სანამ ჩემს რესპოდენტს გაგაცნობთ, თურქი მწერლის შირინ იელმენ ოქთარის და მისი წიგნის ‒ „ბალანსი საქმიანი დედის ცხოვრებაში“ შესახებ უნდა გიამბოთ. მწერალი იმ დედებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობასათან ერთად, იმაზეც უწევთ ფიქრი, როგორ შექმნან ბალანსი სამსახურსა და დედობას შორის. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მწერალმა ქალების ისტორიების თხრობით გადაწყვიტა.
Forbes Woman-თან საუბარში, შირინი წიგნის ქართველი გმირის მარიამ დუდუჩავს შთამბეჭდავ ამბავზე ამახვილებს ყურადღებას. „კარგად მახსოვს, მარიამთან პირველი შეხვედრა. ჩვენ მაშინვე დავმეგობრდით. აღფრთოვანებული ვარ, როგორ შეძლო მან შეექმნა ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად“, – გვიყვება შირინ იელმენ ოქთარი.
კითხვაზე, განსაზღვრავს თუ არა კულტურა და გეოგრაფიული მდებარეობა იმ დაბრკოლებებსა და წინაღობებს, რასაც ქალები აწყდებიან საზოგადოებაში, მწერლისგან საკმაოდ კონკრეტული პასუხი მივიღეთ:
„დიახ, მთელ მსოფლიოში ქალებს კვლავ უწევთ სისტემური ბარიერების გადალახვა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირება. მიუხედავად ქვეყნების ეკონომიკური თუ კულტურული ფაქტორების განსხვავებისა. ქართველ ქალებს, იმდენად ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ დედობას სხვა საქმიანობაც შეუთავსონ. მთავარია, მოახერხონ დროის სწორად მართვა და არასდროს შეწყვიტონ პიროვნული ზრდა“.
შირინ იელმენ ოქთარის თქმით: „უნდა ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს უნდა მივცეთ დასვენების საშუალება. 24 საათის განმავლობაში უნდა მოვასწროთ ძილიც, უნდა წავიდეთ სამსახურშიც და დროის გარკვეული ნაწილი შვილებსაც უნდა დავუთმოთ. იფიქრეთ ბალანსზე, ‒ ურჩევს ქალებს მწერალი, ‒ შეეცადეთ იპოვოთ სივრცე, სადაც შეძლებთ დაუთმოთ დრო საკუთარ თავს! დროის სწორი განაწილება გვეხმარება მიზნების მიღწევაში. აუცილებელია, დავიტოვოთ დრო დასვენებისთვის, მუდამ გახსოვდეთ, რომ სახლში თქვენ ხართ ის სინათლე, რომელიც ყველას სჭირდება“.
ქართველი ქალის ‒ მარიამ დუდუჩავას ისტორია გახდა მწერლისთვის ინსპირაცია. მარიამთან საუბრისას რთული არ არის მიხვდე, რატომ იქცა ის თურქი მწერლის შთაგონების წყაროდ. მისი ისტორია და საქმისადმი მიდგომა, მართლაც საოცრად შთამბეჭდავია.
მარიამ დუდუჩავას ადრეული ასაკიდანვე მოუწია სამსახურსა და ოჯახს შორის შუალედის პოვნა და როგორც ამბობს, ამ ბალანსს დღემდე იცავს. მისი მოღვაწეობა სადისტრიბუციო ინდუსტრიაში 20 წელზე მეტს ითვლის. იგი რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია, რომელთაგან ყველაზე მსხვილი კომპანია „ლიბო გრუპი“ 13 წლისაა. „ლიბო გრუპი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.
მარიამ დუდუჩავა: „დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში. გამომდინარე იქიდან, რომ უფროსი შვილი ვარ, დედის დახმარება და პატარა და-ძმაზე ზრუნვა მუდმივ რეჟიმში მიწევდა. ამ მოცემულობამ, გადაჭარბებული პასუხისმგებლობა ჩამომიყალიბა“.
„სკოლაში, ‒ იხსენებს ჩვენთან საუბრისას მარიამი, ‒ ყველაზე მეტად ტექნიკური საგნები მიყვარდა. ერთერთი, რაც კარგად გამომდიოდა მათემატიკა იყო. იმდენად კარგად, რომ სრულიად უსასყიდლოდ სხვებსაც ვამეცადინებდი. როცა სხვას ასწავლი, ორ საქმეს აკეთებ ‒ იღრმავებ ცოდნას, უფრო თავდაჯერებული ხდები და ამასთანავე, სხვებსაც ეხმარები. შემდეგ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი“.
ამბობს, რომ უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა პროფესიულთან ერთად, ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა შესძინა.
მარიამ დუდუჩავა: „სტუდენტობისას, კარგად გავაცნობიერე დამოუკიდებლობის ფასი. მოგეხსენებათ, რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს გაორმაგებული ძალებით უწევთ ცხოვრებასთან გამკლავება და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. პირველი შემოსავალი რეპეტიტორობიდან მივიღე და დავრწმუნდი, როგორი მნიშვნელოვანი იყო გქონდეს საკუთარი შემოსავალი. მივხვდი, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ხელი კი არ უნდა ჩაიქნიო, პირიქით ‒ გაორმაგებული ენთუზიაზმით უნდა გააგრძელო მიზნისკენ სწრაფვა. თავიდან უნივერსიტეტში იმდენად რთულად მეჩვენებოდა ყველაფერი, რომ გაქცევა მინდოდა. პირველად მაშინგავაანალიზე, რომ პრობლემა არა იმ ახალ გარემოში, არამედ ჩემში იყო და გარემოს შეცვლაზე კი არ უნდა მეფიქრა, არამედ მასში ჩემს ადაპტირებაზე“.
უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მწარე რეალობას შეეჯახა. „აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, სადაც თითოეული წევრი არსებობისთვის იბრძოდა, ხოლო უმეტესობას კი ამ ბრძოლისთვის ელემენტარული უნარ-ჩვევებიც კი არ ჰქონდა. ცხოვრების ამ რთულ პერიოდში, ბევრი რამის გაკეთება მომიწია ‒ ნამცხვრების ცხობიდან, მათი მაღაზიებში ჩაბარებით დამთავრებული. დღემდე პასუხისმგებლობის მძაფრი გრძნობა მაქვს და სწორედ ეს თვისება დამეხმარა იმ ურთულეს პერიოდში, მაქსიმალურად მეზრუნა ჩემს შვილებზე და ყველაფერი გამეკეთებინა მათი კეთილდღეობისთვის. ადრეულ ასაკში მომიწია შვილებზე ზრუნვის საკუთარ თავზე აღება და მივხვდი, რომ ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. შვილებისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა“, იხსენებს მარიამი.
კომპანია, რომელსაც მარიამ დუდუჩავა მართავს, ძირითადად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ცდილობს, რომ მათ სტიმული და მოტივაცია მისცეს: „ბევრ ახალგაზრდას სჭირდება თანადგომა. ჩემი კომპანია ბევრ ხელშემწყობ პირობებსა და პროგრამებს სთავაზობს მათ. მომავალ თაობაში უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს ვხედავ. მიმაჩნია, რომ ჩემი და უფროსი თაობის მშვიდი და უდარდელი სიბერის გარანტია ჩვენი მომავალი თაობაა. ვფიქრობ, კომპანიებმა უფრო მეტად უნდა წაახალისონ ახალგაზარდა კადრები, რადგან სწორედ ეს აქტივია, ყველა ჩვენგანის და ზოგადად, ქვეყნის წარმატების წინაპირობა“.
ინტერვიუს მსვლელობისას მარიამი იმ თვისებებზე გვიყვება, რომლებიც მისი აზრით, წარმატების მიღწევაში დაეხმარა. „ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გირჩევდით, რომ იყავით ერთგულები იმ საქმის, რასაც აკეთებთ. წარუმატებლობების მიუხედავად, თუ ნებისყოფასა და მიზანდასახულობას გამოიჩენთ, წარმატებას იმაზე სწრაფად მიაღწევთ, ვიდრე წარმოგედგინათ. მნიშვნელოვანია, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პატიოსნება როგორც საკუთარ თავთან და თანამშრომლებთან, ასევე პარტნიორებთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი წარმატების მისაღწევად, სხვებზე ზრუნვაა და ბოლოს, საკუთარი თავის რწმენის უნარი. უნდა გამოგიტყდეთ, ‒ გვეუბნება მარიამი, ‒ მე ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის და დღესაც ვეუბნები ჩემს თავს: „შენ ხარ ძლიერი! შენ ეს შეგიძლია! შენ ეს გამოგივა!“ თუ პირველივე წინააღმდეგობისთანავე ხელი ჩაიქნიეთ და დანებდით, არაფერი გამოვა. ფარ-ხმალს თუ არ დაყრით და იბრძოლებთ, მთელი სამყარო თქვენს სასიკეთოდ დაიწყებს მუშაობას. მთავარი ამ პროცესში წარუმატებლობასთან გამკლავების უნარია, ვფიქრობ, ოჯახის სიყვარული გმატებს იმ ძალას, რომელიც გეხმარება წარმატებამდე მიმავალ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს გაუმკლავდე და არ დანებდე, ახალი მიღწევები კი გავსებს იმ ენერგიით, რომელიც ახალი გამოწვევებისთვისაა საჭირო…“
ამბობს, რომ საკუთარ საქმესა და ოჯახს შორის დროის სწორად გადანაწილებამ ბევრი სირთულე დააძლევინა.
მარიამ დუდუჩავა: „ბევრი სირთულე გამოვიარე, თუმცა ჩემ გვერდით მუდამ იდგა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები… ბიზნესი გახდა შესაძლებლობა, ჩემი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვერასდროს დავეთანხმები იმ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ შვილები ხელს უშლიან კარიერაში. მნიშვნელოვანია, ბიზნესსა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობის შენარჩუნება შევძლოთ. მიმაჩნია, რომ მე, პირველ რიგში, დედა ვარ და მერე ‒ ბიზნესმენი, თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მთავარია, დროს და რესურსებს როგორ გადაანაწილებთ. შეიძლება შვილებთან მთელი დღე გაატაროთ, თუმცა რეალურად, სულაც არ იყოთ მათთან და ისევ სამსახურის საქმეები აკეთოთ, ან მხოლოდ ერთი საათი დაუთმოთ ბავშვებს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში უზარმაზარი სიყვარული გაუზიაროთ. კარგი შვილებიც დედის წარმატებაა და ამ წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.
მარიამს მიაჩნია, რომ „ქალები ყველა ასაკში საქმით უნდა იყვნენ დაკავებულები და მუდმივად ვითარდებოდნენ“. ქალების უსაზღვრო პოტენციალსა და შესაძლებლობებს ის კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს აყენებს. ფიქრობს, რომ ქალებს ბიოლოგიურად მინიჭებული აქვთ სხვებზე ზრუნვის უნიკალური უნარი, რომელსაც სასწაულის მოხდენა შეუძლია.
„ბევრი ქალი უნდა იყოს ყველგან, ყველა სფეროში! ქალების როლი საზოგადოებაში განუსაზღვრელი და იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია“, – გვეუბნება ინტერვიუს დასასრულს მარიამ დუდუჩავა.
წიგნის ‒ „ბალანსი საქმიანი დედის ცხოვრებაში“, რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად ჩაერიცხება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დახმარების ფონდს საქართველოში.
ფოტო: ანა ბოკო