს 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი გამოუყო კორონავირუსის პერიოდში დაზარალებული ლოკალური კერძო ბიზნესების დასახმარებლად. აღნიშნული თანხა ძირითადად მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე სესხების გაცემას მოხმარდება. ეს სეგმენტი განსაკუთრებით მნიშნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და პრიორიტეტულია EBRD-სთვისაც.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად. 2020-2021 წლებში EBRD ჯამში 21 მილიარდ ევროს გამოყოფს 38 ბენეფიციარი ქვეყნის ეკონომიკების დასახმარებლად.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით ეს არის პირველი თანამშრომლობა EBRD-თან 2020 წელს, მსგავსი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა და მომსახურების შესათავაზებლად.
შეგახსენებთ, რომ EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია 3.8 მილიარდ ევროს აღემატება და ჯამში 251 კომპანიას მოიცავს, რომელთა 87% კერძო სექტორზე მოდის.